სიახლეები

ბრაზილიური დუბლი უკრაინული დესერტით

გაუზიარე
18 მარტი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 150 მაყურებელი

სიონი - შუქურა 1:3


1:0 საჯაია (16), 1:1 პაულო ვიქტორი (30), 1:2 პაულო ვიქტორი (43), 1:3 პუკანიჩი (52)


სიონი: მერლანი, ქებურია, ცნობილაძე, გურეშიძე, დ. საჯაია, ცხადაია (ჭიკაიძე 55), გოგობერიშვილი, ზ. ლობჟანიძე (უგულავა 46), ჭანკოტაძე, მიქაბერიძე (არაუჟო 55), დ. სიჭინავა

სათადარიგოები: ბათიაშვილი; ჯინჭარაშვილი, დ. სვანიძე, ოთარაშვილი 

მწვრთნელი: ლადო ბურდული

შუქურა: ჯიოევი, ტვილდიანი, ხოჭოლავა, გ. გურული, ჩალაძე, თუხარელი (ტაკიძე 82), პუკანიჩი, კუხიანიძე, ლუიზინიო (ჩაფიძე 65), ჩელებაძე, პაულო ვიქტორი (ც. მესხი 86)

სათადარიგოები: კაკალაძე; მალანია, მჟავანაძე, ზ. მეტრეველი

მწვრთნელი: გელა სანაია

გაფრთხილება: გურეშიძე (15), ცნობილაძე (32), ხოჭოლავა (50), ჭანკოტაძე (60)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

ზედიზედ მესამედ წააგო ბოლნისის სიონმა ორბურთიანი სხვაობით და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობა გვარიანად გაირთულა. არადა, 1 მარტს, იმავე "მიხეილ მესხზე", როცა ლიდერ თბილისის დინამოს სენსაციურად მოუგეს 2:1, წესით, ამ შედეგს ბოლნისელებზე დადებითად უნდა ემოქმედა, პირიქით კი მოხდა - 1:3 სამტრედიასთან, 2:4 ზესტაფონთან და გუშინ შუქურასთან 1:3.
მატჩი საკმაოდ დუნედ დაიწყო, თუმცა თავიდანვე გამოიკვეთა ბოლნისელთა უპირატესობა, რაც მე-16 წუთზე გატანილ გოლშიც აისახა - ბოლნისელებმა სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, მეტოქის საჯარიმოს მიახლოებულმა გიორგი ჭანკოტაძემ თითქოს დაუგვიანა პასი მარჯვნიდან შეჭრილ დათა სიჭინავას, მაგრამ გადაცემა მაინც დროული გამოუვიდა, სიჭინავამაც უმალ კარის წინ ჩააწოდა, ამ პასს შეტევაში ჩართული მარცხენა მცველი დავით საჯაია გამოეხმაურა და უმეთვალყურეოდ მიტოვებულმა აზამატ ჯიოევს უპრობლემოდ გაუტანა - 1:0.
გაშვებულმა გოლმა შუქურას ჩამოყოლილი ოცამდე გულშემატკივარი აახმაურა, ისინი მთელი შეხვედრის მანძილზე ენერგიულად ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს. ვერ გეტყვით, ქომაგობამ რამდენად შეაგულიანა ქობულეთელები, მაგრამ ფაქტია, გელა სანაიას დამოძღვრილებმა თამაში აშკარად გამოასწორეს, მეტოქეს აშკარად აჯობეს და შინ დამსახურებულადაც გაიყოლეს სამი ქულა.
შუქურამ 30-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ ეს იმდენად მოულოდნელად მოხდა, ქობულეთელებსაც კი გაუკვირდათ - დაჩი ცნობილაძემ მეკარეს უკან დაუბრუნა ბურთი, რომელსაც ბრაზილიელი პაულო ვიქტორი აედევნა, უწყინარ სიტუაციაში ბოლნისელთა მეორე ცენტრალურმა მცველმა სანდრო გურეშიძემ სცადა კარიდან გამოსული მირზა მერლანის დაზღვევა, მაგრამ რატომღაც ორივე დაიბნა, მათი შეუთანხმებელი მოქმედებით კი უმალ ისარგებლა სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა და მშვიდად შეაგორა ბურთი კარში.
ტაიმის მიწურულს პაულო ვიქტორმა დუბლიც გაიფორმა, როცა მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე თუხარელის ჩაკიდულს შეაგება თავური. გურეშიძე და მერლანი აქაც შეცდნენ, რადგან მეკარეს გამოსვლა მართებდა, მცველს კი ბრაზილიელმა დასწრებაზე აჯობა.
მეორე ნახევარში ლადო ბურდულმა სწრაფი შეცვლებით სცადა ვითარების გამოსწორება, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი იქით შექმნეს ქობულეთელებმა - შუქურას 99-ე ნომერი ჰეთ თრიქს გაახერხებდა, მეკარისგან შორეულ კუთხეში დაბალი დარტმული ზუსტი რომ ყოფილიყო.
ბრაზილიელს ვერა, მაგრამ 52-ე წუთზე ზუსტი გამოუვიდა დარტყმა სტუმართა უკრაინელ ლეგიონერ ანდრიან პუკანიჩს, რომელსაც ცოტა ხანში ჯარიმითაც შეეძლო ეხეირა და, პაულო ვიქტორის დარად, თავადაც გაეფორმებინა დუბლი, თუმცა მერლანმა ჩინებული ნახტომით ბურთი კუთხურზე გადააგდო.
უკვე ვთქვი, რომ მთლიანობაში შუქურამ აშკარად დაჯაბნა სიონი, თავისი მომენტებიც გამოიყენა და მეტოქესაცთავის თამაშს კარნახობდა. ანგარიში 1:3 გახლდათ, საქმეც თითქმის მოთავებული იყო და დაახლოებით 70-ე წუთიდან ქობულეთელებმა უკან დაიხიეს, სიონს შეგნებულად დაუთმეს ბურთზე კონტროლი, თვითონ კი სწრაფ კონტრშეტევებზე გადაეწყვნენ.
ამ პერიოდში ბოლნისელებმა ორი მომენტი შექმნეს - ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილ დათა სიჭინავას შეეძლო გატანა, მაგრამ ჯიოევს ვერ აჯობა, მერე კი ქობულეთელთა გოლკიპერმა ცნობილაძის თავურიც მოიგერია.
და ერთიც: თამაშამდე ყურს მოჰკრავდით საუბრებს, რომ შუქურასთან მარცხის შემთხვევაში სიონის თავკაცი გადადგომაზე გააკეთებდა განცხადებას, მაგრამ ნამატჩევს ლადო ბურდულს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

გიორგი ვაშაკიძე