სიახლეები

ბათუმელები გალიდერდნენ !

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
„ცხინვალი“ ცხინვალი - „დინამო“ ბათუმი 0-1 

გოლი: 43’ ვაჟა ქორიძე („დინამო“)

გაფრთხილება: 90’ ლაშა შინდაგორიძე („ცხინვალი“)

ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო ბათუმის „დინამომ“ და ამის შედეგად გათამასების ცხრილის სათავეშიც მოექცა. დღეს ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა ქონდათ, ისინი „ცხინვალს“ ეწვივნენ და მინიმალური ანგარიშით, 0-1, დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 43-ე წუთზე გავიდა, გოლი აჭარელთა მცველის ვაჯა ქორიძის ანგარიშზეა. 


„დილა“ გორი - „ჩიხურა“ საჩხერე 2-1

გოლი: 8’, 72’ ირაკლი მოდებაძე („დილა“), 84’ ბესიკ დეკანოიძე („ჩიხურა“)

გაფრთხილება: 63’ სერგეი ლიობჩაკი („ჩიხურა“)

დაბრუნებაც ასეთი უნდა, რამდენიმე კვირიანი ტრავმის შემდეგ ირაკლი მოდებაძე მოედანს დაუბრუნდა და საკუთარი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გოლებიც გაიტანა. 21-ე ტურში გორელებმა „ჩიხურას“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით, 2-1, იმარჯვეს. „მორემ“ პირველი გოლის გატანა მე-8 წუთზე მოახერხა და ადრეული გოლით საკუთარ გუნდს საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა. გამოცდილმა თავდამსხმელმა დუბლი 72-ე წუთზე გაიფორმა და ქართლელთა გამარჯვება ფაქტიურად გარდაუვალი გახადა. მატჩის მიწურულს იმერლებმა ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს, 84-ე წუთზე თავი ბესიკ დეკანოიძემ გამოიჩინა. 



„კოლხეთი“ ფოთი - „დინამო“ თბილისი 0-0

მნიშვნელოვან ქულებთან ერთად თბილისელებმა ლიდერობაც დაკარგეს, მათ ბათუმის „დინამოს“ გადასწრების საშუალება მისცეს და 21-ე ტურის შემდეგ მეორე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, უნდა ითქვას, რომ დინამოელებმა საკუთარი თამაშის ჩვენება ვერ მოახერხეს და ფრე ლოგიკური შედეგია. ის კი, არა ფოთელებს რიგ მომენტებში უფრო ხეირიანად, რომ ეთამაშათ ძლიერ მეტოქესთან სამი ქულის აღებაც შეეძლოთ. მოკლედ ასეა თუ ისეა, დედაქალაქელებმა ლიდერობა დაკარგეს და ჩემპიონობის შესანარჩუნებლად წინ დიდი ბრძოლები ელით. 



„ტორპედო“ ქუთაისი - „სამტრედია“ სამტრედია 3-1

გოლი: 41’ ოთარ კვერნაძე, 57’ გიორგი ქიმაძე (ა.გ), 59’ ირაკლი კლიმიაშვილი, 76’ ბექა ტუღუში (ყველა „ტორპედო“)

გაფრთხილება: 23’ გიორგი დათუნაშვილი, 24’ გიგა ბეჭვაია (ორივე „სამტრედია“), 36’ გიორგი ქიმაძე, 62’ ირაკლი კლიმიაშვილი (ორივე „ტორპედო“)

21-ე ტურის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა შეხვედრამ გულშემატკივართა მოლოდინი სრულად გაამართლა და იმერული დერბი ტრადიციულად კარგი საყურებელი გამოდგა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, 41-ე წუთზე ტორპედოელთა, ახალგაზრდა ფორვარდმა, ოთარ კვერნაძემ, გაიტანა. მეორე ნახევარ მასპინძელთათვის არც თუ ისე სასიამოვნოდ დაიწყო, 57-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ავტოგოლმა რიონისპირელები არ დააბნია და ზუსტად ორ წუთში ირაკლი კლიმიაშვილმა სტატუს-კვო აღადგინა. შეხვედრის მიწურულს „ტორპედომ“ კიდევ ერთხელ გაახარა საკუთარი გულშემატკივარი, 76-ე წუთზე ბექა ტუღუშმა საბოლოო ანგრიში დააფიქსირა.



„მერანი“ მარტვილი - „გურია“ ლანჩხუთი 1-0

გოლი: 66’ ლევან გეგეჭკორი („მერანი“)

გაფრთხილება: 34’ გიორგი მჭედლიშვილი („გურია“), 42’ ნოდარ კიკნაველიძე („მერანი“), 46’ დიმიტრი ზოზულია, 54’ ერეკლე კილაძე (ორივე „გურია“), 55’ ვაჟა ლომაშვილი, 62’ აკაკი შულაია (ორივე „მერანი“), 76’ შოთა გაბრიჭიძე, 85’ ლევან ინგოროყვა (ორივე „გურია“)

შვიდ მატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ მარტვილის „მერანმა“ გამარჯვება იზეიმა. მარტვილელებმა „მურთაზ ხურცილავაზე“ „გურიას“ უმასპინძლეს და ლევან გეგეჭკორის გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს სტუმრები. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ეს ყვითელი ბარათების რაოდენობიდანაც კარგად ჩანს, ორივე გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა და ეს დაძაბულობა სწორედ ამით იყო გამოწვეული. როგორც უკვე მოგახსენეთ თამაშის ერთადერთი გოლი ლევან გეგეჭკორი ანგარიშზეა, მან თავის გამოჩენა 66-ე წუთზე მოახერხა. 



„შუქურა“ ქობულეთი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 3-1

გოლი: 61’ თორნიკე თუხარელი, 70’ გიორგი ჩელებაძე, 72’ ადრიან პუკანიჩი (სამივე „შუქურა“), 87’ მალხაზ გაგოშიძე („ზესტაფონი“)

გაფრთხილება: 13’ ლაშა ჩალაძე („შუქურა“), 42’ გურამ სამუშია, 84’ ოთარ ხიზანეიშვილი (ორივე „ზესტაფონი)

წარმატებულ სვლას განარგძობს ქობულეთის „შუქურა“, ქობულეთლებმა ამჯერად „ზესტაფონი“ დაამარცხეს. „ჩელე არენაზე“ გამართული მატჩი უხვგოლიანი გამოდგა, მასპინძლებმა იმერლები ანაგრიშით, 3-1, დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ყველა გოლი თამაშის ბოლო 30 წუთეულში გავიდა. ანაგრიში 61-ე წუთზე თორნიკე თუხარელმა გახსნა, ამას მალევე ჩელებაძისა და პუკანიჩის გოლებიც მოჰყვა, პირველმა მათგანმა თავი 70-ე წუთზე გამოიჩინა, უკრაინელმა ლეგიონერმა კი, 72-ეზე შეაგდო. მარგველებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს, ეს 87-ე წუთზე მალხაზ გაგოშიძემ გააკეთა. 



„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 2-0

გოლი: 17’ ელგუჯა ლობჟანიძე, 40’ ვანო კურდღელაშვილი (ორივე „ვიტ-ჯორჯია“)

გაფრთხილება: 34 რევაზ ჩიტიშვილი („ვიტ-ჯორჯია“)

როგორც ჩანს „ვიტ-ჯორჯიაში“ მწვრთნელის ცვლილებამ გაამართლა და დანიშვნიდან ორი ტურის შემდეგ თენგიზ კობიაშვილმა გუნდს პირველი სამი ქულაც მოაპოვებინა. ისიც უნდა ითქვას, რომ ვეტერინარებმა გასულ ტურშიც ნორმალურად იასპარეზეს და გათამასების ლიდერ, ბათუმის „დინამოს“, სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართეს. ამჯერად მათი მეტოქე „ზუგდიდი“ იყო და ვიტელებმა 2-0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, ზედიზედ მეორე მატჩში გოლის გატანა ელგუჯა გრიგალაშვილმა მოახერხა. საბოლოო ანაგრიში პირველი ტაიმის მიწურულს დაფიქსირდა, მე-40 წუთზე გოლის ავტორად „ვიტ-ჯორჯიას“ ერთ-ერთი ყველა გამორჩეული მოთამაშე, ვანო კურდღელაშვილი მოგვევლინა. ამ გამარჯვებით თბილისელებმა უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები შეინარჩუნეს.



„მეტალურგი“ რუსთავი - „სიონი“ ბოლნისი 1-2

გოლი: 27’ ლუკა ნოზაძე („მეტალურგი“), 68’ დათა სიჭინავა, 84’ ჯაბა უგულავა (ორივე „სიონი“)

გაფრთხილება: 56’ ზურაბ გელაშვილი („მეტალურგი“), 58’ პაპუნა მოსემღვდილიშვილი („სიონი“), 74’ გრიგოლ ბედიაშვილი, 87’ გიორგი ნარიმანიძე (ორივე „მეტალურგი“)

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ „სიონმა“ გამარჯვების გემო გაიხსენა. ბოლნისელები რუსთავს ესტუმრნენ და ადგილობრივი „მეტალურგი“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 27-ე წუთზე თავი ლუკა ნოზაძემ გამოიჩინა. როგორც უკვე მოგახსენეთ რუსთაველებმა მედგარი წინააღდეგობა გაუწიეს მეტოქეს და ლადო ბურდულის შეგირდებმაც თამაშის მიწურულსღა მოახერხეს უპირატესობის მოპოვება. ჯერ 68-ე წუთზე დათა სიჭინავამ აღადგინა წონასწორობა, შემდეგ კი, 84-ე ჯაბა უგულავამ გაიტანა გამარჯვების გოლი. 




აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„ტორპედო“ ქუთაისი - „სამტრედია“ სამტრედია
„შუქურა“ ქობულეთი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი
„კოლხეთი“ ფოთი - „დინამო“ თბილისი
„დილა“ გორი - „ჩიხურა“ საჩხერე

ფოტო/ვიდეო: ოთო მუმლაძე, www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fcdila.ge, www.fczestafoni.ge, www.facebook.com/fcmerani, www.facebook.com/Fc-Sioni-Bolnisiსკ-სიონი-ბოლნისი

სფფ-ის პრესსამსახური