სიახლეები

ქართული ლეგიონი : ვაწაძემ გოლი გაიხსენა, ვიტესი ისევ იგებს

გაუზიარე

თურქეთში ქასიმფაშამ პირველი ტაიმი 2:0 მოუგო სტამბოლის გალათასარაის, მაგრამ თამაში რომ დასრულდა, ტაბლოზე 2:3 ეწერა. "გალამ" 13-წუთიან მონაკვეთში სამჯერ გაუტანა ქასიმფაშას და შოთა არველაძის შემცვლელ მწვრთნელ იან ვოუტერსს დებიუტი ჩაუმწარა. 

ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა და კონკრეტულად მისი ბრალი არცერთი გოლი არ ყოფილა. ქასიმფაშა მეთერთმეტე ადგილამდე დაქვეითდა. 

ჰოლანდიაში არნემის ვიტესმა გასვლაზე 2:0 მოუგო გოუ ეჰედ იგლზს და მეხუთე პოზიციაზეა. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს. ვიტესს ბოლო ცხრა მატჩში რვა მოგება და ერთი ფრე აქვს...

ლევან ყენიას სლავიამ ჩეხეთში 0:3 წააგო გასვლაზე ბრნოსთან. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ჩაატარა მატჩი და ბოლო წუთებზე გაფრთხილებაც მიიღო. ყენიამ წინა მატჩები გაცილებით უკეთ ჩაატარა. სლავიას რაც შეეხება, მეთერთმეტე ადგილზეა.  

კვიპროსზე, ქვედა ექვსეულში ოთელოსმა შინ 0:2 წააგო ნეა სალამისთან. მასპინძელთა შორის როინ კვასხვაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნეა სალამისში ასევე 90 წუთი გაისარჯა გიორგი პაპავა. ტრავმების გამო არ იყვნენ შოთა გრიგალაშვილი (ნეა სალამისსი) და ლევან ხმალაძე (ოთელოსი). 

კვასხვაძემ ორი რთული ბურთი აიღო, მაგრამ მეორე გაშვებული გოლი მისი ბრალი იყო. ოთელოსი ბოლო ადგილზეა, ნეა სალამისი კი ბოლოდან მეოთხეზე. 

ასევე კვიპროსზე, გიორგი აბურჯანიასა და ირაკლი მაისურაძის ანორთოსისმა უჩა ლობჟანიძის ომონიას უმასპინძლა და 1:3 წააგო. მაისურაძე თავიდან სკამზე იყო და მე-80 წუთზე სწორედ აბურჯანია შეცვალა. ლობჟანიძემ კი შეუცვლელად ითამაშა. ანორთოსისი მეოთხე ადგილზეა, ხოლო ომონია - მეხუთეზე. 

დანიის პირველ ლიგაში მათე ვაწაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გაახერხა. ორჰუსი შინ 0:2-ს აგებდა და 2:2 ითამაშა. ვაწაძე შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე, ჯერ ობეხს გაატანინა, მერე კი თავად შეაგდო, როცა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მიუვიდა. 

ორჰუსელმა დავით სხირტლაძემ ბოლო შვიდი წუთი ითამაშა, რაც შეეხება დავით დევდარიანს, მას წელის ტრავმა აქვს. ვაწაძისთვის კი ეს მეთერთმეტე გოლი იყო სეზონში, ეგაა, ბოლოს 6 ნოემბერს ჰქონდა გატანილი. თუმცა მათე მაინც მეორე ადგილზეა დანიის პირველი ლიგის ბომბარდირთა შორის.   

უნგრეთში დიორმა გიორგი ქვილითაიას გარეშე აჯობა დუნაივაროშს - 2:0. დიორი მეცხრეზეა, ქვილითაია კი განაცხადშიც არ იყო, რისი მიზეზიც ტრავმაა. 

უნგრეთშივე, ნირედიჰაზამ სტუმრად 1:0 მოუგო ლომბარდ პაპას. გამარჯვებულთა შორის სასტარტოში იყო და 66-ე წუთამდე გაისარჯა ზურაბ არზიანი, ხოლო დავით დარციმელია სათადარიგო იყო. ქართველების გუნდი მეთერთმეტეზეა თექვსმეტ კლუბს შორის.  

პოლონეთის ჩემპიონატში საოცრებას სჩადის აუტსაიდერი ზავიშა, სადაც გიორგი ალავერდაშვილი ირიცხება. ზავიშა თითქოს უიმედოდ იყო ბოლო ადგილზე, მაგრამ წლეულს ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ჯერ კიდევ ბოლოზე არიან. ამჯერად ხოჟუვის რუხს სტუმრად 2:1 სძლიეს. ალავერდაშვილმა ბოლო 20 წუთი ითამაშა...   

პოლონეთშივე, იაგელონიამ სტუმრად 0:1 წააგო პოდბესკიძესთან და მესამე ადგილზეა. გიორგი ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა (გაფრთხილება მიიღო), ხოლო ნიკა ძალამიძე 84-ე წუთზე შეცვალეს. იაგელონიას ჰქონდა მომენტები, ძალამიძეც მწვავედ თამაშობდა, მაგრამ...

რუმინეთში გიორგი ჭანტურიას კლუჟმა შინ წააგო პეტროლულთან - 0:1. ქართველი შემტევი თავიდან არ იყო სასტარტოში და მე-18 წუთზე შეიყვანეს. 

პორტუგალიაში ავთო ებრალიძის ჟილ ვისენტემ სტუმრად 1:3 წააგო არუკასთან და ბოლოსწინა პოზიციაზეა. ავთომ ბოლო 40 წუთი ითამაშა.  

ერთიც, ნორვეგიულ სტაბეკში 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ გაიტანა, კერძოდ, ნორვეგიულვე სარპსბორგთან ამხანაგურ მატჩში. გოროზია სასტარტოში გახლდათ და 30-ე წუთზე გაიტანა, შეხვედრა კი 2:2 დასრულდა.    

ილია ნანობაშვილი