სიახლეები

ვიტ ჯორჯია ბრძოლას აგრძელებს

გაუზიარე
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 2:0

22 მარტი. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 200 მაყურებელი.


1:0 ლობჯანიძე (11) 2:0კურდღელაშვილი (39)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, მაისურაძე, გახარია, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ხვისტანი 88), კახაბრიშვილი (ღიბრაძე 74), საბაძე, ლობჯანიძე (კუხალეიშვილი 85)

სათადარიგოები: ისერგიშვილი, დანელია, გიორგაძე, დადიანი

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე (ქირია 76), ღონღაძე, აკობია, ენდელაძე, კობერიძე, გუგუჩია, კუტალია, წურწუმია (ფარჯიკია 46), ლომია (კუკავა 60), ეხვაია

სათადარიგოები: ივარდავა, მეგრელიშვილი, სამუშია, პაჭკორია.

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გაფრთხილება: კახაბრიშვილი (32), ჩიტიშვილი (35), მაჩაიძე (55), ენდელაძე (70), კუტალია (80), კობერიძე (82)
მსაჯი: დავით სანოძე



მას შემდეგ, რაც ვიტ ჯორჯია თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა, გუნდმა თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესა. ჯერ იყო ტორპედოსთან მოსაგები შეხვედრა უიღბლობის გამო წააგო, რასაც ქობულეთში ბოლომდე ბრძოლა და ბათუმთან მარცხი მოჰყვა. ბათუმელებს ახლა აშკარად უკეთესი გუნდი ჰყავთ და ეს შედეგი გასაკვირი სულაც არ იყო, გუშინ კი ვიტ ჯორჯიამ ახალი მწვრთნელის თავკაცობით პირველად მოიგო და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა შეჰმატა აქტივს.

მასპინძელთა პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა. კახაბრიშვილის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ლობჯანიძემ ვარდნაში ეფექტური დარტყმით გადაგზავნა ზუგდიდელთა კარში. პირველ ტაიმში ვიტ ჯორჯიას ამის შემდეგაც არაერთხელ შეეძლო გატანა. ჯერ საბაძის პასის შემდეგ კახაბრიშვილს მართებდა ანგარიშში სხვაობის გაზრდა, მაგრამ მას სტუმართა მეკარე მინდია ბობღიაშვილმა  არ გაატანინა. კურდღელაშვილის დარტმის შემდეგ კი ბობღიაშვილს ძალიან გაუჭირდებოდა თავისი გუნდის კიდევ ერთხელ გადარჩენა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და სიტუაციაც განიმუხტა. ზუგდიდელთა მხრიდან კი ყველაზე რეალური მომენტი ლუკა გუგუჩიას ქონდა. ეს ბიჭი ძალიან კარგად ურტყამს საჯარიმო დარტყმებს და ახლაც საჯარიმოდან ცდილობდა ეფექტური გოლის გატანას, მაგრამ დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა. 

შესვენებაზე ვიტ ჯორჯია მაინც ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. ვანო კურდღელაშვილს სტუმართა მცველებმა ბურთის მიღებაც აცალეს, დამუშავებაც და კარში დარტყმაც. მასპინძელთა ნახევარმცველს კი მიზანმა არ უმტყუნა და - 2:0.

მეორე ტაიმში მდგომარეობის გამოსწორება ბესიკ შეროზიამ ცვლილებებით სცადა, მაგრამ გუშინ ზუგდიდელთა დღე ნამდვილად არ იყო და შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს თამაშის სურათი დიდი არაფრით შეუცვლიათ. აღსანიშნავია, რომ შეროზიამ მეორე ტაიმში მოედნიდან გაიყვანა კაპიტანი შოთა ლომია, რომელსაც მცხეთაში თამაში არ მისდიოდა, არადა მიმდინარე სეზონში ლომია ზუგდიდელთა რიგებში აშკარად საუკეთესოა.

სტუმართა მხრიდან ყველაზე მეტს ეხვაია ცდილობდა და ორჯერ თავით ძალიან სახიფათოთაც დაარტყა. პირველ შემთხვევაში ვიტ ჯორჯია ხარიხამ იხსნა, მეორეში კი დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. მასპინძლები კი ძირითად აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებდნენ და არაერთხელ მიეცემოდათ ანგარიშის გაზრდის საშუალება, მაგრამ ბოლო პასის გაკეთებას აგვიანებდნენ და ამის გამო არაერთხელ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში.

საბოლოოდ, ვიტ ჯორჯიამ დამსახურებულად მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ბოლო ადგილზეა, დარჩენილ შეხვედრებშიც თუ ასე ითამაშებს, უმაღლესში ადგილის შენარჩუნება ნამდვილად შეეძლება. ზუგდიდმა გუშინ აშკარად უკეთესის სურვილი დატოვა, მაგრამ ბესიკ შეროზიას გუნდს უძლიერესთა შორის დარჩენა ნამდვილად შეუძლია.

ახლა სანაკრებო პაუზაა, რომლის შემდეგ ზუგდიდი ცხინვალს უმასპინძლებს. ვიტ ჯორჯიას კი ლანჩხუთში ადგილობრივ გურიასთან ელის რთული თამაში.

პაატა ძნელაძე