სიახლეები

ის, რაც გიოტცემ გააკეთა

გაუზიარე

...ის დიდებული ეპიზოდი გაგვახსენდა, დენის ბერხკამპმა რომ აჩუქა მსოფლიოს, ეს იყო ინგლისის პრემიერლიგაში, ნიუკასლ-არსენალის მატჩში. მაშინ ჰოლანდიელმა ისე იმოძრავა, ისეთი ფინტი დახლართა, იტყოდი, ბუნების კანონი დაარღვიაო. რამ გაგვახსენა ბერხკამპის სუპერგოლი? 

ის, რაც მარიო გიოტცემ კვირას თბილისში, საქართველოს ნაკრებთან თამაშის 39-ე წუთზე გაახერხა, ბერხკამპის მოძრაობას ჰგავდა. გიოტცეს არ გაუტანია, თუმცა ხონჩასავით დაუდო ბურთი ძველ თანაკლუბელსა და მეგობარს მარკო როისს. 

გავიხსენოთ: გიოტცეს საჯარიმოს გარეთ მისდის ბურთი, მაგრამ კი არ აჩერებს, ერთი შეხებით უცნაურად ჰაერში აგდებს და გურამ კაშიას უსაქმოდ ტოვებს. თავიდან გვეგონა, რომ კაშია შეცდა, მაგრამ, როცა ეპიზოდი გავიაზრეთ... მარიო ისეთ მოძრაობას აკეთებს, რომ გურამი იქ ვერაფერს იზამს, ერთადერთი, ჯარიმას თუ აიკიდებს, საჯარიმოს ხაზთან ჯარიმის აკიდება კი როგორია... 

მივყვეთ ეპიზოდს: გიოტცე ამ ფინტის მერე საჯარიმოს ხაზთანაა, კაშია უკვე მოტყუებულია, მასთან გადმოდის ლაშა დვალი, მაგრამ გერმანელი ნახევარმეტრიან მონაკვეთში ატყუებს დვალს, თანაც, აქ ძნელია რამე მოიმოქმედო – დვალის კონტაქტი და პენალტია. მოკლედ, გიოტცე ლაშას იშორებს და მარცხნიდან შემორბის ნავალოვსკი, რომელიც ვარდნაში ცდილობს ბურთის წართმევას, თუმცა უკვე უიმედო მდგომარეობაა. ნავალოვსკი და მის ზურგსუკან მყოფი სოლომონ კვირკველია ერთმანეთს ეჯახებიან. რომც არ დაჯახებოდნენ, გიოტცეს უკვე მომგებიანი პოზიცია უჭირავს და ბურთი მისია. 

გიოტცეს ოდნავ მარცხნივ როისია, რომელიც მომენტალურად ურტყამს და გააქვს. აი, როისის უკან კი უჩა ლობჟანიძე იდგა. სამწუხაროდ, უკან ედგა...

გიოტცეს ეს საოცარი ფინტაობა და როისის დარტყმა წამებში მოხდა. უმაღლესი კლასის შესრულება იყო, მუნდიალის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორმა დაახლოებით ხუთმეტრიან მონაკვეთში დახლართა დაცვა. სილამაზით ბერხკამპის ის ერთი მოძრაობა უფრო ლამაზი და უფრო ძნელი შესასრულებელი იყო, მაგრამ გიოტცეს მოქმედების უპირატესობა ისაა, რომ კაშიასთან ფინტის შემდეგაც ორი ტექნიკური მოძრაობა გააკეთა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კვირას დიდ გუნდთან წავაგეთ. გუნდთან, რომელსაც უმაღლესი კლასის შემსრულებლები ჰყავს.

ილია ნანობაშვილი