სიახლეები

ყენია და ნოიერი: ერთნაირი დასაწყისი განსხვავებული გაგრძელებით

გაუზიარე

ლევან ყენია, მანუელ ნოიერი, მესუთ იოზილი, ბენედიქტ ჰიოვედესი – ისინი ერთად იყვნენ გელზენკირხენის შალკეში. დავაკონკრეტოთ: როცა ყენია შალკეს 19-წლამდელებიდან ძირითად გუნდში დააწინაურეს, იოზილიც დაახლოებით იმ დროს გადავიდა ვერდერში, აი, ნოიერსა და ჰიოვედესს კი ლევანი კარგად იცნობს. 

კვირას, საქართველო-გერმანიის მატჩისას ყენია და ნოიერი მინდორზე გაესაუბრნენ ერთმანეთს. პირველად ეს მოხდა მაშინ, როცა მინდორზე გულშემატკივრები შევარდნენ და თამაში შეჩერდა, მეორედ კი, საფინალო სასტვენის შემდეგ. 

მსოფლიოს საუკეთესო მეკარემ, 2014 წლის ნომერ მესამე ფეხბურთელმა ხელი გადახვია ქართველ ნახევარმცველს და ამის შემხედვარე, აბა, როგორ არ დაგწყდებოდა გული... ნოიერი 20 წლისა მიიყვანეს შალკეს ძირითად გუნდში, ყენია კი 18 წლისა უკვე ბუნდესლიგაში თამაშობდა და ივან რაკიტიჩი სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა. ის რაკიტიჩი, დღეს ლეო მესის, ნეიმარის, ლუის სუარესისა და ანდრეს ინიესტას გვერდით რომ თამაშობს. ეს მოიტანა ტრავმებმა და უიღბლობამ. 

საინტერესოა, რას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში ყენია და ნოიერი. 

"ისეთი არაფერი, პრესისთვის სათქმელად რომ ღირდეს... უბრალოდ, შალკეში გატარებული დრო გავიხსენეთ ერთი-ორი სიტყვით. დასაწერი მართლა არაფერია. ნოიერი როგორი მეკარეცაა, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია და როგორც პიროვნებაც ძალიან სასიამოვნოა" – გვითხრა ყენიამ. 

ნამატჩევსვე მოედნის ცენტრში ყენია, ნოიერი და გიორგი ლორია შეიკრიბნენ. მეკარეებმა მაისურები გაცვალეს, ყენია, ასე ვთქვათ, შუამავალი გამოდგა ამ "ბარტერში". 
"დიახ, ლორიამ მთხოვა. ნოიერი ის ტიპი არაა, უარი ეთქვა და ცხვირი აეწია". 

რაც შეეხება ჰიოვედესს, ყენიამ გვითხრა, რომ ისიც ნახა და ელაპარაკა – ჰიოვედესს კუნთი ჰქონია დაჭიმული და შესაძლოა, ამის გამოც არ ათამაშა მწვრთნელმაო.  

ყენიას კოშმარული სამწლიანი პერიოდი უკან დარჩა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დააბრუნებდა იმ დროს, როცა 18 წლის იყო და შალკეს ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. რამდენჯერ გვინახავს გერმანულ გამოცემებში ტოპ-ტალანტების სია და ქართველი მათ შორის სულ ათულში ან სულაც ხუთეულში ფიგურირებდა. 

ილია ნანობაშვილი