სიახლეები

დილა ბოლომდე იბრძოლებს

გაუზიარე
სანაკრებო შესვენება დასრულდა და ეროვნული ჩემპიონატი გვიბრუნდება, თანაც, გვიბრუნდება თბილისის დინამოსა და გორის დილას შეხვედრით, რომელშიც შეიძლება ჩემპიონის ბედიც გადაწყდეს. საინტერესოა, რა განწყობით ხვდება ამ თამაშს გორელთა თავკაცი უჩა სოსიაშვილი...

სანაკრებო პაუზა როგორ გამოიყენეთ?

ადგილზე ვემზადებოდით. თავიდან ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა, 28 მარტს კი  ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ ცხინვალთან და შემდეგ უკვე ერთჯერად ვარჯიშებზე გადავედით.  

ჩემპიონატის განახლებას ტურის კი არა, სავარაუდოდ, მთლიანად მეორე წრის ცენტრალური მატჩით ხვდებით. დინამოსთან თბილისურ შეხვედრაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული...

ამ სეზონში დინამოს უკვე სამჯერ ვეთამაშეთ, ჩემპიონატზეც და თასზეც, სამწუხაროდ, ვერცერთხელ ვერ შევძელით გოლის გატანა და დინამომაც მხოლოდ ერთხელ აიღო ჩვენი კარი.  აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა დაძაბულად მიმდინარეობს ჩვენი შეხვედრები და ეჭვი არაა, გამონაკლისი არც ეს მატჩი იქნება. თუმცა, გუნდის საამმატჩო განწყობა ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. 

მ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს დილას კაპიტანი ლექსო კვახაძე, რომელიც მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის არის დისკვალიფიცირებული. ანალოგიური სასჯელისთვის კარგა ხანს ვერ გეხმარებოდათ კიდევ ერთი ლიდერი, ლუკა რაზმაძე. როგორ ფიქრობთ, გუნდში დისციპლინის მხრივ მეტი მუშაობა ხომ არ არის საჭირო?

თუ გახსოვთ, კვახაძეც და რაზმაძეც მსგავსი ქმედებისთვის ადრეც დასჯილან. ეს იმის ბრალია, რომ ფეხბურთელებმა იციან, რა რის გამო ხდება და ასეთ სიტუაციებში თავს ვერ იკავებენ, ემოციები სძლევთ. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ამით მხოლოდ გუნდი ზარალდება.

გეთანხმებით, თანაც ორმაგად ვზარალდებით - გარდა იმისა, რომ არაერთ შეხვედრას ლიდერების გარეშე ვატარებთ, ფინანსურადაც ვისჯებით. ცხადია, ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და იმედი მაქვს, გუნდი აღარ დაღალატდება.

იმის გათვალისწინებით, რომ დინამოს თბილისში ეთამაშებით, "დინამო არენაზე" კი დილას დინამოსთვის ჩემპიონატის მატჩი არასდროს მოუგია, ფრე თქვენთვის მისაღები შედეგი ხომ არ იქნება?

არცერთი მწვრთნელი არ ამზადებს და განაწყობს გუნდს ფრეზე სათამაშოდ. მიზანი, რა თქმა უნდა, მოგება იქნება, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება და ვნახოთ, როგორ წარიმართება თამაში.

მართალია, ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერაც საკმაო თამაშებია, მაგრამ უახლოეს მდევარს უკვე შვიდი ქულით უსწრებთ და დიდი შანსი გაქვთ, ევროპის ლიგის საგზური მოიპოვოთ. ამით დაკმაყოფილდებით თუ თამასას აწევთ და მიზნად ჩემპიონობას დაისახავთ?

სეზონის დასაწყისში დილას ერთადერთი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. შემდგომ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ევროსაგზურისთვის ბრძოლა რეალური გახდა, ახლა კი, ვიდრე შანსი გვექნება, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. თუმცა, არ მინდა, ისე გამიგოთ, თითქოს ევროპის ლიგის საგზური უკვე გარანტირებული მგონია. სამეულში მოსახვედრადაც სერიოზული ბრძოლა გველის, ამიტომ ახლა ჩემპიონატზე სრულად ვართ კონცენტრირებულნი და გვჯერა, სეზონის ბოლოს უკმაყოფილების საბაბი არ გვექნება.

საუბარი ნაკრებით დავასრულოთ. თქვენი შთაბეჭდილებები საქართველო-გერმანიის მატჩზე?

რა თქმა უნდა, წაგებული თამაშის მერე კმაყოფილი ვერ იქნები, მაგრამ აუცილებლად დასანახია ის პოზიტივი, რაც მანამდელი შეხვედრებისგან განსხვავებული ტაქტიკით თამაშს მოჰყვა. აშკარაა, ცხადაძის შერჩეული ტაქტიკა ნაკრებს უფრო მოერგო. მომავალში კი, წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები ეროვნული გუნდის შეკრება-თამაშებზე ფიზიკურად სათანადოდ მომზადებულები ჩამოვიდნენ და თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აკლდეთ.

პაატა ძნელაძე