სიახლეები

თენგიზ სულაქველიძე: ბურთი გაგორდა, პერსპექტივა გამოჩნდა...

გაუზიარე
გერმანიასთან მატჩი კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი გულშემატკივრების, სპეციალისტებისა და სპორტული ჟურნალისტების სასაუბრო თემა. გუშინ ლეგენდარული თბილისის დინამოს ნახევარმცველს თენგიზ სულაქველიძეს სწორედ ამ შეხვედრის თაობაზე ვესაუბრეთ.

არაერთი სპეციალისტის აზრით, გერმანიის ამ ნაკრებზე ძლიერ გუნდს თბილისში არ უთამაშია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ფაქტია, რომ თანამედროვეობის საუკეთესო ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონთა გუნდს ვეთამაშეთ. გერმანელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, პრაქტიკულად გამორიცხულია, ამ ნაკრებს რაიმე ნაკლი უპოვო.

ჩვენი ნაკრების თამაშზე რას იტყვით?

ბევრი სიახლე იყო. ბურთი გაგორდა, შეტევაშიც შედარებით თამამად მივდიოდით და უძლიერეს მეტოქესთან საგოლე მომენტებიც შევქმენით. მართალია, წაგებული შეხვედრით კმაყოფილი ვერასოდეს იქნები, მაგრამ გავითვალისწინოთ, თუ ვინ იყო მეტოქე და დასკვნები ამის შემდეგ გავაკეთოთ. პირადად მე ჩვენი ნაკრების თამაშით კმაყოფილი ვარ.

პირველი ტაიმის მიწურულს რომ არ გაგვეშვა გოლები, შეიძლებოდა შეხვედრის ფრედ დასრულება?

მართალია, გერმანელებმა საკმაოდ ბევრი მომენტი შექმნეს ჩვენს კართან, მაგრამ დაცვაში დაშვებული შეცდომები რომ არა, შეიძლებოდა, კონკრეტულად იმ შეტევებისას გოლი არ მიგვეღო, მაგრამ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მეორე ტაიმში, არავინ იცის. ვიმეორებ, მეტოქე მსოფლიოს უძლიერესი ნაკრები იყო და მათთან დადებით შედეგზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. საქართველოს ნაკრებს ჰყავს კარგი მწვრთნელი, კახა ცხადაძე წესიერი ადამიანი და მცოდნე სპეციალისტია, მას დიდ პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც ეროვნული გუნდი მას ჩააბარეს. ახლა ცხადაძეს გარკვეული დრო სჭირდება საიმისოდ, რომ ნაკრები თავის საფეხბურთო კრედოზე ააწყოს და დარწმუნებული ვარ, შედეგიც გვექნება.

თქვენი აზრით, საქართველოს ამ ნაკრებისთვის სასურველი სათამაშო სქემა რომელია?

რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვის ეთამაშები და ტაქტიკაც ამის მიხედვით უნდა შეარჩიო. ვფიქრობ, ცხადაძემ მალტასთანაც და გერმანიასთანაც სწორი სქემა აირჩია და ანგარიშიდან გამომდინარე, არც გადაწყობა დაუგვიანებია. აქვე უნდა ვთქვა, რომ შეიძლება ნაკრებში კლუბისგან განსხვავებულ პოზიციაზე მოგიწიოს თამაშმა და ეს სავსებით ნორმალურია, თუ პროფესიონალად თვლი თავს. ამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და ეს გამომდინარეობს კონკრეტული სათამაშო სქემიდან. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, საბჭოთა კავშირის ნაკრებში ხან მარჯვნივ მაყენებდნენ, ხან მარცხნივ და ხანაც ცენტრში.

როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად სად გვიჭირს?

ალბათ, მაინც შუა ხაზში. ბურთი უფრო მეტხანს უნდა დავიჭიროთ, თორემ მეტოქეს შეტევების განხორციელების გაცილებით მეტი შანსი ეძლევა და ძირითადი დატვირთვა დაცვაზე გადმოდის. ასე მოხდა გერმანელებთან შეხვედრაშიც, მათ ჩვენს მცველებს რამდენჯერმე აიძულეს შეცდომის დაშვება.

ჩვენი ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?

ბევრი იშრომა მჭედლიძემ, თანაც, მსოფლიოს უძლიერეს მცველებთან, ჰუმელსთან და ბოატენგთან უწევდა ბრძოლა. კარგად შევიდა შეცვლაზე ჭანტურია, რომელმაც რამდენჯერმე გაამწვავა თამაში. აღვნიშნავდი კვირკველიასა და დვალს. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და ვიტყვი, რომ მთლიანობაში ჩვენი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და მჯერა, ამ ნაკრებს კარგი პერსპექტივა აქვს.

პაატა ძნელაძე