სიახლეები

ყაზახურ კაისარს თარგამაძე სურს

გაუზიარე

ყაზახურ კლუბ კაისარს დავით თარგამაძის გადაყვანა სურს. როგორც იცით, თარგამაძე დონეცკის შახტარის საკუთრებაა, მაგრამ თამაში არსად არ უწევს. მეტიც, ბოლო ოფიციალური შეხვედრა თარგამაძემ გასული წლის 7 სექტემბერს ჩაატარა - საქართველო-ირლანდია 1:2. მას შემდეგ თითქმის შვიდი თვე გავიდა. 

თარგამაძით დაინტერესებულნი იყვნენ სხვადასხვა გუნდები, მათ შორის, ბულგარული ლუდოგორეცი, თბილისის დინამო, მინსკის დინამო და უკრაინული გოვერლა. თუმცა საქმე ტრანსფერამდე არ მივიდა. დავითმა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი შახტარის დუბლებში გაიარა და ველოდით, როდის გადავიდოდა რომელიმე კლუბში ან იჯარით, ან გამოსყიდული კონტრაქტით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. 

კაისარი რომ თარგამაძითაა დაინტერესებული, ამას ყაზახური პრესაც წერს, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ იქაურ ჩემპიონატში 3 აპრილს სრულდება სატრანსფერო ფანჯარა. თანაც, შახტარი გარკვეულ თანხას ითხოვს ქართველ გარემარბში. 
ყაზახეთის ჩემპიონატი ახალი დაწყებულია, ოთხი ტურია გასული და კაისარი მეექვსე ადგილზეა. საწყენია, რომ თარგამაძე ამდენი ხნის უთამაშებელია - უდავოდ ნიჭიერია და კაისარზე უკეთესი გუნდი ეკუთვნის, თუმცა როცა ფეხბურთელი ამდენი ხანი პრაქტიკის გარეშეა, რთულია, ძლიერმა გუნდმა აიყვანოს.     

ილია ნანობაშვილი