სიახლეები

ლორია პაოკიდან ერთ ნაბიჯშია

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას სავარაუდოდ ბერძნულ პაოკში გააგრძელებს. იქაური პრესის ცნობით საქართველო-გერმანიის შესარჩევი მატჩის დამთავრებისთანავე, ლორია სალონიკში პაოკის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის პირობების შესათანხმებლად გაფრინდა. 

შეგახსენებთ, 28 წლის მეკარე სადღეისოდ თავისუფალი აგენტია, მისი ყოფილი კლუბი ოფი გაკოტრდა და ჩემპიონატში მონაწილეობაც შეწყვიტა. შესაბამისად, გიორგი ლორიაც თავისუფალი გახდა. პაოკმა და კიდევ რამდენიმე ბერძნულმა გუნდმა, ამას წინათ ჩვენიანს სატრანსფერო წინადადებით მიმართეს, მაგრამ იმის გამო, რომ ახალი გუნდი ლორიასთვის სეზონში მესამე იქნებოდა, რაც უეფას რეგულაციებით აკრძალულია, მას უფულო ოფიში დარჩენა მოუწია. ახლა კი, ოფი აღარ არსებობს და ისიც სხვა კლუბის გზას დაადგა. უეფაში შესაბამისი საბაუთების წარდგენის შემთხვევაში, ლორია თამაშს ამ სეზონშივე შეძლებს, მაგრამ სეზონის ბოლომდეც რაღა დარჩა?!  

პაოკი ამჟამად საბერძნეთის 18-გუნდიან სუპერლიგაში მესამე ადგილზეა. გიორგი ლორიას თურქულ ქასიმფაშაში გადასვლის ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ იქიდან შოთა არველაძის წამოსვლის შემდეგ გიორგის სტამბოლში გადაბარგების შანსები შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა მისი პაოკში ტრანსფერის ალბათობა. ბერძენ ჟურნალისტებს თუ ვენდობით ქართველი მეკარის პაოკში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

ლუკა თალაკვაძე