სიახლეები

გიორგი გადრანი ჩერნომორეცის ფეხბურთელია

გაუზიარე

უკრაინის პრემიერლიგაში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. საუბარი გვაქვს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატ გიორგი გადრანზე. საქართველოს პირველლიგელ გაგრადან ოდესის ჩერნომორეცში გადასვლა ნამდვილად წარმატებულად განხორციელებული ტრანსფერია. გიორგი ამპლუით უნივერსალური მცველია და საჭიროების შემთხვევაში, დაცვაში ნებისმიერ ადგილზე შეუძლია თამაში.

20 წლის მცველი თავის დროზე ასაკობრივ ნაკრებების ღირსებას იცავდა, ახლა კი ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად თურქულ შეკრებაზე წაიყვანა და უკრაინელებთან ამხანაგურ შეხვედრებში თავის გამოჩენის შანსი მისცა.

გადრანის დებიუტი ოდესურ გუნდში შეიძლებოდა გუშინ შემდგარიყო, მაგრამ დნიპროსთან წაგებულ შეხვედრაში ქართველი მცველი სათადარიგო იყო და მოედანზე არ შესულა.  

ჩერნომორეცი ამ ეტაპზე უკრაინის ჩემპიონატში მე-10 ადგილზე იმყოფება და ოდესელთა მთავარი მიზანი უძლიერესთა შირის ადგილის შენარჩუნებაა. მართალია, ახლა ჩერნომორეცის რიგებში ვარსკვლავები არ არიან, მაგრამ გიორგის ახალ გუნდში კონკურენცია ნამდვილად არ მოაკლდება. გუნდის ლიდერებად ხომ მცველები იაროსლავ ოლეინიკი და იური პუტრაში ითვლებიან. აქვე გეტყვით, რომ გადრანის გარდა გუნდში კიდევ ერთი ლეგიონერი, სერბი მცველი იოვან კრნეტაა. 

პაატა ძნელაძე