სიახლეები

ჩიხრაძემ გაიმარჯვა, ცხადაძე ლიდერს ესტუმრება

გაუზიარე

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა სიმურგმა აზალ-ს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. სიმურგში ქართველი ფეხბურთელი არ თამაშობს, აზალ-ის შემადგენლობაში კი ლაშა კასრაძე მე-80 წუთიდან გამოჩნდა. ჩიხრაძის გუნდმა გამარჯვების გოლი მატჩის 37-ე წუთზე გაიტანა.
ცხრაგუნდიან პრემიერლიგაში სიმურგი მეოთხე ადგილზეა – მესამეადგილოსან ნეფთჩის შვიდი ქულით ჩამორჩება, მეხუთეადგილოსან გაბალას კი ერთით უსწრებს.
ბაქოს ინტერი დღეს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩაატარებს. კახა ცხადაძის გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ყარაბახს ესტუმრება და ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ყარაბახი მეორე პოზიციაზე მყოფ ინტერს ცხრა ქულით უსწრებს. ცხადია, ინტერი გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ გახდება ფავორიტი საჩემპიონო რბოლაში, მაგრამ სამაგიეროდ, ქულები მეორე ადგილისთვის ბრძოლაში წაადგება. ინტერს სადღეისოდ 43 ქულა აქვს, ნეფთჩის კი – 42. თუმცა ამ მომენტისთვის ინტერს მდევარზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
უკრაინის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სოლიდური გამარჯვება მოიპოვა დნიპრომ, ოღონდ ჯაბა კანკავას გარეშე. გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ძირითადი ბირთვი დაასვენა და თავის გამოჩენის შანსი რეზერვისტებს მისცა. დნეპროპეტროვსკელებმა სტუმრად ოდესის ჩერნომორეცი 4:0 გაანადგურეს და საპასუხო შეხვედრა ფორმალობად აქციეს.
ჩერნომორეცის 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია გუნდის ახალწვეულ გიორგი გადრანს. ახალგაზრდა მცველმა ოდესურ კლუბს სულ ახლახანს გაგრადან მიაშურა.

ლევან ჯანეზაშვილი