სიახლეები

ბაჩანა ცხადაძე: გერმანია უძლიერესია, რაც კი მინახავს

გაუზიარე

ბაქოს ინტერის ფორვარდმა ბაჩანა ცხადაძემ აზერისპორტ-თან ინტერვიუში განვლილი სანაკრებო მატჩები შეაფასა - საქართველო-მალტა და საქართველო-გერმანია. 27 წლის ცხადაძემ თქვა, რომ გერმანელებთან მარცხის მიზეზი, რამდენიც უნდა ვიკვლიოთ, მიზეზი მაინც კლასში სხვაობაა.

შეგახსენებთ, კახა ცხადაძის ვაჟმა მალტასთან ბოლო 20 წუთი ითამაშა, ხოლო გერმანიასთან მინდორზე არ ყოფილა.  

"გერმანიასთან ცუდად არ გვითამაშია, კონტრშეტევებსა და მოკლე გადაცემებზე გავაკეთეთ აქცენტი. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვსურდა. რაც უნდა ვთქვათ, მარცხის მიზეზი კლასში სხვაობაა. ამ გერმანიის დონის ნაკრები არასოდეს მინახავს. ძალიან ძლიერები არიან". 

კითხვაზე, თუ რატომ არ მოუწია გერმანიასთან თამაში, ბაჩანამ უპასუხა: 

"გერმანიის წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ ცოტა აგვერია სიტუაცია. ჯერ ერთი, მწვრთნელს ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ტრავმის გამო შეიცვალნენ ალეკო ამისულაშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი. გათვლა კეთდებოდა ლევან ყენიაზე, რომელმაც მალტასთან შესანიშნავად ითამაშა". 

სხვათა შორის, დღეს ბაქოს ინტერს მნიშვნელოვანი მატჩი ელის აზერბაიჯანის პრემიერლიგაში: სტუმრად ხვდება აგდამის ყარაბაღს, რომელიც ლიდერია. ინტერი მეორე ადგილზეა და ყარაბაღს 9 ქულით ჩამორჩება. ამ სეზონში გუნდების ორი დაპირისპირება შედგა და ორივე ფრედ დასრულდა, ისე კი, ოთხწელიწადნახევარია, რაც ინტერს ყარაბაღისთვის არ მოუგია, აზერისპორტ-ის ჟურნალისტმა ჰკითხა ბაჩანას, რეალურია თუ არა სერიის შეწყვეტა. 

"ყველანაირი სერია სრულდება. სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ. ჩემპიონობის იმედი არ დაგვიკარგავს და ვიცით, ამას ვერ შევძლებთ, თუ ყარაბაღს არ მოვუგებთ".  

ილია ნანობაშვილი