სიახლეები

ბათუმში სტადიონი დაამტკიცეს

გაუზიარე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსში, რომელშიც 11 კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები მონაწილეობდა, გამარჯვებული 17 მარტს გამოავლინა.

გუშინ კი ბათუმის ამ ახალი სტადიონის პროექტი ოფიციალურად დამტკიცდა. შესაბამის საბუთებს ხელი აჭარის ავტონიომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნოე წითელაძემ და საქართველოში ესპანური კომპანია იბერპროქსის წარმომადგენელმა მამუკა ლობჟანიძემ მოაწერეს.

ბათუმის ახალი სტადიონი 20-ათასიანი იქნება და მისი მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ახალი არენის აშენებას 36 მილიონ ლარად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების გამო, თანხა სავარაუდოდ რამდენიმე მილიონით გაიზრდება. 

ახალი სტადიონი უმაღლესი კატეგორიის იქნება და მის ირგვლივ მთელი სპორტული კომპლექსი გაშენდება, რის შემდეგაც ბათუმს ნებისმიერი რანგის სპორტული ღონისძიების მასპინძლობა შეეძლება. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სტადიონის აშენებაზე ტენდერს პროექტის ყველა დეტალის საბოლოო დამუშავების შემდეგ გამოცხადებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მალე ბათუმში ადგილობრივი დინამოსთვის საწვრთნელი ბაზაც აშენდება და გუნდს მოსამზადებლად ჩინებული პირობები შეექმნება. 

ლუკა თალაკვაძე