სიახლეები

უნიკალური დილა – მწვრთნელის ასაკი გუნდის საშუალო ასაკზე ნაკლებია, უმაღლეს ლიგაში გაახალგაზრდავება გრძელდება

გაუზიარე

გასულ ზაფხულს ერთ-ერთმა უცხოურმა სტატისტიკურმა საიტმა გამოითვალა და დაადგინა, რომ ბოლნისის სიონი ევროპის ყველაზე ასაკოვანი კლუბი იყო. გუნდის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი მაშინ 29 წელს აღემატებოდა. ამ მაჩვენებელს კი სეზონის სტარტზე საქართველოს ჩემპიონატში ოდნავადაც ვერავინ უახლოვდებოდა. ბოლნისელთა რიგებში ახლაც მრავლად თამაშობენ გამოცდილი ვეტერანები, რომელთა ნაწილიც გუნდის მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულზე უფროსია, თუმცა ზამთარში ქვემოქართლელებმა მაინც გადადგეს ქმედითი ნაბიჯები გაახალგაზრდავებისკენ.

სიონი გაახალგაზრდავდა, დილას გამოცდილება შეემატა
სიონი შედარებით გაახალგაზრდავდა, მთლიანობაში კი, ჩვენს უმაღლეს ლიგაში მოთამაშეთა საკმაო ნაწილი ისეთ ასაკშია, კარიერაში ყველაფერი წინ რომ აქვს. როცა ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობას 16-მდე ზრდიდა, ითქვა, რომ ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მეტი გასაქანის მიცემა იყო. ჩემპიონატის დონეზე კამათი, რაღა თქმა უნდა, შეიძლება, დამწყებ ფეხბურთელებს კი საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ აქვთ, რაც 16-გუნდიანი უმაღლესი ლიგის სასარგებლოდ მძლავრი არგუმენტია.
ერთხელ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ წინადადება წამოაყენა, უმაღლესი ლიგის გუნდებს ყოველ მატჩზე 21-წლამდე ასაკის ორი ფეხბურთელის დაყენება მოეთხოვოთო. მართალია, ქეცბაიას ინიციატივა ოფიციალურად არ დაკანონებულა, მაგრამ რეალურად, სწორედ ასე ხდება – იშვიათი გამონაკლისების გარდა, ნებისმიერი ქართული გუნდის ძირითად შემადგენლობაში 21-წლამდელა რაოდენობა ორსაც სცილდება.
რაც შეეხება თითოეული უმაღლესლიგური კლუბის საშუალო ასაკს, სიონში ამ მაჩვენებელმა 29-დან 26-მდე ჩამოიწია, რითაც ბურდულის გუნდმა ამ მხრივ ერთპიროვნული `ლიდერობა~ დაკარგა. 26 წელი უკვე ზომიერი მაჩვენებელია და ევროპაში იდეალურ ასაკადაც კი მიიჩნევა. ზამთრის სატრანსფერო პაუზისას `ასაკი მოემატათ~ ბათუმის დინამოს, სამტრედიასა და გორის დილას. თუკი აჭარელთა და იმერელთა რიგებში ეს სხვაობა მცირეა, დილაში საშუალო ასაკი მთელი ოთხი წლით გაიზარდა და საშუალო მაჩვენებელმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის წლოვანებას გადაუსწრო. ასე რომ, ამ მხრივ დილა ევროპის მასშტაბით უთუოდ რეკორდსმენი უნდა იყოს.
აქვე გეტყვით, რომ გუნდის საშუალო ასაკობრივი მაჩვენებლის დადგენისას მხედველობაში მივიღეთ გუნდის არა 11, ან 18 ფეხბურთელის საშუალო მონაცემები, არამედ იმ ფეხბურთელთა ასაკი, რომლებიც ახლაც კონკრეტულ კლუბში ირიცხებიან და მიმდინარე სეზონში მისი მაისურით მოედანზე თუნდაც ერთი წუთი გაატარეს. შესაბამისად, არ გაგვითვალისწინებია იმ მოთამაშეთა მაჩვენებლები, რომლებიც კლუბის განაცხადში შეყვანილები არიან, მაგრამ უმაღლეს ლიგაში თამაშმა არ მოუწიათ.
საერთო სურათი კი ასეთი მივიღეთ:
სიონი 26 (29)
დინამო ბთ 26 (25)
სამტრედია 26 (25)
დილა 26 (22)
ჩიხურა 25 (25)
ტორპედო 25 (25)
გურია 24 (25)
ზუგდიდი 24 (25)
შუქურა 23 (22)
კოლხეთი 23 (23)
დინამო თბ 22 (22)
ცხინვალი 22 (23)
მერანი 22 (23)
ზესტაფონი 22 (22)
ვიტ ჯორჯია 21 (21)
მეტალურგი 21 (22)
ფრჩხილებში გუნდის საპირველწრეო მაჩვენებელია შეტანილი. მაშინ უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვიტ ჯორჯია იყო, ახლა კი მას რუსთავის მეტალურგი გაუტოლდა. ოღონდ აქ სხვაობა ის არის, რომ ვიტ ჯორჯიას ახალგაზრდულ ასაკს კლუბის ოდინდელი საკადრო პოლიტიკა განაპირობებს, მეტალურგისას კი – სიდუხჭირე, რამაც ქვემოქართლური კლუბი წამყვანი მოთამაშეებისგან დაცალა.
ერთი სიტყვით, გაახალგაზრდავდნენ: სიონი, გურია, ზუგდიდი, მეტალურგი, ცხინვალი, მერანი;
"გაიზარდნენ": დინამო ბთ, სამტრედია, დილა, შუქურა;
ძველ ნიშნულზე დარჩნენ: ჩიხურა, ტორპედო, კოლხეთი, დინამო თბ, ზესტაფონი, ვიტ ჯორჯია.
ბათუმის დინამოს შემთხვევაში ერთი განმარტება უნდა გავაკეთოთ – ზამთარში გუნდის შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა, უბრალოდ, ზღვისპირელთა ფეხბურთელები სეზონის სტარტის შემდეგ რვა თვით გაიზარდნენ. 
პირველ წრეში უმაღლესი ლიგის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 24 წელი იყო, ახლა კი 23 წელია.

შედეგთან კავშირი არ არის
გადავხედოთ უმაღლესი ლიგის ცხრილს და დავრწმუნდებით, რომ ასაკი, არც დიდი და არც მცირე, გუნდის წარმატება-წარუმატებლობასთან დიდ კავშირში არ არის. ასე მაგალითად, სიონი გასავარდნ ზონაშია, მისი `ტოლი~ ბათუმის დინამო და დილა კი ჩემპიონობისთვის იბრძვიან, მოწინავეთა შორისაა სამტრედიაც. ყველაზე `ახალგაზრდა~, ვიტ ჯორჯია, ბოლო ადგილზეა, გავარდნის რეალური კანდიდატია მეტალურგიც, მაშინ როცა `22 წლის~ დინამო თბილისი ჩემპიონობის პრეტენდენტია. 

ყველაზე მხცოვანი
ამირან მუჯირი უკვე 41 წლისაა და პირველ წრეში არაერთი შთამბეჭდავი მატჩიც ჩაატარა. სეზონის მეორე ნახევარში მოედანზე უკვე იშვიათად ჩნდება, მაგრამ სოლიდური საფეხბურთო ასაკიდან გამომდინარე, ისიც დასაფასებელია, რომ ამირანი რეგულარულად ხვდება აჭარელთა 18-კაციან განაცხადში. 
ასაკოვანთა სიაში პირველ წრეში მეორე პოზიცია ქუთაისის ტორპედოს 38 წლის მცველ სევასტი თოდუას ეკავა, რომელიც უმაღლეს ლიგაში უკვე აღარ თამაშობს. მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა სიონის 38 წლის ნახევარმცველმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა, მესამე ადგილზე კი 37 წლის ალექსანდრე იაშვილია, რომელმაც ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ, კარიერა სამტრედიაში განაახლა.

ყველაზე უმცროსი
ამ ნომინაციაში 16 წლის თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე ლიდერობს, რომელმაც პირველი წრე ზესტაფონში გაატარა და უმაღლეს ლიგაში ოთხჯერ ითამაშა. დღეს ბექა დინამო თბილისის ფეხბურთელია, თუმცა მოედანზე ჯერ არ გამოჩენილა. მასზე თვეებით უფროსია მარტვილის მერანის ნახევარმცველი გიორგი წურწუმია, რომელიც ამავდროულად, მიმდინარე სეზონის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეც არის.

ფრუიძიდან სოსიაშვილამდე
თუკი გუნდის საშუალო ასაკი მის შედეგებს დიდად ვერ დავუკავშირეთ, ფაქტია, რომ უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი საქმეს თავს რიგიანად ართმევს – ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ 25 წლის უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით დილა ჩემპიონობას შეეჭიდებოდა.
უმაღლესი ლიგის ყველაზე მხცოვანი მწვრთნელი პირველ წრეში 69 წლის რევაზ ძოძუაშვილი იყო, რომელიც დღეს ქუთაისის ტორპედოში უკვე აღარ მუშაობს. თანამდებობაზე აღარ არის ვიტ ჯორჯიას ექს-თავკაცი ზურაბ ბერიძეც, რომელის პირველი წრისას 58 წლისა იყო. შედეგად, სადღეისოდ, ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე უფროსი მწვრთნელი საჩხერის ჩიხურაში მოღვაწე სოსო ფრუიძეა. 
უმაღლესი ლიგის მწვრთნელთა ასაკობრივი მონაცემები ასეთია:
სოსო ფრუიძე (ჩიხურა) 57
ბესიკ შეროზია (ზუგდიდი) 53
კახა კაჭარავა (ცხინვალი) 48
ვარლამ კილასონია (მეტალურგი) 47
კახა გოგიჩაიშვილი (დინამო თბ) 46
გიორგი დარასელია (ტორპედო) 46
ვლადიმირ ლობასი (მერანი) 45
ზაზა ინაშვილი (კოლხეთი) 45
თეიმურაზ ლორია (გურია) 43
ლევან ხომერიკი (დინამო ბთ) 40
თენგიზ კობიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 39
ზაზა ზამთარაძე (სამტრედია) 38
გელა სანაია (შუქურა) 36
გიორგი მიქაძე (ზესტაფონი) 35
ვლადიმერ ბურდული (სიონი) 34
უჩა სოსიაშვილი (დილა) 25
უმაღლესი ლიგის მწვრთნელთა საშუალო ასაკი 42 წელია, მაშინ როცა პირველ წრეში 46 წელი იყო.
ამ 16 სპეციალისტიდან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ექვსი ატარებს – გოგიჩაიშვილი, ლობასი, ხომერიკი, სოსიაშვილი, მიქაძე და კობიაშვილი. მწვრთნელთაგან უცხოელი სადღეისოდ მხოლოდ ერთია. გიორგი დარასელია ისრაელის მოქალაქეა, მაგრამ ცხადია, მას უცხოელად მხოლოდ ფორმალურად თუ მივიჩნევთ.

ლევან ჯანეზაშვილი