სიახლეები

დომერგი ისევ თბილისშია

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია უეფას გაწერილი გეგმის მიხედვით ეტაპობრივად, გეგმაზომიერედ ვითარდება. უეფადან აკადემიის კურატორი ჟან ფრანსუა დომერგი (ევროპის ჩემპიონი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი) ისევ თბილისშია და უშუალოდაა ჩართული საწვრთნელ პროცესში. გარდა ამისა,  ის ყურადღებით აკვირდება ყველა ყოფით დეტალს, მათ შორის მოზარდ ფეხბურთელთა კვების რაციონსაც. 

ეს ჟან ფრანსუა დომერგის მეოთხე ვიზიტია საქართველოში. ის 30 მარტს ჩამოვიდა და მეორე დღეს უკვე ჩაერთო საწვრთნელ პროცესში. ის თბილისში კვირამდე დარჩება, შემდეგ კი ერევანში გაემგზავრება. საქართველოს გარდა, ანალოგიური აკადემია მაკედონიასა და სომხეთშიცაა და ფრანგი სპეციალისტი თბილისიდან ჩვენს მეზობლებს ჩააკითხავს.

ჟან ფრანსუა დომერგის გამგზავრების შემდეგ, უფრო დეტალურად მოგახსენებთ თუ რა სახის რჩევები და რეკომენდაციები დატოვა ფრანგმა სპეციალისტმა, რომელიც 80-იან წლებში საფრანგეთის ნაკრებში მიშელ პლატინის მხარდამხარ თამაშობდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია რამდენიმე თვეში ბინას უკვე რუსთავში დაიდებს. სამშენებლო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს და აგვისტოში ყველაფერი მზად იქნება. ლაპარაკია 3 ბუნებრივ და 3 ხელოვნურსაფარიან სტანდარტულ მოედნებზე, სატრენაჟორო დარბაზზე, კორტებზე, კალათბურთის დარბაზზე, აუზზე და სამედიცინო-აღდგენით ცენტრზე. ასევე შენდება სრულყოფილი საცხოვრებელი კომპლექსი. მანამდე კი აკადემიის ორივე ასაკობრივი გუნდი ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე, ბასაზე ცხოვრობს, სადაც ბავშვებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისათვის, რომ პრობლემურ თემებზე არ მოცდნენ და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ.

პაატა ძნელაძე