სიახლეები

გია გურული შეტევაზე, შემტევებზე, "ბილბაოს ატლეტიკზე"

გაუზიარე

მარტის სანაკრებო მატჩები ჩავლილია. რა დაგვანახა? ინტერესი ძალიან დიდი იყო, რადგან ველოდით გარკვეულ სიახლეებს როგორც შემადგენლობაში, ასევე თამაშში. ორივე ვნახეთ და გულშემატკივრების, ჟურნალისტების, მწვრთნელებისა თუ ვეტერან ფეხბურთელების უმრავლესობის აზრით, შარშანდელ სანაკრებო მატჩებთან შედარებით, პოზიტივი მეტი იყო. 

ამჯერად გია გურულს ვესაუბრეთ კონკრეტულად შემტევ ფეხბურთელებზე და ზოგადად იმაზე, თუ როგორი იყო ნაკრები შეტევაში. გურული წარსულში ცნობილი ფორვარდია და სწორედ მისი ამპლუის გათვალისწინებით ავარჩიეთ სასაუბრო თემა. გია გურული საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახლავთ, 2004-2005 წლებში ფრანგი ალენ ჟირესის თანაშემწედ მუშაობდა ნაკრებში, ბოლო რამდენიმე თვე კი ხობის კოლხეთს წვრთნის. 

ჯერ ნაკრების შემტევი ნახვარმცველებისა და ფორვარდების შეფასება (მხოლოდ მათი, რომლებმაც განვლილ ორ მატჩში ითამაშეს), შემდეგ კი დრო ხობის კოლხეთში არსებულ სიტუაციასაც დაეთმო: 

გია გურული: უპირველესად, მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს, რომელიც ჩვენი ფეხბურთის მთავარი საფიქრალია და საერთოდაც რად უნდა თქმა, რომ ქვეყნის ფეხბურთის სახეს სწორედ პირველი ნაკრები გვაჩვენებს. ძალიან რთულ საქმეს მოჰკიდა ხელი კახა ცხადაძემ, რომელიც ჩემი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარია, ისევე როგორც თემურ ქეცბაია. თუმცა, რადგან კახა დათანხმდა მუშაობას, ესე იგი, გზას ხედავს. უამრავი სამუშაო ექნება მას. 

...სანდრო კობახიძეზე სხვა შემტევ ნახვარმცველებთან შედარებით უფრო მუშაა, ბურთის წართმევაც იცის და შეტევაც. კარგი დარტყმა აქვს. 

...თორნიკე ოქრიაშვილი ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ კარგია, მაგრამ ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს. ეს ზოგჯერ აშკარად შესამჩნევია. აშკარაა, უჭირს ერთ-ორ შეხებაში მოქმედება. გერმანიასთან ერთი-ორჯერ შეეძლო, რომ უკეთესი გაგრძელება ეპოვნა. თუ გუნდურად თამაშს უფრო დახვეწს, უკეთესი იქნება. 

...გიორგი ჭანტურია ტალანტია, რომელსაც მეტი მუშაობა სჭირდება. გერმანიასთან მეორე ტაიმში რამდენჯერმე ისეთი რამ გააკეთა, რომ ეტყობა, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. სისწრაფე აქვს, კაცის მოტყუება შეუძლია, კარში კარგად ურტყამს – დახვეწა და მუშაობა სჭირდება. საერთოდ, ჩვენი შემტევები უნდა მიეჩვიონ, რომ ბურთი ყოველთვის ფეხში არ მოუვათ. 

...ლევან ყენიას მშვენიერი მონაცემები აქვს, მაგრამ ეტყობა, რომ ფორმის პიკისგან შორსაა. თავდაჯერება აკლია. ყველას გვახსოვს, როგორი იყო ყენია 17-18 წლის ასაკში, მაგრამ ტრავმებმა და ამდენი დროის გაცდენამ დაღი დაასვა. ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ შეუძლია, ძველებური ფორმა დაიბრუნოს. მისგან განსაკუთრებულს ელოდა გულშემატკივარი და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. 

...ვაკო ყაზაიშვილი მომწონს, გონიერი ფეხბურთელია. სიმართლე გითხრათ, გერმანიასთან შეცვლაზე მის შეყვანას უფრო ველოდი, მაგრამ მწვრთნელმა უკეთ იცის, უშუალოდ უყურებს, ვინ როგორ ფორმაშია ვარჯიშებზე, აკვირდება ნიუანსებს.   

...ლევან მჭედლიძე საინტერსო თავდამსხმელია და შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს გერმანიასთან თამაში ჩააგდო. ეგაა, წინ მარტო იყო და სამ კაცს შორის უწევდა ბრძოლა. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რა ძნელიც არის თავდამსხმელობა. იყო მომენტები, მჭედლიძე ბურთს წინ იღებდა, მაგრამ არავინ ეხმარებოდა. ლევანი ტიპიური ცენტრფორვარდია, ყველანაირი მონაცემები აქვს. სირბილი? იცის. თავით თამაში? იცის. ბრძოლა? იცის. დარტყმა? იცის. ესეიგი, რაღაც აკლია. უბრალოდ, რაც დავინახე, სულ ბრძოლაში ჰქონდა ბურთი, ხოლო როცა წინ გერმანელი მცველები გიდგანან, ძნელია მუდმივად ეჭიდაო. გოლები ვერ გააქვს? აი წეღან რომ ვთქვი, რაღაც აკლია-მეთქი, ჩემი აზრით, ეს იღბალიცაა. თავდამსხმელისთვის ბევრს ნიშნავს იღბალი და ცოტა არ იყოს, უიღბლოა ლევანი.  

...მათე ვაწაძე გორის დილაში ძალიან მომწონდა. ჭკვიანი, დაგეშილი ფორვარდი იყო, მაგრამ ახლა საკლუბო კარიერაში საუკეთესო პერიოდი არ უდგას. მალტასთან თამაშში ჩაიკარგა. 

...ბაჩანა ცხადაძე მებრძოლი ფეხბურთელია. დაახლოებით მჭედლიძის სტილის თავდამსხმელია, მაგრამ დახვეწილობით მას ჩამორჩება. იმედი მაქვს, ბაჩანა თავისი ხასიათის წყალობით უკეთ ათამაშდება. მნიშვნელოვანი იქნება, ნაკრებში პირველი გოლი გაიტანოს, ამან კი შესაძლოა, ფრთები შეასხას. 

შემტევების ზოგადი შეფასება: კახა ცხადაძემაც თქვა, რომ მოედნის ცენტრში ინდივიდუალური თამაშის ზედმეტობაა. ხომ ნახეთ, გერმანელები როგორ უცებ, ერთ-ორ და მაქსიმუმ სამ შეხებაში აკეთებდნენ ყველაფერს. ზოგიერთ ფეხბურთელს მაინცდამაინც ფეხში უნდა ბურთის მიღება, ეს კი ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ მხრივ ძალიან დიდი მუშაობა მოუწევს ცხადაძეს, წარმატებას ვუსურვებ გულითა და სულით. 

გია გურულს ხობის კოლხეთის ამბებზეც ვკითხეთ. ხობელები პირველი ლიგის B ზონაში მეხუთე ადგილზე არიან. 

სტადიონი როგორ მდგომარეობაშია და მთლიანობაში, გუნდზე რას იტყვით? 

ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გაკეთდება. გუნდში თითქმის ყველა ფეხბურთელი ხობელია, ასე რომ, ხუმრობით ვიტყვი, ბილბაოს ატლეტიკს ვგავართ, ყველა ადგილობრივია. 

ფინანსური მდგომარეობა როგორია?

მუნიციპალიტეტიც და გამგეობაც ყურადღებას გვაქცევს, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. სურთ, რომ ხობში ფეხბურთმა წინსვლა განიცადოს. დიდი ხელფასები არაა, მაგრამ რაც არის, არ აგვიანებენ. გვაქვს წახალისების ფორმაც, მაგალითად, 3:0 მოგებული თამაშის შემდეგ ბიჭებმა ჩვეულებრივზე მეტი თანხა აიღეს პრემიის სახით. საერთოდ, ხობში ბევრი ტალანტია და სამეგრელოში რომ ეს აშკარად შეიმჩნევა, სიახლე არაა. 

ინტერნეტ-სივრცეში პოპულარული გახდა თქვენს მიერ ჩატარებული ვარჯიშის ვიდეო. ფეხბურთელები დაახლოებით ათ ბრუნს აკეთებენ მოკლე მონაკვეთში და ეგრევე პენალტს ურტყამენ. ზოგიერთმა ბურთს ფეხი ააცილა, ზოგიერთი წაიქცა კიდეც...

იმ დღეს ძალიან დატვირთული ვარჯიში იყო და მინდოდა, ბოლოს ბიჭები გამემხიარულებინა. ასეთი სახალისო ვარჯიშები ზოგჯერ საჭიროა და კიდევ გვექნება, ოღონდ, ცოტა სხვანაირები, მრავალფეროვნებაა საჭიროა.

ილია ნანობაშვილი