სიახლეები

კახა გოგიჩაიშვილი : მეტი პოზიტივი გამოჩნდა

გაუზიარე
საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელს კახა გოგიჩაიშვილს თავის დროზე ბუნდესმანშაფტის წინააღმდეგაც უთამაშია. მას გუშინ დავუკავშირდით და გერმანელებთან კვირას გამართულ შეხვედრაზე ვესაუბრეთ.

მართალია, გერმანიის ნაკრებმა უმაღლესი კლასის თამაში გვაჩვენა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა, მაგრამ გულშემატკივრების და სპეციალისტების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი გუნდის თამაშითაც კმაყოფილი დარჩა.

წაგებული თამაშის მერე ძნელია კმაყოფილი დარჩე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაკრებში ბევრი სიახლე დაინერგა და ეს აუცილებლად უნდა დავინახოთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს იყო პირველი სანაკრებო შეკრება, რომელიც კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და, ბუნებრივია, ახალი მწვრთნელი ჯერ ვერ შეძლებდა ნაკრების თავის გემოზე ათამაშებას, ამას გარკვეული დრო სჭირდება.

თქვით, რომ გარკვეული სიახლეები იყო და იქნებ ამის შესახებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ.

მეორე ტაიმში აშკარად გამოჩნდა, რომ ფეხბურთელები შედარებით გამართულად გადადიოდნენ შეტევიდან დაცვაში და პირიქით. ცდილობდნენ ბურთის დაჭერას. აშკარად შესამჩნევი იყო, რომ მოთამაშეებს სულ სხვა შემართება და სულისკვეთება ქონდათ.

და ყველაზე ბევრი სამუშაო სად გვაქვს?

პირველ ტაიმში საკმაოდ წუნი იყო გადაცემებში და მთლიანობაშიც სამუშაო ძალიან ბევრია და ეს ყველაზე კარგად თავად კახა ცხადაძემ იცის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მე ნეგატივზე მეტი პოზიტივი დავინახე და ეს ძალიან მახარებს.

ახლა კონკრეტულად თავდასხმის ხაზზე. ჩვენი ნახევარმცველები ჯეროვნად ვერ ეხმარებოდნენ ლევან მჭედლიძეს და ის ხშირად მარტო რჩებოდა მეტოქის მცველებთან და ბუნებრივია, შეტევის გაგრძელება უჭირდა.

ეს უფრო აშკარად პირველ ტაიმში ჩანდა, მეორე ნახევარში კი მოედანზე ლევან ყენიას გამოსვლის შემდეგ, მჭედლიძესაც ცოტა შეუმსუბუქდა მდგომარეობა. მართალია, გერმანელებთან მთლიანობაში იმდენი დრო ვერ გავატარეთ, რამდენიც გვსურდა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშებოდით და თანაც ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური თამაში იყო. 

გიორგი ლორიას თამაშზე რას იტყვით. მან არაერთხელ გვიხსნა.

ლორია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გაიხსენეთ პირველ ტაიმში მარკო როისის ურთულესი დარტყმული როგორ მოიგერია. მეორე ტაიმშიც საიმედო იყო და რამდენიმე რთული ბურთი აიღო. 

მეორე ტაიმში ჩვენების გააქტიურება იმანაც ხომ არ გამოიწვია, რომ პირველი ნახევრის შემდეგ გერმანელები ორბურთიანი სხვაობით გვიგებდნენ?

მე არ მახსოვს, ოდესმე გერმანიის ნაკრებს ბოლომდე არ ეთამაშოს და ასე იყო თბილისშიც. გაიხსენეთ თუ რამდენი მომენტი შექმნეს მეორე ტაიმში გერმანელებმა ჩვენს კართან. ანუ პირადად ჩემი აზრია, რომ ჩვენების გააქტიურება იმის ნიშანი კი არ იყო, რომ გერმანელები მოეშვნენ, არამედ იმის, რომ მწვრთნელმა სწორი კორექტივები შეიტანა თამაშის მიმდინარეობისას და სწორი ამოცანა დასახა მეორე ნახევრისთვის.

ალბათ საქართველოს ნაკრების თამაშს დაღი იმანაც დაასვა, რომ მწვრთნელს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება დასჭირდა.

რა თქმა უნდა. ოქრიაშვილის ტრავმა რომ არა, მეორე ტაიმში შეტევაში უფრო მეტი სიმწვავე გვექნებოდა. ამისულაშვილის პირველივე წუთებზე გამოკლებაც დიდი დანაკლისია, ასეთი დონის შეხვედრაში ასეთი გამოცდილ მოთამაშეს რომ დაკარგავ, დიდი დარტყმაა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგად ჩაერთო თამაშში ლაშა დვალი, რომლის დებიუტიც იყო. მან მშვენივრად წარმოაჩინა თავი.

და ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ვინ დატოვა საქართველოს ნაკრებიდან?

ლორიას კარგი თამაში უკვე გამოვარჩიე. მომეწონა კვირკველია, კანკავა, ნავალოვსკიმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დვალმაც დებიუტის კვალობაზე კარგად ითამაშა და ეს ბიჭი აუცილებლად მოუმატებს. არ მინდა გვარების დასახელება, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელისგან უფრო მეტს ველოდი, თუმცა, ეტყობა იმ ფაქტმა, რომ ჩვენი მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო, მათთვის ზედმეტი ტვირთი აღმოჩნდა და თავი ვერ წარმოაჩინეს.

20 წლის წინ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ თქვენც ითამაშეთ. შეგიძლიათ შეადაროთ გერმანელთა მაშინდელი და ამჟამინდელი გუნდები?

ძალიან ძნელია შედარება, რადგან ორივე ნაკრები პრაქტიკულად იდეალურ ფეხბურთს აჩვენებდა. ჩემი აზრით, დღევანდელი ნაკრები უფრო დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობს, თავდასხმის ხაზში გაცილებით დიდი არჩევანი აქვს. ბურთზეც მეტი კონტროლია და შეტევის განვითარებაც უფრო მრავალფეროვნად შეუძლიათ.

გერმანიის ამ ნაკრებში თუ ხედავთ იურგენ კლინსმანის დონის ფეხბურთელს?

კლინსმანი ალბათ ყველაზე ძლიერია და იმ ფორმაციის გუნდში, მის გარდაც მრავლად იყვნენ ვარსკვლავები: მიულერი, ჰესლერი, ბასლერი, კოლერი, მაგრამ ჩემი აზრით შედარებაზე თუ მიდგა, დღევანდელ ნაკრებს ვარჩევ, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოში საუკეთესოა. 

პაატა ძნელაძე