სიახლეები

გია ცეცაძე : გერმანიასთან თამაში შეცდომების კარგი საზომია

გაუზიარე

განვლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ორმა მატჩმა და მორიგი სანაკრებო ციებ-ცხელება ივნისში დაიწყება, როცა ჯერ უკრაინასთან ამხანაგური, ხოლო შემდეგ პოლონეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაში გაიმართება. `ჩვენი თამაში~ ნაკრების თავკაც კახა ცხადაძის თანაშემწეს, გია ცეცაძეს ესაუბრა. 

გორის დილა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, თბილისის ლოკომოტივი – ცეცაძე წარმატებულად მუშაობდა ამ გუნდებში. 

სანამ ეროვნულ ნაკრებში ასისტენტად დაინიშნებოდით, ასაკობრივი ნაკრებების სელექციონერად მუშაობდით. კიდევ დარჩით
სელექციონერად თუ მხოლოდ ეროვნულ გუნდში ხართ? 

არა, მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ვსაქმიანობ, თუმცა, თუ ვინმეს სელექციის კუთხით დახმარება დასჭირდება, სულით და გულით დავეხმარები. 

ეროვნული ნაკრების მატჩები შევაფასოთ. რა ელემენტები მოგეწონათ და ყველაზე მეტად რაში დაინახეთ უარყოფითი მხარეები? 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა სწორი, გამართული ფეხბურთი აჩვენოს. როდესმე ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო. უნდა ვთქვა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ფაქტობრივად, ერთი კვირაც არ ვყოფილვართ ერთად. რომ გითხრათ, გერმანიასთან ყველაფერი ასი პროცენტით შესრულდა-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ისიცაა, ერთი თვეც რომ მოემზადო, გერმანიასთან შეიძლება მაინც ვერ გადაიტანო მინდორზე პრაქტიკაში. საქართველომ კი არა, შესაძლოა, საფრანგეთმა და ინგლისმა ვერაფერი მოუხერხონ. ერთი აშკარაა: გერმანიასთან მატჩი აუცილებლად წაადგებათ ჩვენს ფეხბურთელებს, დიდი გამოცდილება მიიღეს. 

გულისხმობთ იმას, რომ მომდევნო შეხვედრებში ჩვენი ნაკრები უფრო დახვეწილად ითამაშებს?

დიახ. ჩემი აზრით, გერმანიის წინააღმდეგ თამაში კარგი საზომია საიმისოდ, რომ შენი შეცდომები დაინახო. და იმით, რასაც გერმანიასთან ვერ მოახერხებ, თუ სწორად იმუშავებ და გამოასწორებ, პოლონეთთან, ირლანდიასთან ან შოტლანდიასთან მატჩებში შედეგს მიიღებ. დარწმუნებული ვარ, რომ ივნისში საქართველოს ნაკრები უფრო ხარისხიანად ითამაშებს. კახა ცხადაძემ იცის, რასაც აკეთებს და კარგად უხსნის ფეხბურთელებს.    

ცხადაძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ თვეში ერთხელ, ორი დღით სურს შეკრების ჩატარება. ცხადია, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებთან. ხომ არ გარკვეულა, როდის იქნება პირველი ასეთი შეკრება? 

ეს ჯერ იდეის დონეზეა და ნამდვილად კარგი იქნება. დრო კონკრეტულად არ დათქმულა. 

საქართველოს ჩემპიონატს კარგად იცნობთ და შესაძლოა, ივნისის მატჩებისთვის აქ მოთამაშე ფეხბურთელები უფრო მრავლად ვიხილოთ?

რატომაც არა, თუმცა ამას დრო გამოაჩენს. გაფართოებულ სიაში ახლაც იყვნენ ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელები, შემდეგ შეკვეცილ სიაშიც დარჩა რამდენიმე მათგანი. ისე კი, პრიორიტეტულია, რომ გათვლა იმ ფეხბურთელებზე კეთდებოდეს, რომლებიც უცხოეთის ნორმალურ გუნდებში თამაშობენ. ხაზი გავუსვათ – რომლებიც თამაშობენ და რიტმში არიან. სამწუხაროდ, უცხოურ ლიგებთან შედარებით, ჩვენი ჩემპიონატი დაბალი დონისაა, თუმცა ისე ნამდვილად არაა საქმე, თითქოს აქაურებს ხაზი უნდა გადავუსვათ. შანსი ექნებათ. 

ვარჯიშებზე გამოჩნდებოდა და გკითხავთ: რამდენად ერთიანი იყო გუნდი? იგრძნობოდა, რომ ერთიანი ორგანიზმი იყო და ყველას გათავისებული ჰქონდა პასუხისმგებლობა? 

ატმოსფეროს მხრივ, ყველაფერი მშვენივრად იყო. ბიჭები ერთმანეთთან მეგობრობენ, კარგი დამოკიდებულება აქვთ. საქმესაც გულიანად, პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. ეგაა, ყველა ასი პროცენტით მზად არ იყო, ზოგს ახალი დაწყებული ჰქონდა თამაში. 

გერმანიასთან პირველივე წუთზე დაშავდა ალეკო ამისულაშვილი და შესაცვლელი გახდა. მართალია, მისმა შემცვლელმა ლაშა დვალმა მშვენივრად ითამაშა, მაგრამ ასეთი უცაბედი ცვლილება ძალიან არასასურველია. ამისულაშვილს ვარჯიშზეც აწუხებდა ფეხი? 

არა, ვარჯიშებზე ჩვეულებრივ გამოიყურებოდა, არაფერი განსაკუთრებული არ აწუხებდა. საწყენია, რომ პირველივე წუთზე გამოსაცვლელი გახდა და ამის გამო თამაშიც ისე ვერ წავიდა, როგორც გვსურდა. ამას დაემატა თორნიკე ოქრიაშვილის იძულებითი შეცვლაც. ისე, ამისულაშვილთან აქამდე არ მიმუშავია და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. პროფესიონალი და თავისი საქმის კარგად მცოდნეა. 

ახლა დვალზე, რომელიც შარშანწინ თქვენ ათამაშეთ 19-წლამდელთა ნაკრებში, ევროპის ჩემპიონატზე. მაშინ დვალი სხვებზე ერთი
წლით პატარა იყო...

დვალის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ ფსიქოლოგიურად ძლიერია. არ შეუშინდა გერმანელებს, არადა, ზოგი ანერვიულდებოდა. რაც უნდა იყოს, 19 წლის ბიჭი ნაკრებში პირველივე მატჩს მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ატარებ, თანაც, ასე უცებ რომ გიწევს მინდორზე შესვლა... ლაშას გერმანიასთან კარგად რომც ვერ ეთამაშა, ვერ იტყოდი, რომ ცუდი ფეხბურთელია. არის ნერვიულობის, შიშის ფაქტორები და კარგია, რომ ლაშას ეს არ ჰქონია. გერმანიასთან შემთხვევით კარგად ვერ ითამაშებ. მოვა დრო, როცა დვალის კვალად, სხვა ახალგაზრდებიც დაწინაურდებიან ეროვნულ ნაკრებში და იმედია, ისინიც კარგად წარმოაჩენენ თავს.  

ილია ნანობაშვილი