სიახლეები

თბილისში თუ მესი ჩამოვიდა...

გაუზიარე

გერმანიასთან შესარჩევი მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის წმინდა საფეხბურთოსთან ერთად, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი იყო _ უეფას საგანგებო წარმომადგენლები შეხვედრას ორგანიზაციული კუთხით აკვირდებოდნენ და სუპერთასისთვის რეპეტიაციად განიხილავდნენ. ელექტრო-ბილეთების სისტემის, ახალი ტაბლოსა და უფრო მძლავრი გახმოვანების გამოცდა უეფამ სწორედ გერმანიასთან მატჩისას სავსე ტრიბუნების წინ ითხოვა. სუპერთასისთვის სხვა ბევრი მოთხოვნაც არის, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ ტურნიკეტების, ტაბლოსა და გახმოვანების მუშაობას დაეთმო. 
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საქართველო-გერმანია სამწუხაროდ უეფას სადისცპლინო კომიტეტისთვისაც გახდა მნიშვნელოვანი, მოედანზე სტრიკერების შეჭრის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახლა გარკვეულ სანქციებს უნდა ელოდოს...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან ინტერვიუ კი არც ერთი ხსენებული თემით არ დაგვიწყია, მას პირველად ქომაგურად ვკითხეთ, რომ...

ეთანხმებით მოსაზრებას, რომ აქამდე საქართველოში გერმანიაზე ძლიერ გუნდს არ უთამაშია?

ერთი შეხედვით, ასეა. თუ გავითვალისწინებთ გერმანიის ნაკრების სტატუსს, ქვეყნის მასშტაბს, ამ ქვეყნის საფეხბურთო კულტურას, ტრადიციებს და შემდეგ ამ ყველაფერს დღევანდელ ნაკრებს დავუკავშირებთ, მართლაც უძლიერეს გუნდს მივიღებთ და, მივიღეთ კიდეც. ამ ფორმაციის გერმანიის ნაკრები არატიპიურ გერმანულ ფეხბურთს თამაშობს. გერმანელებს ბარსელონასავით შეტევა ჰყავთ, უმაღლესი ტექნიკითა და იმპროვიზაციის დიდი უნარით დაჯილდოებული ფეხბურთელებით...

საქართველოს ნაკრების თამაშით კმაყოფილი დარჩით?

წაგებული მატჩის შემდეგ წესით კმაყოფილი არ უნდა იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის გარშემო მიმდინარე ამბების გათვალისწინებით, ბოლომდე უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. ბოლო ორი მატჩიდან რასაც ველოდით, ის მივიღეთ კიდეც. ველოდით, რომ მალტას დავჩაგრავდით და ისე მოვუგებდით და ასე გამოვიდა კიდეც, გერმანიასთან კი სასიამოვნო იყო, რომ მეორე ტაიმში კახა ცხადაძემ თამაშში ორი შემტევი ჩართო. ზოგადად, ჩვენი ფეხბურთის მთავარი მონაპოვარი ის იქნება, თუ მოსაგებს მოვიგებთ, ტოპ-კლუბებთან ღირსეულად გამოვჩნდებით, საშუალო ევროპული დონის გუნდებთან კი ტოლ-სწორად ვითამაშებთ. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, თუმცა გზადაგზა შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ისეთი გუნდებიც დავამარცხოთ, გრანდებს რომ მიეკუთვნებიან. ჩვენ უნდა გვყავდეს საშუალო ევროპული დონის გუნდი, რომელიც მუდამ უნდა ესწრაფვოდეს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე მონაწილეობას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძეს და ვიმედოვნო, რომ მის ხელში გუნდი მომავალში წარმატებით ითამაშებს. 

ბოლო ორ მატჩში რამდენიმე ახლამა ფეხბურთელმა ითამაშა, რამდენიმეც გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა ნაკრებში. მოლოდინი ყველა ფეხბურთელმა გაამართლა?

ჩემგან არ გამოვა ფეხბურთელების დახასიათება, თუმცა ერთს ლაშა დვალზე კი ვიტყვი, რომ ამ ბიჭის თამაში სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ და იმედია მომავალში კიდევ უფრო მოუმატებს. მას ყველა მონაცემი აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ.

გერმანიასთან მატჩი უეფასგან სუპერთასისთვის რეპეტიციად განიხილებოდა და შეხვედრას საგანგებოდ მოვლენილი მზირებიც ესწრებოდნენ. კმაყოფილნი დარჩნენ?

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე მოედანზე პირველი სტრიკერი არ გადმოხტა. შეუფერხებლად იმუშავა ახლადდამონტაჟებული ტურნიკეტების ქსელმა, ტაბლომ, გახმოვანების სისტემამ, თუმცა მოედანზე შვიდი კაცის შეჭრამ სუპერთასისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გარკვეული დაღი დაასვა. მაგალითად, თუ მავანს შვაინშტაიგერთან შუა მოედანზე შეჭრის საშუალება აქვს, იოლი წარმოსაგდენია თბილისში რომ მესი ჩამოვიდეს, რა ამბავი იქნება... ცუდი ფაქტი მოხდა იმიტომაც,  რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ახლა შესაძლოა სტადიონს დისკვალიფიკაცია მისცეს და შოტლანდიასთან მომავალი საშინაო შესარჩევი მატჩი უმაყურებლოდ ჩაგვატარებინოს. ასე სუპერთასს ვერ დავიცავთ, ამ შეხვედრამ გვიჩვენა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სამუშაო კიდევ გვაქვს. 

სუპერთასისთვის სხვა მოსამზადებელი სამუშაოები როგორ მიდის?   

ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაფერი გრაფიკით მიდის. მალე დაიწყება ეროვნულ სტადიონზე ახალი სკამების და განათების სისტემის მონტაჟი, მოწესრიგდება სტადიონის ტერიტორია... მოკლედ ინფრასტრუქტურულად ყველაფერი დროულად გაკეთდება, დანარჩენი კი ოპერატიული სამუშაოები იქნება, მონაწილე გუნდებისა და ოფიციალური პირების დახვედრა-განთავსება-გაცილება, ტრანსპორტირება, საზეიმო ღონისძიებები... 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფასთან ამჟამად როგორი ურთიერთობა აქვს?

ჩვენ უეფასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ამჟამად ეს ურთიერთობა საუკეთოსო ფაზაშია. ჩვენი ჩინებული ურთიერთობის საზომად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ მომავალში საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვან და ძალიან პრესტიჟულ მატჩსა და ტურნირს უნდა უმასპინძლოს. კმაყოფილი და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უეფასთან ასეთი მჭიდრო და თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ამაყი ვარ ასევე უეფას ჩინოსნებთან პირადი ურთიერთობებითაც. 

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი 3 აპრილს განახლდება, მაგრამ რამდენიმე გუნდისთვის ფინანსური საშველი ისევ არ ჩანს...

გუნდებს თუ ფინანსური პრობლემები აქვთ, დამეთანხმებით, ეს არანაირ კავშირში არ არის ჩემპიონატის ჩატარების სისტემასთან ან უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდასთან. მე იმ ხალხის ავანგარდში ვარ, ვისაც კლუბების მთლიანად კერძო სექტორში გადასვლას უჭერს მხარს და ეს ფაქტი გაახარებს, მაგრამ დღეს სწორედ ამ საკითხზე ნახევარი ევროპა ბჭობს და გამოსავალს ეძებს. ისე არ არის ვითარება, რომ მთელ ევროპაში იდეალური საფეხბურთო მეურნეობა იყოს და პრობლემები არ არსებობდეს. იტალიის სერია ა ავიღოთ, 10 წელიწადია ისინი ლიგის რეორგანიზაციას აკეთებენ და საბოლოო შედეგამდე ჯერაც ვერ მისულან. ჩვენი ჩემპიონტი რამდენიმე კლუბის ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მაინც დაძაბულად მიმდინარეობს. მატჩებში ფავორიტის ვინაობა ძნელად გამოსაცნობია. მსაჯების შარშანდელმა სკანდალურმა ამბებმა, მაქსიმალურად ბოლომდე გამორიცხა გარიგების ფაქტები. მოვიწვიეთ სამსაჯო კომიტეტის უცხოელი ხელმძღვანელი და მისი აქ ყოფნით, დიდი იმედი მაქვს ჩვენში მსაჯობის დონეც მნიშვნელოვნად ამაღლდება. 

თქვენი საარჩევნო-საპრეზიდენტო საქმეები როგორაა? 

აქაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ მაინცდამაინც არ ვაქტიურობ, თუმცა პოტენციურ მხარდამჭერებთან შეხვედრებიც მაქვს. ვმართავ კონსულტაციებს გარკვეულ საფეხბურთო წრეებთან და პარალელურად საარჩევნო პროგრამის კიდევ უფრო დახვეწაზე ვმუშაობ. 

საპრეზიდენტო რბოლაში ახალი კონკურენტი ხომ არ გამოჩენილა?

ყოველ შემთხევაში, ახალი კონკურენტის შესახებ არაფერი მსმენია.

როდის ჩატარდება ფედერაციის ყრილობა?

2015 წელს, თუმცა მკითხველი ნუ იფიქრებს, ყრილობისა და საპრეზიდენტო არჩვნების კონკრეტული თარიღის გამოცხადებას შეგნებულად ვაჭიანურებდეთ. ყრილობის მომზადებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უამრავი საქმე აქვს და მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი ევროპის სუპერთასის ღირსეული მასპინძლობაა. ჩვენ გვსურს, რომ რასაც ვაკეთებთ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ და დამატებითი სალაპარაკო არავის მივცეთ. 

კობა ინასარიძე