სიახლეები

სლავა მეტრეველი - ყველაზე დიდი პროფესიონალი

გაუზიარე

სლავა მეტრეველი ქართული ფეხბურთის ნამდვილი მშვენებაა და ამ სიტყვებში პათეტიკას მხოლოდ ის ამოიკითხავს, ვისაც ჩვენს ფეხბურთსა და მის ისტორიაზე ზედაპირული წარმოდგენაც კი არ აქვს. საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ გამოჩენილი მარჯვენაფლანგელი საბჭოეთის დროებაში მსოფლიოს ნაკრებში ნათამაშები ერთადერთი ქართველია. ამ შეფასებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არც მის შთამბეჭდავ რეგალიებს აქვს. მთავარი, რამაც სლავა მეტრეველი ქარტველ ხალხს შეაყვარა, მისი თამაში იყო, თამაში, რომლის წყალობითაც სამუდამოდ დარჩა მილიონობით ფეხბურთის მოყვარულის მახსოვრობაში. უფროსი თაობის ნებისმიერ გულშემატკივარს ჰკითხეთ, სადმე თუ უნახავთ მასზე დიდი მარჯვენა გარემარბი და დარწმუნებულნი ვართ, დიდი ბრაზილიელის გარდა ვერავის დაგისახელებენ. მართლაც, გარინჩას გარდა, მსოფლიო ფეხბურთს, ალბათ, არ ჰყოლია უფრო დიდი მარჯვენა თავდამსხმელი. სტენლი მეტიუზი? ინგლისელი ჯადოქარი სწორედ რომ სლავას ტოლ-სწორი დიდოსტატი იყო. კიდევ მრავალი გამოჩენილი მარჯვენა შემტევი იყო მსოფლიო ფეხბურთში, მაგრამ გარინჩას გარდა, ვერავისზე იტყოდი, რომ მეტრეველს აღემატებოდა. ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის არც ერთ კლუბსა თუ ნაკრებში ერთდროულად არასოდეს უთამაშია ორ ისეთ გარემარბს, როგორებიც სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი იყვნენ.

ჟურნალისტი და პუბლიცისტი დემიკო ლოლაძე, რომელსაც ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების კარიერის ამსახველი 50-ზე მეტი კრებული აქვს გამოცემული, სლავა მეტრეველის ტალანტის თაყვანისმცემელია მისი დიდ ფეხბურთში შემობიჯების დღიდან: ,,სლავა სოჭთან მდებარე დაბა პლასტუნკაში დაიბადა, ამხელა ტალანტი თბილისის დინამოში რატომ ვერ მოხვდა, ამაზე ყურადღების გამახვილება აღარ ღირს. ისტორია კი ამგვარია: მეტრეველი უკვე გორკის ტორპედოში თამაშობს, სადაც სათამაშოდ ჩადის ვარსკვლავებით სავსე მოსკოვის ტორპედო, სტრელცოვი-ივანოვი-ვორონინი-შუსტიკოვის ლეგენდარული გუნდი. მატჩის შემდეგ, ქართველის თამაშით გაოცებული ტორპედოელები მას სთხოვენ, რომ გუნდის გასაცილებლად მოვიდეს რკინიგზის სადგურში. სლავა მიდის მოსკოველთა გასაცილებლად, ადის მატარებელში და მთავარი მწვრთნელი მას კუპეში კეტავს და მოსკოვში მიჰყავს, რადგან შიშობს რომ ასეთი ტალანტი დიდხანს არ დარცება შეუმჩნეველი და რომელიმე მისი მეტოქის რიგებში აღმოჩნდება. მოსკოვის ტორპედოში რამდენიმეწლიანი თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგ, გული სამშობლოსკენ მოუწევს და თბილისის დინამოში ჩამოსვლისთანავე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება. თამამად ვიტყვი, რომ სლავა საუკეთესო იყო იმ დაუვიწყარ სეზონში, პირველი ვიოლინო იყო მატჩების 90 პროცენტში. მახსოვს, შახტიორთან ვაგებდით, სლავამ გაათანაბრა, შემდეგ მისი პასით ილია დათუნაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ასე იყო არა მხოლოდ იმ სეზონში, სლავა თხემით ტერფამდე პროფესიონალი იყო და ერთნაირად იხარჯებოდა როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ მატჩებში. სლავას ჩაგდებულ თამაშს ვერავინ გაიხსენებს~.

ვლადიმერ ბარქაია, საოცარი ტექნიკით, ლეგენდად ქცეული ეშმაკობითა და იუმორით განთქმული ინსაიდი: ,,სლავა ჩვენ შორის ყველაზე დიდი პროფესიონალი იყო. საქმისადმი მიდგომით ყველასთვის მისაბაძი მოთამაშე გახლდათ. მახსოვს, ტორპედოდან გადმოსვლის შემდეგ როგორი დაჟინებით ჩაგვძახოდა ყველას: ,,წელს ჩემპიონები უნდა გავხდეთ!~ მანამდე არაერთხელ ყოფილა დინამო ახლოს ჩემპიონობასთან, მაგრამ ბოლო მომენტში არ გვიმართლებდა და ოქროს მედლების მოპოვებამდე გუნდს სულ მცირედი აკლდებოდა. სლავას ეს გამუდმებული შეძახილი რწმენას გვმატებდა. უდიდესი ფეხბურთელი იყო, მსოფლიოს ნებისმიერ კლუბსა თუ ნაკრებში ითამაშებდა, უმაღლესი კლასის გარემარბი გახლდათ არაჩვეულებრივი სისწრაფითა და ტექნიკით, სადა და ამავდროულად, ულამაზესი სათამაშო მანერით. მიუხედავად იმისა, რომ შეუდარებელი ინდივიდუალისტი გახლდათ, მუდამ გუნდისთვის თამაშობდა. გუნდის ინტერესებს ყველაფერზე მაღლა აყენებდა და ამ მხრივაც სამაგალითო იყო. არ მაგონდება შემთხვევა, ბოლომდე არ დახარჯულიყოს. პროფესიონალიზმი, ამ სიტყვის სრული გაგებით, გუნდში სწორედ სლავამ შემოიტანა".

სლავა მეტრეველი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მარჯვენა გარემარბია. 30 მაისს მისი დაბადებიდან 78 წელი სრულდება. დღეს კი ჩვენი საამაყო მარჯვენაფლანგელი ერთი სამწუხარო მიზეზის გამო გავიხსენეთ. გუშინ სამუდამოდ გამოვეთხოვეთ მის მეუღლეს, ქალბატონ ტანიას, რომელიც რამდენიმე ათეული წელიწადი გვერდში ედგა სახელოვან ქართველ ფეხბურთელს. 

დემიკო ლოლაძე: სევდიანი, ნაღვლიანი დღეა. სლავას მეგობრები, თანაგუნდელები, თაყვანისმცემლები უკანასკნელ პატივს მივაგებთ ჩვენი საყვარელი ფეხბურთელის მეუღლეს. ვსარგებლობ შემთხვევით და ლეგენდარული გარემარბის თაყვანისმცემლების სახელით მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას სლავა მეტრეველის ოჯახის თანადგომისთვის.

გია გომართელი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ვეტერანი ფეხბურთელები მწუხარებას გამოთქვამენ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის მეუღლის ტატიანა მეტრეველის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.