სიახლეები

მატჩი ბევრი შეცდომით

გაუზიარე

ზუგდიდი-ცხინვალი 3:2

3 აპრილი. ზუგდიდი. „ბაიას“ ბაზა. 600 მაყურებელი

1:0 შ. ლომია (8), 2:0 შ. ლომია (59), 2:1 მახარობლიძე (70), 2:2 მახარობლიძე (79), 3:2 რიგვავა (86)

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, პაჭკორია, აკობია, ა. ენდელაძე (მეგრელიშვილი 46), დ. ქირია (დ. რიგვავა 67), გუგუჩია, შ. ლომია, ლ. წურწუმია, კუტალია, ეხვაია (კუკავა 82)

სათადარიგოები: ივარდავა, კ. ახალაია, ბულია, ც. სამუშია.

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, ვ. კილასონია, ნ. ჯიშკარიანი, მახარობლიძე, თარხნიშვილი, ლექვთაძე, ქარდავა, ცაცკრიალაშვილი (მარკოზაშვილი 59), შინდაგორიძე. 

სათადარიგოები: ნანიევი, ბაჩიაშვილი, ბურძენაძე, მაისაშვილი,იმედაშვილი, გელაშვილი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: ცაცკრიალაშვილი (45), კუტალია (85), წურწუმია (90)

მსაჯი: ბ. ნინუა (ქუთაისი)

22–ე ტურის ამ მატჩში სხვადასხვა მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თუკი მასპინძლები წინა ტურებში დაკარგული ქულების გამო უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, ცხინვალელები ამ სეზონს რიხიანად ატარებენ და მათი მიზანიც ამბიციურია – ევროტურნირზე საასპარეზო საგზურის მოპოვება. ამ ორ სხვადასხვა მიზნისათვის ბრძოლაში მორიგ მნიშვნელოვან შეხვედრას მეტოქეები დანაკლისით შეხვდნენ. ზუგდიდელებს 
დისკვალიფიკაციის გამო, ნახევარმცველები, აკაკი ფარჯიკია და ლუკა კობერიძე აკლდათ, ტრავმის გამო კი ფორვარდი ირაკლი ქობალია და შუახაზელი ვაკო ტყემალაძე არ ჰყავდათ. გვარიანი დანაკლისი ჰქონდათ სტუმრებსაც, დისკვალიფიცირებული თავდამსხმელის, ნიკა კაჭარავას გარდა, ცხინვალელებმა ტრავმირებული მცველი ლევან ჭაფოძე, შემტევი ნიკა ივანიშვილი და ფორვარდი ბაჩანა არაბული მოისაკლისეს...

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ამ მატჩის დრამატული ორი ტაიმი სხვადასხვა სცენარით და თანაც უხვგოლიანად წარიმართა. ნურავის ეგონება, რომ ზუგდიდელთა გარჯას ვაკნინებთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცხინვალელები თავიანთივე უხეში შეცდომების წყალობით დამარცხდნენ, თორემ მეორე ტაიმში ისეთი თამაში აჩვენეს, რომ წაგებას რომ არ იმსახურებდნენ - ეს მატჩის შემდეგ ადგილობრივმა ქომაგებმაც არ დამალეს. ერთიც უნდა აღინიშნოს, მასპინძლის მიმართ მცირედი სიმპათიები მსაჯებისგან დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ამ სიმპათიებისა თუ შეცდომების წყალობით სტუმრებმა იზარალეს...

ცხინვალელთაგან მე–17 წუთზე მახარობლიძემ, 21–ე წუთზე ცაცკრიალაშვილმა ჯარიმა ვერაფრით „დაიმსახურეს“. 46–ე წუთზე კი ფლანგზე ლექვთაძეზე ტყუილად დაფიქსირდა ოფსაიდი. სანაცვლოდ, 34–ე და 57–ე წუთებზე გუგუჩიამ, 56–ეზე წურწუმიამ საჯარიმოს მისადგომებთან ძალზედ იოლად და საეჭვოდ მოიპოვეს ჯარიმის დარტყმის უფლება...

საწყის 45 წუთი თანაბარ ბრძოლაში მიილია, მაგრამ მასპინძლებს მეტად გაუმართლათ და შესვენებაზე მინიმალური ფორით გავიდნენ. ზუგდიდელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. მათ პირველივე საგოლე მომენტი გამოიყენეს. მე-8 წუთზე სტუმართა მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით კარგად ისარგებლა შოთა ლომიამ და ანგარიში გახსნა.

მიღებულმა გოლმა სტუმრები გაახელა და მათ წონასწორობის აღდგენაზე იწყეს ზრუნვა. მე–12 წუთზე ლაშა შინდაგორიძის ჩინებულ პასს სტუმართაგან ყველაზე მეტად გამორჩეული ბიძინა მახარობლიძე ვერ მიწვდა, თორემ ბობღიაშვილი უძლური იქნებოდა. ცხინვალელებმა იერიშები გაამწვავეს, მაგრამ არაერთი ჯარიმის მოპოვების მიუხედავად, საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება ვერაფრით დაიმსახურეს. 26–ე წუთზე მასპინძლებს ფორის გაორმაგება შეეძლოთ, მაგრამ წურწუმიას ჩაწოდებისას ვარლამ კილასონიამ იმარჯვა, გუგუჩიას დარტყმულს კი ნადირაძე გადაეფარა. ხუთ წუთში რატი ცაცკრიალაშვილის მიერ ძლიერად დარტყმული მასპინძელთა მეკარემ ვერ შეიმაგრა, დამატებაზე კაჭკაჭიშვილმა ყველას კი დაასწრო, მაგრამ ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. 44–ე წუთზე ცაცკრიალაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურისას ბაქარ ქარდავას თავური მილიმეტრებით გადასცდა ზუგდიდელთა კარს.

მეორე ტაიმში ცხინვალელებმა მასპინძლები აშკარად დაჯაბნეს და ორი გოლიც გაიტანეს, მაგრამ უხეში შეცდომების გამო დამარცხდნენ. 48–ე წუთზე ქარდავამ გამჭოლი პასით შინდაგორიძე მოძებნა, რომლის დარტმული მეკარე ბობღიაშვილმა აიღო. სტუმრებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ზუგდიდელთა შეტევებს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მათ მაინც იხეირეს. მე–60 წუთზე, მარტივ სიტუაციაში სტუმართა მეკარე ნადირაძემ და მცველმა კაჭკაჭიშვილმა ერთმანეთს ვერ გაუგეს. საჯარიმოს წინ, ცხინვალელთა კიპერი ფეხით შეეცადა მოგერიებას, მაგრამ კაჭკაჭიშვილს გაარტყა, რომლისგანაც ბურთი შოთა ლომიას მიუვიდა, რომელსაცდუბლის გაფორმებაში ხელს აღარავინ უშლიდა - 2:0.

ორბურთიანი ფორის მიუხედავად, კახა კაჭარავას ბიჭებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს. მატჩის გადასარჩენად მათ საკმარისი დრო, სრული 30 წუთი ჰქონდათ და ანგარიშის გათანაბრებასაც შეეცადნენ. სტუმართაგან ლიდერობა იტვირთა ბიძინა მახარობლიძემ, რომელსაც თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი. 69-ე წუთზე მახარობლიძის დარტყმულს ბობღიაშვილი გადაეფარა, მაგრამ ერთ წუთში უძლური აღმოჩნდა. 70-ე წუთზე ლექვთაძის ჯარიმისას ზუგდიდელთა მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი მარკოზაშვილმა მახარობლიძეს დაუგორა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 2:1. ცხინვალელები ამას არ დასჯერდნენ და შეტევები გააგრძელეს. 72–ე დაა 75–ე წუთებზე შინდაგორიძისა და მახარობლიძის გარჯას შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ 79–ე წუთზე მახარობლიძემ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. ის მარჯვნიდან ცენტრისკენ შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მცველები ჩამოიშორა და ეფექტურიდარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ფრის მიუხედავად, სტუმრებმა მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელეს და ამჯერად უკვე მოგებას შეეცადნენ. 83–ე წუთზე ქარდავას დარტყმისას ბობღიაშვილმა იმარჯვა, ორ წუთში კი კაჭკაჭიშვილის მაკრატელა დარტყმისას უძლური იქნებოდა, მაგრამ ზუგდიდელები გადარჩნენ. ამას ცხინვალელთაგან კიდევ ერთი უხეში შეცდომა და საჩუქარი მოჰყვა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დათა რიგვავამ შორიდან გაისროლა, ცხინვალელთა კიპერ ნადირაძეს წესით იოლად უნდა აეღო ეს ბურთი, მაგრამ მოულოდნელად, ისე რომ არავის შეხებია, ბურთი სტუმართა კარის ბადეში აღმოჩნდა და ზუგდიდელებს გამარჯვება მოუტანა.

ნუგზარ კაკულია ზუგდიდიდან