სიახლეები

მარცვალაძე და ტოსნო დაშორდნენ

გაუზიარე

რუსეთის პირველი დივიზიონის ტოსნოსა და ოთარ მარცვალაძეს შორის კონტრაქტი გაწყდა. ამის შესახებ ტოსნოს ოფიციალური საიტი იუწყება და აღნიშნავს, რომ დაშორება ორმხრივი შეთანხმებით მოხდა. 

"კლუბი მადლობას უხდის მარცვალაძეს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს უსურვებს შემდგომ კარიერაში" - ასეთია ოფიციალური განცხადება. 

მარცვალაძე შარშან, სექტემბერში თბილისის დინამოდან გადავიდა ტოსნოში და პირველ დივიზიონში ხშირად არ უწვედა თამაში: შვიდ მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ვერაფერი შედეგია იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც ცნობილია როგორც გუნდის პირველი დივიზიონიდან პრემიერლიგაში გადამყვანი. ეს როლი შეასრულა ვოლგაში, ანჟიში... მარცვალაძეს გოლები გოლებზე გაჰქონდა ამ კლუბებში. 
საერთოდაც, წლეულს ტოსნოს შედეგები მნიშვნელოვნად გაუარესდა. გასულ ტურში მათ 1:2 წააგეს ტიუმენთან და ახლა უკვე მეოთხე ადგილზე არიან, როცა ერთი თვის წინ მეორე საფეხური ეკავათ. ტიუმენთან სათადარიგო იყო ნუკრი რევიშვილი, არადა, პირველ წრეში პირველი დივიზიონის საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა. წლეულს რევიშვილის ნაცვლად სერგეი ნარუბინს აყენებენ კარში, ამას კი უკუშედეგი მოაქვს.  

ქართველებიდან ტოსნოში რეგულარულად თამაში გიორგი ნავალოვსკისა და გურამ თეთრაშვილს უწევთ, თუმცა თეთრაშვილი რუსეთის მოქალაქეა. მარცვალაძის შემთხვევაში ლეგიონერების ლიმიტთან გვაქვს საქმე - ტოსნოს საკმაოდ ბევრი უცხოელი დაუგროვდა.      
მოკლედ, ერთი ქართველი უკვე გამოაკლდა ტოსნოს. საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას მარცვალაძე. 

ილია ნანობაშვილი