სიახლეები

ქართული ლეგიონი : ბევრი ვერაფერი

გაუზიარე

არნემის ვიტესმა მეთერთმეტე წაუგებელი მატჩი ჩაატარა, ამჯერად, ექსელსიორს გასვლაზე 3:1 აჯობა და მეოთხე ადგილზეა (ალკმაარს გადაასწრო). გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. ვაკომ ბოლო წუთზე საგოლე პასი მიითვალა. კარგია, რომ ვიტესის ქართველები ფორმას არ უჩივიან. 

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ თერთმეტი მატჩიდან ვიტესმა ცხრაში მოიგო.  

ჰოლანდიის მეზობლად, ბელგიაში გენკმა ვაასლანდს გასვლაზე 2:0 სძლია, მაგრამ ქართველების გარეშე: თორნიკე ოქრიაშვილს და ლუკა ზარანდიასაც ტრავმა აწუხებთ. 

ჩეხეთში, პრაღული დერბი გაიმართა და ლევან ყენიას სლავიამ სპარტასთან 1:2 წააგო. სპარტა ამ ეტაპზე გაცილებით ძლიერი გუნდია, მაგრამ სლავია უგებდა და თამაშითაც არაფერში ჩამორჩა. ყენიაც აქტიური გახლდათ, ერთხელ თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა. ლევანი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვალეს. სლავია 16 გუნდს შორის, მეთორმეტე პოზიციაზეა. 

უნგრეთში დიორმა შინ 2:3 წააგო ნირედიჰაზასთან. დიორელთა შორის გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა, ნირედიჰაზაში კი ორივე ქართველმა შეცვლაზე ითამაშა: ზურაბ არზიანმა ბოლო ნახევარი საათი, დავით დარციმელიამ კი ბოლო ათი წუთი. დიორი მეცხრე ადგილზეა, ხოლო ნირედიჰაზა - მეთერთმეტეზე.

იტალიის სერია ა-ში ემპოლი სტუმრად 0:4 დამარცხდა ლაციოსთან და მეთხუთმეტე ადგილზეა, თუმცა გავარდნის საფრთხე არ ემუქრება. საწყენია, რომ ლევან მჭედლიძე მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნით დააკმაყოფილეს.   

პოლონეთში იაგელონიამ სტუმრად 0:2 წააგო პოგონთან და მესამე საფეხურზეა. გიორგი ფოფხაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ნიკა ძალამიძე პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს. მიზეზი ტრავმაა... ქართველმა თამაში ვერ გააგრძელა. საშიში არაფერი: ფეხი დაეჭიმა.  

პორტუგალიის პირველ ლიგაში გიორგი მაკარიძის ფეირენსემ ლეიშოეშს 2:1 მოუგო, მეოთხე ადგილზეა და უმაღლესში გადასვლის შანსი აქვს. ლიგაში ორი გუნდი გადადის და ფეირენსე სამი ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსანს, ხოლო ოთხი ქულით - ლიდერს. ზოგადად, მაკარიძეს კარგი პრესა აქვს და ძალიან ცოტა გოლსაც უშვებს. 

უმაღლეს ლიგაში კი ავთო ებრალიძის ჟილ ვისენტეს ცუდად აქვს საქმე. ამ გუნდმა სტუმრად 2:3 წააგო ნასიონალთან და ბოლოსწინა პოზიციაზეა, ორი გუნდი კი ვარდება. ბოლოდან მესამეზე მყოფთან ჩამორჩენა ოთხი ქულაა. ებრალიძე ძირითადში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.   

უკრაინაში დნიპრომ შინ ვერ აჯობა ხარკოვის მეტალისტს - 0:0. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი 
მესამე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ დონეცკის შახტარს, აი, ლიდერი კიევის დინამო კი 8 ქულით გაექცა წინ. შეგახსენებთ, კანკავას გუნდი ევროპის ლიგის მეოთხედფინალშია, სადაც ბელგიურ ბრიუგესთან მოუწევს დაპირისპირებები. 

სწორედ კიევის დინამოს წინააღმდეგ, 2:2 ითამაშა ჯაბა ლიპარტიას ზორიამ. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. სხვატა შორის, ზორია პირველივე წუთზებზე პენალტით დაწინაურდა და სწორედ ლიპარტიას წაქცევას მოჰყვა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა. ჯაბა წლეულს საკმაოდ კარგად თამაშობს ზორიაში, რომელიც მეოთხე ადგილზეა. 

ფინეთის უმაღლესი ლიგა დაიწყო და პირველ ტურში გიორგი ოსიტაშვილის კტპ-მ გასვლაზე 1:1 ითამაშა ლაჰტისთან. მარცხენა მცველმა ოსიტაშვილმა 88 წუთი დაჰყო მინდორზე. 

აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩები წააგეს ქართველი მწვრთნელების გუნდებმა. კახა ცხადაძის ინტერმა დერბიში 0:2 ბაქოს ნეფთჩისთან. ამ შეხვედრაში ჩვენებური ფეხბურთელებიდან მხოლოდ ბაჩანა ცხადაძემ ითამაშა - 75 წუთი. 

რაც შეეხება გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილ სიმურგს, ეს გუნდი ყარაბახთან სტუმრად 0:1 დამარცხდა.   

რუსულ პრემიერლიგაში ყაზანის რუბინმა გასვლაზე ქულა აიღო ზენიტთან - 1:1. ყაზანელთა მცველმა სოლომონ კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო, ხოლო მამუკა კობახიძე განაცხადში იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ. სოლომონმა საიმედოდ ითამაშა.

ჯანო ანანიძემ კი სათადარიგოთა სკამიდან უყურა თავისი ახლანდელი და ყოფილი კლუბის დაპირისპირებას. მოსკოვის სპარტაკმა როსტოვთან 1:2 წააგო და მეშვიდე ადგილზეა. 

ნორვეგიის ჩემპიონატის მეორე ტური, გიორგი გოროზიასთვის უიღბლო გამოდგა. მისმა სტაბეკმა გასვლაზე 0:2 წააგო ოდ გრენლანდთან, ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე  მსაჯმა დაატოვებინა მინდორი. ამასთან, პენალტი დაინიშნა, რითაც ოდ გრენლანდმა ანგარიში გახსნა, მერე კი მეორეც გაუტანა ათკაციან სტაბეკს.

ილია ნანობაშვილი