სიახლეები

ანტონ შვეცი: საქართველოს ნაკრები შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი

გაუზიარე

ამ ფეხბურთელზე ადრეც დაგვიწერია, მაგრამ საინტერესოა, თავად რას ამბობს საქართველოდან შემოთავაზებაზე. საუბარია 22 წლის ანტონ შვეცზე, რომელიც სარაგოსას დუბლებში თამაშობდა, ახლა კი ვილიარეალის დუბლებშია და ძირითად გუნდში გადასასვლელად იბრძვის. ანტონ შვეცი რუსია, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მას ორი-სამი წლის წინ დაურეკეს და აქაურ 21-წლამდელთა ნაკრებში თამაში შესთავაზეს. ფეხბურთელმა უარი თქვა. 

რუსულ "ევროსპორტთან" საუბრისას შვეცმა აღნიშნა, თუ რატომ ჰქონდა საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი.    

"მთელი ბავშვობა საქართველოში გავატარე. იქ ვცხოვრობდი 10 წლამდე. ქართულმა მხარემ ამის შესახებ გაიგო და მითხრეს: "მოდი გასინჯვაზე, მზად ვართ, პასპორტი მოგცეთ". ძალიან დაინტერესდნენ ჩემით. საქმე ისაა, რომ მამაჩემი უკრაინაში დაიბადა, თამაშობდა ფეხბურთს და 20 წლისამ მუხლის ტრავმის გამო დაასრულა კარიერა. მოგვიანებით არმიაში გაიწვიეს და საქართველოში გაგზავნეს. საცხოვრებლად თბილისში გადავედით. 5 წლისა რომ ვიყავი, თბილისის დინამოს სკოლაში მიმიყვანეს. 10 წლის რომ გავხდი, მამამ გადაწყვიტა, მოსკოვში გადავსულიყავით საცხოვრებლად. ასეც მოხდა და ცსკას ბავშვთა სკოლაში გადავედი". 

შვეცი ამბობს, თუ რატომ თქვა უარი ქართველთა წინადადებაზე: 

"21-წლამდელთა ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ. მათ მადლობა გადავუხადე, მაგრამ უარი ვუთხარი. ველოდი და იმედი მქონდა, რომ რუსეთის 21-წლამდელებში დამიძახებდნენ. 18 წლიდან ესპანურ კლუბებში ვარ, მაგრამ ერთხელაც კი არ დაინტერესდნენ ჩემით. ეს დღემდე მწყინს".  

კითხვაზე, თეორიულად რომელი ქვეყნის ნაკრებში შეუძლია თამაში, შვეცმა უპასუხა: 

"უკრაინის. თუმცა იქიდან არავის დაურეკავს". 

ჩვენი მხრივ გეტყვით, რომ შვეცს იმ დროს ალექსანდრე ჩივაძემ დაურეკა და 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის პერსპექტივაც გააცნო, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ფეხბურთელმა უარი განაცხადა. შვეცი რუსეთის მოქალაქეა. ორი-სამი წლის წინ ის მართლაც დიდ იმედებს იძლეოდა, თუმცა ვილიარეალის ძირითად გუნდში ვერ დაწინაურდა.    

ილია ნანობაშვილი