სიახლეები

ნიკა კაჭარავა ცხინვალს გოლებით დაუბრუნდა

გაუზიარე

11 აპრილი, თბილისი. "მიხეილ მესხი " (სათადარიგო)

ცხინვალი - გურია  3:0

1:0 კაჭარავა (73), 2:0 კაჭარავა (83), 3:0 შინდაგორიძე (86)

ცხინვალი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, ქარდავა (იმედაშვილი 69), ჯიშკარიანი, ივანიშვილი, ვ. კილასონია, მახარობლიძე (მაისაშვილი 88), თარხნიშვილი, ლექვთაძე (შინდაგორიძე 63), ცერცვაძე, ნიკა კაჭარავა.

სათადარიგოები: ნანიევი, ბურძენაძე, ბაჩიაშვილი, მარკოზაშვილი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გურია: გოგუაძე, ცინცაძე, კილაძე, გ. მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, გაბრიჭიძე, კოშკაძე, შალამბერიძე, ბენაშვილი, მოსიაშვილი (მათიაშვილი 82), წილოსანი (ისიანი 82)

სათადარიგოები: იმერლიშვილი, ინგოროყვა, გოგიაშვილი, წაწანიძე, ზოზულია

მწვრთნელი:  თემურ ლორია

გაფრთხილება: შალამბერიძე (24), კაჭკაჭიშვილი (33), გაბრიჭიძე (82)

მსაჯი: დავით სანოძე

ცხინვალს გურიასთან მატჩამდე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და მისი გამარჯვება დიდწილად ნიკა კაჭარავას თამაშმა განაპირობა, რომელიც გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა და დუბლიც შეასრულა. უცნაურია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალმა მეორე ტაიმში 3 გოლი გაიტანა, კაჭარავას გუნდი პირველ ტაიმში უფრო მეტ ხიფათს ქმნიდა. გოლის გატანა მატჩის დებიუტში მახარობლიძეს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული კარს გადასცდა. ამ მომენტის შემდეგ ორჯერ ივანიშვილს, შემდეგ კი კაჭარავას შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ივანიშვილს გოგუაძემ აუღო, კაჭარავას დარტყმული კი ძელს მოხვდა. გამოუყენებელი მომენტებისთვის ცხინვალელთა დასჯა მოსიაშვილს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ნადირაძემ მოიგერია. მოსიაშვილის მომენტის შემდეგ ზედიზედ ორჯერ და კვლავ სახიფათოდ კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა შეუტიეს. ერთ ეპიზოდში ლექვთაძე იყო ხელსაყრელ პოზიციაში, თუმცა ბურთი ვერ დაამუშავა და მომენტი დაიკარგა, მეორე ეპიზოდში კი ნადირაძის კარიდან ატანილ ბურთზე ლანჩხუთელმა მცველებმა და მეკარემ ერთმანეთს ვერ გაუგეს, ყველას მახარობლიძემ აჯობა, თუმცა ძლიერად ვერ დაარტყა და ანგარიში უცვლელი დარჩა. 

მეორე ტაიმი გურიამ აქტიურად დაიწყო და რამდენიმე წუთი ბურთს თემურ ლორიას ფეხბურთელები აკონტროლებდნენ. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა მჭედლიშვილს, რომელმაც ბურთი თავისი ნახევრიდან წაიღო, რამდენიმე ცხინვალელს გასცდა, საჯარიმოშიც შევიდა, თუმცა საკმარისად კარგად ვეღარ დაარტყა და ნადირაძემ აჯობა. მიუხედვად ცხინვალელთა 3 გოლისა, მეორე ტაიმის მშვენება სწორედ ეს ეპიზოდი იყო. 

მჭედლიშვილის გარღვევიდან რამდენიმე წუთში პირველი გოლი გავიდა. 73-ე წუთზე ივანიშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან კარგად ითამაშა, ერთ მცველს გასცდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ გოგუაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კაჭარავამ დაასწრო და ანგარიში გახსნა. პირველი გოლიდან დაახლოებით 10 წუთში კაჭარავამ დუბლი შეასრულა. შეცვლაზე შესულმა დავით იმედაშვილმა კაჭარავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მანაც დუბლი შეასრულა. გურიას ფეხბურთელებმა გოლი გააპროტესტეს და მსაჯს თამაშგარეს დაფიქსირებას სთხოვდნენ, თუმცა ამაოდ. კაჭარავამ დუბლის გარდა საგოლე გადაცემაც შეასრულა. საგოლე პასი მან შეცვლაზე შესულ შინდაგორიძეს გაუკეთა, რომელმაც მეკარე მოატყუა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

კახა კაჭარავას გუნდი ამ გამარჯვებით სამტრედიას მიუახლოვდა, რომელმაც ბათუმის დინამოსთან ქობულეთში წააგო. გურია კი 32 ქულით მერვე პოზიციაზეა. შემდეგი მატჩი ცხინვალს უშუალო კონკურენტ შუქურასთან სტუმრად აქვს, გურია კი „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ტორპედოს მიიღებს. 

ოთარ მუმლაძე