სიახლეები

ცუდი ამინდი და ყოჩაღი მინდია

გაუზიარე

11 აპრილი. ქუთაისი. „ცენტრალური“.  600 მაყურებელი

ტორპედო - ზუგდიდი  0:0

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, იოსელიანი, ზ. ჭელიძე, მამასახლისი (ჩიკვილაძე 84), გოგუაძე (ზივზივაძე 64), კირკიტაძე, ქიმაძე, ბ. ტუღუში (ბაბუნაშვილი 55), კვერნაძე

სათადარიგოები: შევჩენკო, მახვილაძე, ქებაძე, კანკია

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, აკობია, პაჭკორია, მაჩაიძე, რიგვავა, ქირია (კუკავა 65), კობერიძე, გუგუჩია, ლ. წურწუმია (ენდელაძე 78), კუტალია, შ. ლომია (ფარჯიკია 87)

სათადარიგოები: ივარდავა, სამუშია, ბულია, ახალაია

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია 

მსაჯი: აბდულა 

გაფრთხილება: ქირია (26), კვერნაძე (33), იოსელიანი (41), კობერიძე (58), იოსელიანი (90)

გაძევება: იოსელიანი (90)

მიჯრით მოგებული ოთხი თამაშის შემდეგ ტორპედო უმაღლესიდან გასავარდნ ზონას  დაშორდა და  სატურნირო ცხრილის შუაგულში მოექცა. მორიგი გამარჯვების შემთხვევაში  გუნდს მოწინავე ხუთეულში მოსახვედრად ბრძოლის კარგი შანსიც უჩნდებოდა. ერთი შეხედვით, ტორპედოელებს არც უნდა გასჭირვებოდათ წარმატებული სერიის გაგრძელება, ვინაიდან მეტოქედ აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი ჰყავდათ, თუმცა ამჯერად მათ სამის ნაცვლად, ქულაღა შეჰმატეს საკუთარ აქტივს.
სადებიუტო წუთებში საინტერესო არაფერი მომხდარა, თამაში ერთობ დაბალ ტემპში და ორმხრივი შეცდომებით დაიწყო. წვიმისგან დამძიმებულ მინდორზე მეტოქეები მეტწილად საჯარიმოებს შორის მოქმედებდნენ. დუნე კალაპოტიდან თამაში მე-16 წუთისთვის გამოვიდა. სტუმრებმა აქტიურად შეუტიეს  და საჯარიმოს უფლება მოიპოვეს. კარამდე საკმაოდ შორი, თანაც  მახვილი კუთხე იყო. სტანდარტულის შესრულება ლუკა გუგუჩიამ ითავა და დარტყმა სახიფათო გამოუვიდა, თუმცა ტორპედოელმა მცველმა ბურთის კუთხურზე გადაგდება მოახერხა. კუთხურიც გუგუჩიამ შეასრულა, საჯარიმოში ჩაწოდებულს გოდერძი მაჩაიძე ოდნავ ვერ მიწვდა, ეს რომ არა, ალბათ, ანგარიშს გახსნიდა.
მალევე თითქმის ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ზუგდიდელთა კართან. გურამ ადამაძე გამოეხმაურა პარტნიორის გადაცემას და საჯარიმოს შიგნიდან თავურით გაგზავნა კარისკენ, მაგრამ არაზუსტად. 22-ე წუთზე სტუმრები ოთარ კვერნაძემ დააფრთხო. მცველთა გარემოცვაში მყოფმა ტორპედოელთა ფორვარდმა ასე 13 მეტრიდან შეძლო კარისკენ დარტყმა, თუმცა მიზანს ვერც მან უწია. მერე გიორგი ქიმაძე მარცხნიდან სახიფათოდ მიუახლოვდა მეტოქის კარს, მაგრამ მცველებმა იყოჩაღეს და მასპინძლები კუთხურსღა დააჯერეს. 29-ე წუთზე ზუგდიდელები სწრაფად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და გუგუჩიას გადაცემის შემდეგ ლევან კუტალიამ ხელსაყრელი პოზიციიდან დაურტყა ბექა შეყრილაძეს, თუმცა მეკარე ფხიზლად იდგა. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი, ფაქტობრივად, მასპინძელთა გამუდმებულ შეტევებში წარიმართა და მათ დაწინაურების რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ. კირკიტაძის კუთხურიდან ჩაწოდებულებზე ადამაძემ ორჯერ მოუგო საჰაერო ბრძოლა ზუგდიდელ მცველებს, მაგრამ კარში ზუსტად ვერ დაარტყა. გატანის ყველაზე რეალური შანსი კი ბექა ტუღუშს ჰქონდა, როცა ახლო მანძილიდან დაურტყა მინდია ბობღიაშვილს, ოღონდ ბურთი ზუგდიდელი მცველისგან კუთხურზე გადავარდა.
რაც შესვენებამდე ვერ მოახერხეს, მასპინძლებს თამაშის განახლებისთანავე შეეძლოთ. სანაქებოდ გაისარჯა კვერნაძე, მან ეფექტურად გადაავლო ბურთი თავზე მეურვეს და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ არანაკლებ ოსტატურად იმოქმედა ბობღიაშვილმა, რომელმაც ფორვარდის დარტყმული კუთხურზე მოიგერია. ათიოდე წუთში თავი გუგუჩიამ გამოიდო, იგი მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი დრიბლინგით გასცდა სამ ტორპედოელს მაგრამ იერიში კუთხურით დასრულდა. 64-ე წუთზე ისევ კვერნაძე აღმოჩნდა მოვლენათა ეპიცენტრში, ოთარმა ზუგდიდელთა კარის დაბალ კუთხეს დაუმიზნა, ოღონდ ბობღიაშვილმა ამჯერადაც არ გაატანინა.  მერე ზაზა ჭელიძეს შეეძლო მასპინძელთა დაწინაურება, მაგრამ ახლოდან დარტყმული ჩარჩოს აუცდა. მალევე სტუმართა  საჯარიმოში დიდი არეულობა შეიქმნა - თავისიანებს ხიფათი კვლავაც ბობღიაშვილმა ააცილა.
მასპინძლებს აშკარად არ სწყალობდათ ბედი, რისი დასტურიც თამაშის ბოლოსკენ მეტოქის კართან შექმნილი ორი ეპიზოდიც გახლდათ. პირველ შემთხვევაში დათა რიგვავამ კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, მეორედ კი ზუგდიდელთა საჯარიმოში დატრიალებულ გოლისმომასწავებელ ამბებს კიპერმა დაუსვა წერტილი. მინდია ბობღიაშვილი მართლაც რომ საუკეთესოდ გაისარჯა ამ შეხვედრაში. ზუგდიდმა რომ ქუთაისიდან ქულა წაიღო, დიდწილად საკუთარ მეკარის უნდა უმადლოდეს..
ტორპედოელებმა ამ მატჩში მოგებათა სერია შეწყვიტეს და ორი ქულის გარდა, მოთამაშითაც  იზარალეს - არბიტრის მიერ დამატებულ დროში გივი იოსელიანმა მეორე გაფრთხილებით თავი გაიძევა.
 
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
ავტორის ფოტო