სიახლეები

თვითმმართველობის გადაწყვეტილების მოლოდინში

გაუზიარე

11 აპრილი. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’.  300 მაყურებელი.

კოლხეთი – ზესტაფონი  4:0

1:0 ლ.შენგელია (39), 2:0 ჟიშკარიანი (62), 3:0 ლ.Lშენგელია (75), 4:0 ამბროლაძე (85)
კოლხეთი: სეფიაშვილი, გ. კილასონია, ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, ლ. შენგელია (ამბროლაძე 80), გოგონაია, ჟიშკარიანი, გიგაური, კაკულია (ბარამიძე 80), შ. ჯიქია (ქორჩილავა 76);  
სათადარიგოები: ძაგანია, ჩადუნელი, სარსანია,  გუგუშვილი;
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი 
ზესტაფონი: კუპატაძე, მთივლიშვილი (ჩიხრაძე 46), მჭედლიშვილი, რობაქიძე,  გაგოშიძე, რაჟამაშვილი (კვირკვია 46), ვასაძე, სიხარულია, ბერიძე, ჯერემია (სამუშია 59), ილურიძე
სათადარიგოები: ჯალაღონია, დ. ლომაია, გაჩეჩილაძე, ხაბელაშვილი
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (49) 
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

აღდგომის წინა დღეს ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას ფოთის კოლხეთსა და ზესტაფონს შორის ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კოლხები გამარჯვების შემთხვევაში უშუალო მეტოქეს გადაუსწრებდნენ  და გასავარდნ ზონასაც საკმაოდ დასცილდებოდნენ. რაც შეეხება ზესტაფონელებს, გუნდს წინა ტურში რუსთავის მეტალურგთან გამარჯვების შემდეგ არ უვარჯიშია და თბილისიდან ლანჩხუთში მათი გამგზავრება მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საწვავის დახმარებით მოხერხდა.
შეხვედრას ქარი და წვიმა დაერთო. საკმაოდ ციოდა. ჭირვეული ამინდის მიუხედავად, გულშემატკივრები ორივე კლუბს ახლდნენ, რომლებიც თამაშის ბოლომდე ამხნევებდნენ თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს.
მატჩი ,,მასპინძელთა~ შეტევებით დაიწყო. ფოთელებმა უპირატესობა შეხვედრის  დებიუტშივე მოიპოვეს და რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნაც მოახერხეს.
თავიდან ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა გოგონაიას ჰქონდა. გიგაურის განივი გადაცემის შემდეგ იგი საჯარიმოს ხაზიდან ურტყამდა, თუმცა ფოთელთა კაპიტნის მცდელობა არაზუსტი გამოდგა.
მალე შეტევაში ჩართული კილასონიამ სცადა დაახლოებით იგივე მდგომარეობიდან გატანა, მაგრამ კუპატაძემ სწორი პოზიცია შეარჩია და ხიფათი განმუხტა.
ამის შემდეგ სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და ფოთელთა კარს სერიოზულად დაემუქრნენ. ჯერემიას გადაცემის შემდეგ ბერიძე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ოდნავ მახვილი კუთხიდან მოჭრილად დაარტყა. ბურთმა კარის ძელს სულ ახლოს ჩაუქროლა.
ეს იყო და ეს. ტაიმის შუაწელიდან უპირატესობას ისევ ზღვისპირლები დაეუფლნენ და მატჩის ბოლომდე თამაში მათი დომინირებით წარიმართა. ხუთი წუთის ინტერვალში თავის გამოჩენის შესაძლებლობა გიგაურსა და გოგონაიას ჰქონდათ, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში ორივე მათგანს ხელი მოეცარა. 
ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი ფოთელებს 34-ე წუთზე მიეცათ. შენგელიამ მცველების უყურადღებობით ისარგებლა, მეტოქეს ბურთი აართვა და საჯარიმოს წინა ხაზთან მდგომ კილასონიას დაუგორა, რომლის ძლიერ დარტყმას კუპატაძე ნახტომით მისწვდა დაკუთხურზე მოიგერია. გიგაურის მოწოდებულ კუთხურზე გოგონაიამ მცველებს დაასწრო და მაღალ ნახტომში თავური დაარტყა. ბურთი კარის ბადეს ზევიდან დაეცა.
ზღვისპირლებს მონდომება 39-ე წუთზე დაუფასდათ. გიგაური მოედნის ცენტრში თავის მეურვეს დაუსხტლდა და დიაგონალური გადაცემით შენგელია მეკარის პირისპირ გაიყვანა. კოლხეთის ნახევარმცველმა თანაგუნდელის წამოწყებული შეტევა დიდებულად დაასრულა და შეუჩერებელი დარტყმით კუპატაძეს საკუთარი კარის გადარჩენის არავითარი შანსი არ დაუტოვა - 1:0.
ტაიმის მიწურულს ფოთელებს ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ჰქონდათ. შეტევაში ჩართულმა ლემონჯავამ დრიბლინგით რამდენიმე  მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში მყოფ ჯიქიასკენ მაღალი გადაცემა გააკეთა. კოლხეთის ფორვარდის თავური დარტყმა ხარიხას ზევიდან გადაევლო.
შეხვედრის განახლების შემდეგ თამაში ზღვისპირელთა სრული უპირატესობით წარიმართა. უვარჯიშებელ და თბილისიდან მგზავრობით დაღლილ ზესტაფონელ ფეხბურთელებს ძალა მხოლოდ პირველი ტაიმის სათამაშოდ ეყოთ. მეორე ნახევარში მათ პრაქტიკულად წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს მეტოქეს.
ფეროელთა ინერტულობის ფონზე ფოთელები აღმაფრენით ათამაშდნენ და უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს. მათი ჩამოთვლა  ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ გოლებით შემოვიფარგლებით.
62-ე წუთზე ფოთელთა შეტევის შემდეგ შენგელია მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერად გაისროლა. კუპატაძე ნახტომში მისწვდა ბურთს და მოიგერია, თუმცა დამატებაზე ჟიშკარიანმა მეტოქის მცველებს დაასწრო და ზესტაფონელთა კარის ბადე შეარხია - 2:0.
75-ე წუთზე კოლხებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს. გიგაური მოედნის ცენტრიდან დაიძრა და შეტევაში ჟიშკარიანი ჩართო, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე ჩაირბინა და ზუსტი გადაცემით საპირისპირო მხარეს საჯარიმოს კუთხესთან მყოფი შენგელია მოძებნა. ,,მასპინძელთა” ნახევარმცველმა თანაგუნდელების წამოწყებული იერიში დიდებულად გააგრძელა და ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით დუბლი მიითვალა - 3:0.
მატჩის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე დაფიქსირდა. ამ შეხვედრაში ყველაზე აქტიურმა გიგაურმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად დაარტყა. კუპატაძემ ნახტომით სიტუაციის განმუხტვა მოახერხა, თუმცა დროებით. მეკარის მოგერიებულ ბურთს ჟიშკარიანი დაეუფლა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ შეცვლაზე შესულ ამბროლაძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც გამოზომილი დარტყმით ზესტაფონელთა კარი უპრობლემოდ დალაშქრა -4:0.

მატჩის შემდეგ
ზაზა ინაშვილი: ,,ჩვენთვის ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სახიფათო ზონას დავცილდით და შედარებით მშვიდად ყოფნის საშუალება მოგვეცა".
გიორგი მიქაძე: "წინა ტურის შემდეგ არ გვივარჯიშია. თბილისიდან ლანჩხუთში გამომგზავრება მხოლოდ დღეს დილით მოვახერხეთ. ბიჭებს რა უნდა მოვთხოვო, სანამ ძალა ეყოთ, ითამაშეს, მეორე ტაიმში კი ფიზიკურად ვეღარ გაუძლეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ზესტაფონის თვითმართველობის წარმომადგენლებმა სიტუაციის დასარეგულირებლად რამდენიმე დღე კიდევ ითხოვეს. ჩვენც ველოდებით".

ირაკლი ქავთარაძე 
ლანჩხუთიდან