სიახლეები

ბეგაშვილმა დინამოს ოქროს ქულები დააკარგვინა

გაუზიარე

მერანი-დინამო თბ 1:1

11 აპრილი. მარტვილი. `მურთაზ ხურცილავა~. 1 000 მაყურებელი
0:1 პაპუნაშვილი (15), 1:1 დ. ციცხვაია (19)
მერანი: ბეგაშვილი, ორბელაძე, ლომაშვილი, მელიავა, გეგეჭკორი, კიკნაველიძე, ფონიავა, ჯღამაია (წყაროზია 57), გ. ფიფია (გ. წურწუმია 88), დ. ციცხვაია (ს. ლომია 65), შულაია
სათადარიგოები: მამალაძე, გეგია, ქაჯაია, ი. ციცხვაია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
დინამო თბ: ნ. დაუშვილი, თოთაძე, გველესიანი, კაკაბაძე, შერგელაშვილი, პარუნაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ვოლკოვი 77), ჩირგაძე (მანუელი 59), ჭანტურიშვილი (ჯანელიძე 67)
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ტაბატაძე, ბუკორაცი, ჯიღაური
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: ჭანტურიშვილი (45), ფონიავა (60), ლომაშვილი (67)
მსაჯი: ლაშა სილაგავა

პირველად ამ სეზონში, თბილისის დინამო მესამე პოზიციამდე დაქვეითდა. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მარტვილში გამარჯვების შანსი არ ჰქონია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მერანმა ეს ქულა დაიმსახურა. 
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში თერთმეტივე ფეხბურთელი ქართველი იყო, რაც მეორე წრეში პირველად მოხდა – სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა, სერბი საყრდენი სტეფან ბუკორაცი და ესპანელი ფორვარდი მანუელ ონვუ თადარიგში იყვნენ, ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა რენე ფერეირამ კი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
კუთხურების, კარში დარტყმებისა და ბურთის ფლობის მხრივ დინამოს უპირატესობა აშკარა იყო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი მასპინძელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილი უნდა დავასახელოთ, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა. სხვათა შორის, მან მარტვილელთა შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა. გამოცდილმა ზურაბ მამალაძემ კი ამ ჩემპიონატში პირველად დაისვენა.
სტუმრები სწრაფად დაწინაურდნენ – გიორგი პაპუნაშვილი მერანის საჯარიმომდე დაუბრკოლებლად მივიდა და იქიდან ბეგაშვილს დაბალ კუთხეში გაუტანა. აქ დინამოს რიკოშეტიც წაეხმარა.
მარტვილელმა ქომაგმა ოთხიოდე წუთში გაიხარა. დინამოელმა გიორგი გველესიანმა საკუთარ საჯარიმოში ბურთი ცუდად მოიგერია, დათა ციცხვაია კი უმალ გაჩნდა საჭირო ადგილზე და ერთი შეხებით ძლიერად დაარტყა – 1:1.
შესვენებამდე ბეგაშვილმა დინამოს კაპიტნის, ლაშა თოთაძის სახიფათო საჯარიმო მოიგერია.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ოთარ კიტეიშვილი მასპინძელთა მცველთან ბრძოლაში რომ დაეცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ცოტა ხანში ვახტანგ ჭანტურიშვილი გავიდა ბეგაშვილთან პირისპირ. დინამოს შემტევს დასარტყმელად დროც ჰქონდა და სივრცეც, მაგრამ მერანის მეკარეს ვერ აჯობა.
ბეგაშვილმა ორჯერ არ გაატანინა შეცვლაზე შესულ მანუელს. განსაკუთრებით სახიფათო ამ უკანასკნელის თავური იყო, რომელიც მერანის კიპერმა ეფექტური ნახტომით მოიგერია, რაშიც კარის ძელიც წაეხმარა.
ეს იყო და ეს, მერანელებმა ქულა შეინარჩუნეს და ლიდერის შეცვლის საქმეში უმთავრესი როლიც ითამაშეს.

დაზმირ ჯანაშია
მარტვილიდან