სიახლეები

გაყოფილი ლიდერობა

გაუზიარე

დილა-სიონი  1:0 
11 აპრილი. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 2000 მაყურებელი 
1:0 ერისთავი (73)
დილა: მიგინეიშვილი, სეთურიძე, ქარქუზაშვილი, ბაგაევი, მარიჩი, ფალავანდიშვილი, გვალია, კვეკვესკირი, თექთურმანიძე (ახალკაცი 56), ერისთავი (რაზმაძე 83), გორელიშვილი
სათადარიგოები: სომხიშვილი, სამხარაძე, ხიდეშელი, კვახაძე, კურმაშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი 
სიონი: ბათიაშვილი, ჯინჭარაშვილი, სვანიძე, მოსემღვდლიშვილი, გიორბელიძე, გაფრინდაშვილი, ზ. ლობჟანიძე, მიქაბერიძე (დ. ფოფხაძე 64), არაუჟო (გოგობერიშვილი 54), ჭიკაიძე, დ. სიჭინავა (ცხადაია 54)
სათადარიგოები: მერლანი, ოთარიშვილი, ჭანკოტაძე, უგულავა 
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაფრთხილება: მიქაბერიძე (63), მოსემღვდლიშვილი (75), ბაგაევი (86), ლობჯანიძე (86), ჭიკაიძე (87)
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი  

საჩემპიონო ბრძოლაში აქტიურად ჩართული დილა, ცხადია, ყველა მატჩში გამარჯვებისთვის იბრძვის და მით უფრო ისეთ გუნდებთან შეეცდება გამორიცხოს ქულის დაკარგვა, რომლებიც სატურნირო ცხრილის აუტსაიდერები არიან. 
სიონთან გორელები შემტევი ტაქტიკური სქემით გავიდნენ სათამაშოდ, სტუმართა მთავარი მიზანი კი საკუთარი კარის უსაფრთხოება იყო. თბილისის დინამოსთან მატჩის შემდეგ დილას ძირითადი შემადგენლობა რამდენადმე შეცვლილი იყო. ვფიქრობთ, გუნდს ყველაზე მეტად ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე აკლდა, რომელიც ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა თავისიანებს. 
საჯარიმოს მისადგომებთან მჭიდროდ განლაგებულ ბოლნისელთა ზღუდეების გადალახვა მასპინძლებს ერთობ უჭირდათ და სტანდარტული მდგომარეობიდან ჩაწოდებებით უფრო ახერხებდნენ ზურაბ ბათიაშვილისთვის პრობლემების შექმნას. ასეთ დროს განსაკუთრებით აქტიური შეტევაში ჩართული მათი ტანმაღალი მცველი ალან ბაგაევი გახლდათ, რომელიც რამდენჯერმე დაემუქრა სიონის კარს. პირველი აღსანიშნავი ხიფათი სწორედ ბაგაევის ახლო მანძილიდან დარტყმულ თავურს მოჰყვა, თუმცა ვითარება სტუმართა გოლკიპერმა განმუხტა. 
მე-16 წუთზე მიხაილ გორელიშვილის დარტყმულს მცველი რომ არ გადაფარებოდა, შესაძლოა გოლიც გასულიყო. დროის დაახლოებით ათწუთიან მონაკვეთში კი თექთურმანიძე ორჯერ იყო ახლოს მიზანთან, მაგრამ ერთხელ ბათიაშვილმა არ დაანება გატანა, ერთხელაც მახვილი კუთხიდან მასვე გაუჭირდა თითქმის დაუცველ კარში ბურთის შეგორება. მთელი ყურადღებით დაცვაზე გადართული სიონი შეტევაში სიმწვავით არ გამოირჩეოდა. 
მეორე ტაიმის პირველი ხიფათი ისევ ბათიაშვილის კართან შეიქმნა და კვლავ ბაგავის თავურს მოჰყვა - ალანმა ამჯერად კარს მცირედით ააცილა. სტუმართა თავკაცმა ორმაგი ცვლილებით სცადა თამაშის მსვლელობაში კორექტივების შეტანა, მაგრამ ამაოდ. ცოტა ხანში ნიკა კვეკვესკირის მიერ მეკარისაგან შორეულ კუთხეში დარტყმული ძელმა აისხლიტა. 73-ე წუთზე კი სიონი ვეღარაფერმა გადაარჩინა. გიორგი ერისთავმა საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი, ცრუ მოძრაობით გვერდი აუარა მცველებს და ზუსტად გაგზავნა მიზანში - 1:0. გოლი ლამაზი გამოვიდა. 
ანგარიშის გახსნის შემდეგ ხისტი თამაშიც გაჩაღდა და არბიტრმა, დიდხანს რომ არ უწევდა ვინმეს გაფრთხილება, ბოლოს ყვითელი ბარათები უხვად არიგა. ბოლნისელებს ანგარიშში გათანაბრების საშუალება არ მისცემიათ, განსხვავებით მასპინძლებისგან, რომელთაც (გორელიშვილი) მსაჯის საფინალო სასტვენამდე კიდევ შეეძლოთ გატანა. 
თამაშის მიმდინარეობისას სტადიონის დიქტორი ბათუმისა და თბილისის დინამოელების მატჩებში ანგარიშის ცვალებადობას ატყობინებდა მაყურებელს. დილას ქომაგი ერთი უშუალო კონკურენტის წაფორხილებამ კმაყოფილი დატოვა. გორელები ამ გამარჯვებით ბათუმელებთან ერთად ქულათა თანაბრობით სატურნირო ცხრილის ლიდერობას იყოფენ, თუმცა ურთიერთშეხვედრათა შედეგების ხარჯზე ისინი მეორე პოზიციაზე არიან.        
    
დაჩი ნაპირელი გორიდან