სიახლეები

ლიდერობა ისევ ზღვისაა

გაუზიარე

ქობულეთი.11 აპრილი. „ჩელე არენა“. 100 მაყურებელი

დინამო(ბთ) - სამტრედია 1:0 

1:0 კაკუბავა (საკუთარ კარში 33)

დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, ქორიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, შონია, გოგიტიძე (ვარშანიძე 70), დიასამიძე, ქავთარაძე, თევდორაძე (ჭკუასელი 77), ბერიაშვილი (მუჯირი 88). 

სათადარიგოები: მამინაშვილი, ტატანაშვილი, ფარტენაძე აბუსელიძე. 

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

სამტრედია: მუჯრიშვილი (თევდორაძე 27 ) კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, თევზაძე (კვირკველია 70), ბოლქვაძე (კერძევაძე 85), დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, გურული, გეწაძე, კაპანაძე. 

სათადარიგოები: შალიკაშვილი, შარიქაძე, გრიგალაშვილი, იაშვილი. 

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: გორგიაშვილი (35), დიასამიძე (46, 50), თევზაძე (70) კაპანაძე (80) 

გაძევება: დიასამიძე (50) 

მსაჯი: ლევან კვარაცხელია

სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის მიერ დასჯილმა ბათუმის დინამომ უმაყურებლო „ჩელე არენაზე“ სამტრედიასთან სეზონის ყველაზე რთული მატჩი ჩაატარა და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა. ბათუმელთა ფანკლუბი  გუნდს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან ამხნევებდა. 

განაცხადში სამტრედიელთა ძირითადში ალექსანდრე იაშვილი გუნდის კაპიტნად იყო მითითებული, მაგრმა „იაშკამ“ მოედანი ჯერ კიდევ მოთელვის დროს დატოვა და მის ნაცვლად მოედანზე თორნიკე კაპანაძე გამოვიდა. საკადრო პრობლემები  ლევან ხომერიკსაც  ჰქონდა, გუნდის კაპიტანი მახარაძე დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა გუნდს.

მე -11 წუთზე ქავთარაძის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოდან კაკუბავამ გამოიტანა და ამას შონიას უძლიერესი დარტყმა მოჰყვა, ბურთმა მუჯრიშვილის კარის ცხრიანს იმდენად ახლოს ჩაუარა, რომ დინამოს მესვეურები ფეხზეც კი წამოხტნენ. ტაიმის შუაწელში სამტრედიელთა მეკარე მუჯრიშვილი შესაცვლელი შეიქნა, მის ნაცვლად მოედანზე რევაზ თევდორაძე გამოვიდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე გავიდა: ბათუმელთა შეტევისას მარჯვენა ფლანგზე ბურთი თევდორაძემ და ქავთარაძემ გაითამაშეს, ამ უკანასკნელის ჩაწოდებულს შონიამ შეუცვალა მიმართულება, იქვე მყოფმა ბერიაშვილმა ერთი ცრუმოძრაობით ორი მცველი „განაირაღა“ და კარის მიმართულებით იმდენად უხეიროდ დაარტყა, რომ ბურთი ისევ მას დარჩა, მეორე მცდელობა ოდნავ უფრო ძლიერი კი იყო, მაგრამ, ბურთი კარს ასცდებოდა, სამტრედიელთა მცველს, კაკუბავას ბურთი საკუთარ კარში რომ არ ჩაეჭრა. სტუმრებმა თამაში ცენტრიდან გაანახლეს და კინაღამ მეორე გოლიც გაუშვეს. სამტრედიელთა მეკარე თევდორაძემ ბურთი ცუდად მოგერია და თავის მოგვარე ბათუმელ თევდორაძეს მოარტყა, მისდა საბედნიეროდ, ბურთი კარის ხარიხას გადასცდა. ტაიმის მიწურულს სტუმრები გააქტიურდნენ, მათი სტანდარტულები ზოგჯერ სახიფათოც იყო. მე-40 წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ: დიასამიძის კუთხურის შემდეგ ბერიაშვილი მეკარის საჯარიმოში მარტო აღმოჩნდა, პირველი დარტყმა არ გამოუვიდა, მეორისას კი სამტრედია გიგა ბეჭვაიას თავგანწირულმა თამაშმა იხსნა. 

მეორე ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, როცა მსაჯმა კვარაცხელიამ ბათუმელთა საჯარიმოში ქავთარაძის მიერ სანდრო გურულზე უხეში თამაში დააფიქსირა და ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი რევაზ გეწაძემ შეასრულა და... ბურთი ალავიძისგან მარცხენა ძელს მოარტყა. პენალტის დანიშვნისას მსაჯმა კამათის გამო მასპინძელთა ნახევარმცველი დიასამიძე გააფრთხილა, ზუსტად 4 წუთში კი დიასამიძე უკვე სამტრედიელთა საჯარიმოში წააქციეს და... კვარაცხელიამ მას სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი ნაადრევად დაატოვებინა. ფაქტობრივად მთელი მეორე ტაიმი დინამო გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ სამტრედიას კაცნაკლული ეთამაშა და წნეხს გაუძლო, მატჩის გმირადაც, ალბათ, ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძე უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც 55-ე წუთზე საოცარი სეივი გვაჩვენა: ამ მომენტში სამტრედიელთა მრავალსვლიან შეტევას თევზაძე აგვირგვინებდა, იმერელთა მე -19 ნომერმა ბურთი ცხრიანში გაგზავნა და რომ არა ალავიძის ჩინებული რეაქცია, გოლი გარდაუვალი იყო. ზღვისპირელები თავს შემდგომშიც კარგად იცავდნენ და შეძლებისდაგვარად კონტრშეტევბზეც გადაიოდნენ. ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბმა მატჩის მიწურულს შეცველები განახორციელა და კარის მისადგომები უფრო შეუვალი გახადა. 88-ე წუთზე მოედანზე შესულ ვეტერან ამირან მუჯირს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ბურთი სამტრედილეთა კარს მცირე მანძილით ასცდა. 

ერთი სიტყვით, ბათუმის დინამომ მეტოქის მასირებული იერიშები მოიგერია და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა. თბილისის დინამოს მართვილურმა ფრემ კი წყალი მათ წისქვილზე დაასხა და ბათუმელები ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. 

ბესიკ ჩიბურდანიძე