სიახლეები

თამაზ კოსტავა: „მთავარია, ჩვენ კარგი, შეკრული გუნდი ავაშენოთ, რომ ყველა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ“

გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მალტაში მიღწეული წარმატების შემდეგ, სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ჩვენმა გოგონებმა წარმატებით დაძლიეს ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი და ჯგუფის პირველ ადგილზე გავიდნენ.

დღეს კი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თამაზ კოსტავა და ნაკრების ფეხბურთელები „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

თამაზ კოსტავა: „მიუხედავად ამ დიდი წარმატებისა, სამუშაო ძალიან ბევრია. შესარჩევი ეტაპის მატჩებში ბევრი მინუსი დავინახეთ, რასაც  ყურადღება უნდა მივაქციოთ და ეს ყველაფერი გამოსასწორებელია.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩებს, ძალიან მძიმე ბრძოლა გვქონდა ფარერებთან. მალტამ კი, ასე ვთქვათ „გაისეირნა“ ანდორასთან და ჩვენთან შეხვედრაში უფრო დასვენებულები იყვნენ. ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ მალტასთან. მართალია, მათ ფიზიკურად გვაჯობეს, მაგრამ თანაბარი თამაში იყო და ჩვენც შეგვეძლო მოგება. ანდორასთან მატჩის წინ კი, ისეთი განწყობით მივდიოდით სტადიონზე, რომ აუცილებლად დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო და გვჯეროდა, რომ ფარერები შეძლებდა მალტის დამარცხებას.

ეს წარმატება იმის დამსახურებაცაა, რომ ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდია. გოგონებმა ყველა დავალება შეასრულეს, ძალიან მონდომებულები იყვნენ და არ მინდა, რომ ვინმემ მათი ეს წარმატება დააკნინოს და მათი დამსახურება დაიკარგოს. ჩემთვისაც გაკვეთილი იყო ეს შესარჩევი და ეს გამოცდილება ყველას გამოგვადგება. ბედნიერი ვარ, რომ ამ გოგონებთან ვმუშაობ და იმედი მაქვს, ბევრი შრომით წარმატებას მივაღწევთ.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც ძალიან დაგვეხმარა; ქალთა ფეხბურთის ფედერაციას გვერდში დგომისთვის.

20 აპრილს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. ახლა, მთავარია ჩვენ კარგი, შეკრული გუნდი ავაშენოთ, რომ ყველა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. შეიძლება, ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ იქ წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ და გამოცდილება მივიღოთ. მე ამ გუნდის იმედი მაქვს.“

განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპი შეაჯამეს ნაკრების ფეხბურთელებმაც.

ტატა მატვეევა (ნაკრების კაპიტანი): „უპირველესად, მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს ასეთი თავდადებისთვის. ამ მატჩებისთვის ისეთი შემართებით ვემზადებოდით, რომ გვჯეროდა, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდით. ამ გამარჯვებამ დიდი სტიმული მოგვცა და ახლა ყველა ველოდებით 20 აპრილის წილისყრას.“

თაკო ტატუაშვილი (ნაკრების ფეხბურთელი): „ამ ტურნირს ჩვენ სამი წელი ველოდებოდით. ლიტვაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასასვლელად სულ ცოტა დაგვაკლდა და ახლა, მთელ იმედებს ამ შესარჩევზე ვამყარებდით. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და ვეცდებით, მომავალში უფრო მეტი გავაკეთოთ.“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 20 აპრილს გაიმართება. საქართველო მე-5 კალათაშია და შესაბამისად, ჯგუფში ძლიერ მეტოქეებს უნდა ველოდოთ.

 

სფფ-ის პრესსამსახური