სიახლეები

ჰუფნაგელს გარჯა არ დაუფასეს

გაუზიარე

ქართული პასპორტის მქონე ლუკა ჰუფნაგელმა უნტერჰახინგის შემადგენლობაში დორტმუნდის სარეზერვოების წინააღმდეგ ითამაშა. ეს მესამე ბუნდესლიგის მატჩში, რომელიც დორტმუნდი 2-მა 1:0 მოიგო. საინტერესოა, რომ ლუკამ 78-ე წუთზე პენალტი მოინადირა და თან მეკარე გააძევებინა, თუმცა თერთმეტმეტრიანი მისმა თანაგუნდელმა პასკალ კიოპკემ ვერ გაიტანა - მეკარემ აუღო. 

პასკალ კიოპკე წარსულში ცნობილი მეკარის, ანდრეას კიოპკეს შვილია და აქვე ვთქვათ, რომ ჰუფნაგელის თანაგუნდელები არიან მათს ჰუმესლსისა და მარიო გიოტცეს ძმებიც. უნტერჰახინგი მესამე ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა. 

საინტერესოა, რომ დორტმუნდი 2-ში იურგენ კლოპის გუნდის ფეხბურთელებმაც ითამაშეს, მათ შორის ყველაზე ცნობილები იყვნენ კევინ გროსკროიტცი და მათიას გინტერი. ცნობისთვის, გროსკროიტციც და გინტერიც შარშან მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. იოაჰიმ ლიოვის 23-კაციან სიაში იყვნენ, თუმცა თამაში არ უწევდათ.  

ლუკა ჰუფნაგელი 21 წლისაა და ასაკით ალექსანდრე ჩივაძის ნაკრებში თამაში შეუძლია. ლუკა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ირჯებოდა. 

ერთიც: თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჰუფნაგელი ახალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებს. კარგი პრესა აქვს, აქებენ და მეორე ბუნდესლიგის კლუბებისგან აქვს მიწვევა.  

ილია ნანობაშვილი