სიახლეები

ჭანტურია კლუჟიდან მიდის, ოღონდ კლუჟში რჩება

გაუზიარე

სეზონის ბოლოს საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ჭანტურიამ შესაძლოა რუმინული კლუჟი დატოვოს და კარიერა ამავე ქალაქის მეორე კლუბში _ უნივერსიტატიაში გააგრძელოს. 

ეს ამბავი სწორედ უნივერსიტატიას ხელმძღვანელობამ გაახმაურა, თქვეს, რომ მათ ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი აქვთ და უკვე სატრანსფერო თანხაც გადაუდიათ. როგორც ყველაგან, რუმინეთშიც ქალაქ კლუჟის ეს ორი გუნდი ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან წაკიდებულნი და თუ ქართველის ტრანსფერი შედგა, ძნელი სათქმელია კლუჟის ქომაგების მხრიდან ამ ამბავს როგორი რეაქცია მოჰყვება.

ჩვენი რუმინელი კოლეგები კი უკვე ამტკიცებენ, რომ გიორგი ჭანტურია სეზონის ბოლოს კლუბს უეჭველად დატოვებს. კლუჟში ახლა მწვავე ფინანსური კრიზისია. სწორედ ფინანსური მაქინაციების გამო იყო, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ კლუბს 24 ქულა რომ დააკლო. ამჟამად კლუჟი რუმინეთის ლიგა 1-ში ბოლოსწინა ადგილზე და გავარდნის რეალური კანდიდატია. წლეულს დიდი მიღწევებით არც ჭანტურიას სავარაუდო ახალი კლუბი გამოირჩევა _ უნივერსიტატია მე-13 ადგილზეა, თუმცა კლუჟთან შედარებით გადარჩენის მეტი შანსი აქვს.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა რუმინეთში 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

გივი დიასამიძე