სიახლეები

ქასიმფაშას მწვრთნელი ისევ შეეცვალა

გაუზიარე

თურქულ ქასიმფაშას, სადაც ლაშა დვალი თამაშობს, მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეეცვალა. შოთა არველაძემ 13 მარტს დატოვა კლუბი, მისმა შემცვლელმა იან ვოუტერსმა კი სულ ერთი თვე იმუშავა. ჰოლანდიელ ვოუტერსს ცუდი შედეგის გამო მოუწია წასვლა: მისი თავკაცობით გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე წააგო: გალათასარაისთან 2:3 და გენჩლერბირლიგისთან 2:5. 

ქასიმფაშას ახალი მწვრთნელი გახდა მეჰმეთ აურელიო, რომელმაც გუშინ პირველი ვარჯიში ჩაატარა. ის 37 წლისაა და აქამდე პროფესიონალური გუნდი არ გაუწვრთნია. აურელიო ბრაზილიელია, მაგრამ თურქეთის ნაკრებში თამაშობდა - 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე თურქთა ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი იყო. თამაშობდა ტრაბზონსფორში, ფენერბახჩეში, ბეტისსა და ბეშიქთაშში. 

დვალს რაც შეეხება, რაც ქასიმფაშაში გადავიდა, ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, 19 წლის
ცენტრალური მცველი მომდევნო სეზონშიც ამ კლუბშიც ითამაშებს თუ არა. დვალს კონტრაქტი ინგლისურ რედინგთან აკავშირებს და მაისში ან ივნისში გადაწყდება, გამოისყიდის თუ არა მას სტამბოლური კლუბი.     

ილია ნანობაშვილი