სიახლეები

კობა ინასარიძის პასუხი გია გორგოძეს

გაუზიარე

თავიდანვე ვიტყვი, კოლეგებისა და საზოგადოების წინაშე გულწრფელად ვინანიებ იმ ფაქტს, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე ხმა გიორგი გორგოძეს მივეცი... 
აღმოჩნდა, რომ ხმა მივეცი მატყუარას, რომელმაც არჩევნებისას გაცემული ბევრი პირობა დაარღვია... ნაცვლად იმისა, რომ სპორტული ჟურნალისტების პირველი დამცველი იყოთ, როგორც ამას თქვენი წინამორბედი ელგუჯა ბერიშვილი აკეთებდა,  24 საათს ჩვენზე ქილიკსა და ავყიობაში ატარებთ.

,,დღევანდელი სპორტული ჟურნალისტიკა არის არაპროფესიონალიზმი, უვიცობა, გაუნათლებლობა" _ ეს ბატონი გორგოძის ის ფრაზაა, TVS-ის ეთერში გუშინწინ რომ თქვა და რაც მანამდეც ხშირად უთქვამს. კი მაგრამ, ბატონო გორგოძე, თავი რომ კიტრად მოგაქვთ, თქვენ ვისი და რომელი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზიდენტი ბრძანდებით? უვიცებთან, გაუნათლებლებთან და არაპროფესიონალებთან თქვენნაირ გამოცდილ და პროფესიონალ ჟურნალისტს რა საერთო აქვს?! იქნებ სხვა საქმისთვის მიგეხედათ და უფრო განვითარებულ სფეროში მოგესინჯათ თავი?!

ტყუილი იყო, იმავე TVS-ში რომ თქვით, სპორტული ჟურნალისტები ბორჯომში შევკრიბე და საქმიანი შეხვედრა გვქონდაო. თავად გახლდით ბორჯომში და სპორტულ ჟურნალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა დამეთანხმება, რომ ის შეკრება არც თქვენი ორგანიზებული  ყოფილა და არც საქმიანი შეხვედრა. ჩვენი უახლოესი მეგობრის, ბაჩო სვანიძის ხსოვნის სახელობის ტურნირში ვითამაშეთ და მერე ვიჯომარდეთ... თქვენ კი, მხოლოდ ანტურაჟის ფუნქცია გქონდათ, რადგან ჩვენს ბაჩოსთან არაფერი გაკავშირებდათ.

შექმნის დღიდან რომ ფეხბურთის ფედერაციის მედიადეპარტამენტი და ამ დეპარტამენტის გამოცემა `ჩვენი თამაში~ გაკერიათ პირზე და ბოღმას ანთხევთ, იქნებ გვიპასუხოთ, ასე რამ გაგამწარათ? იმან ხომ არა, რომ ფეხბურთის ფედერაციიდან "რაღაც-რაღაცებზე" უარი მიიღეთ?! თუ იმან, რომ ვერ ეღირსეთ ფედერაციის სათავეში თქვენთვის სასურველი ხალხის მოსვლას. 
ტყუილს ამბობთ, `ჩვენი თამაში~ თანამშრომლების გადაბირებას ცდილობსო. ჯერ ერთი, არც ერთი ჟურნალისტი ,,ჩვენს თამაშს” არ გადაუბირებია და მეორეც, გადაბირებასა და დასაქმებას შორის, რომ იცოდეთ, უზარმაზარი სხვაობაა, მაგრამ თქვენ ხომ სხვისი კარგი არ გახარებთ...

ნაცვლად იმისა, რომ ახალი სამუშაო ადგილის გამოჩენასა და უმუშევარი ჟურნალისტების დასაქმებას მისალმებოდით, გამოდიხართ და მკვახე-მკვახე სიტყვებს აბრახუნებთ უადგილოდ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ ტყუილებს არ ვწერთ და შესაბამისად, არც მკითხველს ვატყუებთ. ფედერაციის რუპორიო, რომ ამბობთ, იქნებ საკუთარ თავში ჩაიხედოთ და თქვათ, ვინ ვისი რუპორია?! ანუ ვინ მოგვიწოდებს სპორტულ ჟურნალისტებს სპორტის მინისტრისა და ხაბარელ-ხაბელოვის დავაში არ ჩარევისკენ?! მოვლენათა არგაშუქებისკენ და ერთი მოდავე მხარის უპირობო მხარდაჭერისკენ? ამისკენ მოგვიწოდებთ თქვენ, კაცი, ვინც ყველანაირი წეს-კანონის, ეთიკისა და მორალის გათვალისწინებით, სამართლიანობისა და ობიექტურობის ეტალონი უნდა იყოთ. ამის სანაცვლოდ კი, თავად იქეცით მხარედ სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის დავაში.

ჰოდა, რაკი ასე არ არის, ნება მიბოძეთ, იქით მოგიწოდოთ და ეს მოწოდება ჩემი ძალიან ბევრი კოლეგის სახელით გავახმაურო _ დაუყოვნებლივ დატოვეთ თქვენი პოსტი, თქვენ სპორტულ ჟურნალისტთა ოჯახის თავკაცობისთვის უბრალოდ, სრულიად შეუფერებელი ხართ... წაბრძანდით თქვენი ნებით, ვიდრე ეს ჩვენ, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას გაგვიკეთებია რიგგარეშე არჩევნების გზით. როგორც მოგიყვანეთ, ისე მიგაბრძანებთ... 
ვფიქრობთ, თქვენთვის დიდი პატივია ის, რომ გიპასუხეთ. მომავალში კი თქვენთან უსაგნო პოლემიკას არ ვაპირებთ და გირჩევთ, ნურც თქვენ გამოიდებთ თავს. თქვენი საქმე ახლა გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა უნდა იყოს...

კობა ინასარიძე