სიახლეები

უსიამოვნო ამბავი

გაუზიარე

უკვე კარგა ხანია ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მიზეზი უცნაური გახლავთ, რადგან აქ რეალურად საქმე ფულის არქონას არ ეხება. თავის დროზე, კლუბის მეპატრონემ, ილია კოკაიამ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან კლუბების დაფინანსების შესახებ და სამართლიანობის მიზნით, მოითხოვა, ყველა კლუბი ერთნაირ პოზიციაში აღმოჩენილიყო. სამწუხაროდ, კერძო მესაკუთრის ეს ლოგიკური და სამართლიანი მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით, უყურადღებოდაა დარჩენილი და შედეგად ის მივიღეთ, რომ გუშინ ზესტაფონი საკუთარ არენაზე გორის “დილასთან” მატჩზე არ გამოცხადდა. ფეხბურთელები, რომელთა დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს, უსახსრობისს და ხელფასების მიუღებლობის გამო თამაშზე ვერ ჩავიდნენ.  

"ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს" - ამ სიტყვებს სკანდირებდნენ პატარა ზესტაფონელი ქომაგები და მართლაც ძნელია, არ დაეთანხმო ნორჩ გულშემატკივრებს, რომელთა საყვარელი გუნდი ახლა ნამდვილად არ განიცდის საუკეთესო დროებას. "დავით აბაშიძეზე" მხოლოდ დილას ფეხბურთელები და არბიტრები გავიდნენ, ზესტაფონს კი, სავარაუდოდ, ტექნიკურ მარცხს დაუფიქსირებენ. ყველაფერ ამის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ მატჩის დირექტორს, ლევან რამიშვილს: "ძალიან სამწუხაროა, რომ ფინანსური პრობლემების გამო, ზესტაფონი საკუთარ მოედანზე სათამაშოდ ვერ გამოცხადდა. ამ მატჩში ტექნიკური შედეგი 0:3 დაფიქსირდება და შესაბამისად, ზესტაფონს წაგება ჩაეთვლება. დანარჩენს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და გადაწყდება, თუ როგორ იფუნქციონირებს კლუბი მომავალში”.

შექმნილ მდომარეობაზე გულისტკივილი გამოთქვა გორის დილას მთავარმა მწვრთნელმაც, რომლის თქმითაც, სასურველი იქნება, თუ მსგავსი ფაქტები არასოდეს განმეორდება ეროვნულ ჩემპიონატში. 

უჩა სოსიაშვილი: "ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა. წლების განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელიც შედეგებითაც და ფინანსურადაც გამორჩეულია, რომელსაც გააჩნია დიდებული სტადიონი და საწვრთნელი ბაზა, ჰყავს იდეალური გულშემატკივარი, დღეს ფაქტობრივად, დაშლის პირასაა მისული. მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც ხელეწიფება, რომ გულისყურით და ყურადღებით მოეკიდნონ ამ საკითხს. თუ ფეხბურთის განვითარებაზე ვფიქრობთ და პროგრესზე, მაშინ ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს".

კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს სერგო ფუტკარაძესაც: `როგორც მოგეხსენებათ, კლუბის დაფინანსების პროცესი დროში ძალიან გაიწელა. საერთოდ, არსებობს თუ არა ამ პრობლემის გადაწყვეტის სურვილი ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფაქტია, რომ დღეს გუნდის ფეხბურთელებმა ზესტაფონში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ფინანსური პრობლემების გამო, გუნდს არ აქვს სასტუმროს მომსახურების გადახდის საშუალება. ამიტომაც ფეხბურთელთა უმეტესობა დედაქალაქში ცხოვრობს, სადაც ემზადებიან თამაშებისათვის. დღეს ისინი უფულობის გამო ვერ ჩამოვიდნენ, შესაბამისად, მატჩი ჩაიშალა. ამ ფაქტს, სავარაუდოდ, სანქციები მოჰყვება. რაც შეეხება კლუბის დაფინანსების საკითხს, სამშაბათს, 15 საათზე დაგეგმილია ქალაქის საკრებულოს სხდომა, სადაც ეს საკითხი განიხილება. როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს, არ ვიცი, თუმცა მეეჭვება, საკითხი ქართული ფეხბურთისა და ზესტაფონის სასარგებლოდ გადაწყდეს. ყველაფერს უახლოეს ორ დღეში გავიგებთ~. 

ცოტნე ბაკურაძე ზესტაფონიდან