სიახლეები

სიონის მნიშვნელოვანი გამარჯვება გორში

გაუზიარე
სიონი (ბოლნისი) - მერანი (მარტვილი) 1:0
18 აპრილი, გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე (კ), მოსემღვდლიშვილი, ცნობილაძე, საჯაია (ჭიკაიძე, 80), ფოფხაძე (გაფრინდაშვილი, 64), ცხადაია, გოგობერიშვილი, ლობჯანიძე, სიჭინავა (ჭანკოტაძე, 61), ლუის ალბერტო.
სათადარიგოები: მერლანი, ჯინჭარაშვილი, უგულავა, ენდრიუ და სილვა
მთავარი მწვრთნელი : ლადო ბურდული

მერანი: ბეგაშვილი, მელიავა, ორბელაძე (კ) (ქაჯაია, 46), ციცხვაია, კიკნაველიძე, ქიქავა, წყაროზია (წურწუმია, 56), ჯღამაია, ლომია, შულაია, ფიფია (ციცხვაია, 46).
სათადარიგოები: მამალაძე, ფონიავა, გეგეჭკორი, კუშნირი.
მთავარი მწვრთნელი:  ვლადიმერ ლობასი

გოლები:  ლუის ალბერტო (33)

გაფრთხილება: ცხადაია (13), მოსემღვდლიშვილი (57), ლომია (63), წურწუმია (72), ბათიაშვილი(90+2)
მთავარი მსაჯი: მარილ აპაპი (მალტა)

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონმა მარვილის მერანს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ბოლნისელთა სტადიონი ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და სიონი ეროვნული ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებს თენგიზ ბურჯანაძეზე ჩაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ არც სიონისთვის და არც მერანისთვის გორის სტადიონი საშინაო არ არის, თამაშს ორივე გუნდის ფანები მრავლად დაესწრნენ. კარგ საქმეს აკეთებს სიონი. ბოლნისელებმა ტრადიციად აქციეს მზრუნველობამოკლებული ბავშვების საშინაო მატჩებზე წაყვანა და დასწრება. 
თამაშის დაწყებიდანვე ინიციატივას ბურდულის ფეხბურთელები ფლობდნენ და მიუხედავად სწორხაზოვანი შეტევებისა რამდენიმე სახიფათო მომენტი სიონს დებიუტშივე ჰქონდა. მარცხენა ფლანგიდან აქტიურობდა გოგობერიშვილი, რომელმაც პირველ ტაიმში საგოლე პასი გააკეთა. ლუის ალბერტოს გოლამდე, მისი პასით სვანაძესაც შეეძლო გატანა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. მერანმა თამაში თავიდანვე კონტრშეტევებზე ააწყო და ეს თამაშის მიმდინარეობისას ნათლად გამოჩნდა. პრიველ ტაიმში ლობასის ფეხბურთელებს კარგი მომენტი ჰქონდათ, თუმცა მოსემღვდლიშვილის არადამაჯერებელი თამაშით საბა ლომიამ ვერ ისარგებლა და მისი დარტყმული ბათიაშვილმა მოიგერია. ამ მომენტის შემდეგ მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა. 33-ე წუთზე გოგობერიშვილის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში ყველას პორტუგალიელმა ლეგიონერმა ლუის ალბერტომ აჯობა და თავით ლამაზი გოლი გაიტანა. სუსტი მატჩი ჩაატარა სიჭინავამ, რომელიც სიონში ფოთის კოლხეთიდან გადავიდა. სიჭინავამ რამდენჯერმე საჯარიმო დარტყმა შეასრულა, თუმცა თითქმის ყველა არაზუსტად, ისედაც შეტევების მიმდინარეობისას ერთ-ერთი ინტერული იყო. სიჭინავას მგავსად სუსტად ითამაშეს მერანის შემტევებმა, ფიფიამ და ლომიამ.
მეორე ტაიმი მერანმა აქტიურად დაიწყო. ლობასმა ორმაგ ცვლილებას მიმართა და შეტევა გააძლიერა. საჯარიმოს გარედან ჯერ ციცხვაია დაარტყა და ააცილა, რამდენიმე წუთში კი კიკნაველიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ძელს მოარტყა. 
სიონს ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა, მარჯვენა ფლანგიდან ლუის ალბერტოს კარგი პასის შემდეგ შეცვლაზე შემოსული ჭანკოტაძემ მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა, თუმცა მცირე მანძილით ააცილა. ბოლო წუთები საკმაოდ დაძაბული გადმოდგა. ერთ-ერთ ეპიზოდში გოგობერიშვილმა ტრავმა მიიღო, მარტვილის ფეხბურთელებმა კი ბურთი არ გადააგდეს და შეტევა გააგრძელეს, აკაკი შულაიამ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში კარგი პასი გააკეთა, თუმცა ლომიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. 
მატჩის დასრულების შემდეგ სიონის მთავარი მწვრთნელი, ლადო ბურდული გამარჯვებით გახარებული, მსაჯობით კი უკმაყოფილო იყო. 

ლადო ბურდული : პრინციპული თამაში იყო, ჩვენ და მერანი უშუალო კონკურენტები ვართ. ჩემი ფეხბურთელები წნეხის ქვეშ იყვნენ, რადგან რამდენიმემატჩიანი მოუგებელი სერია გვქონდა. უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძვით და ალბათ შავი ძალებიც გვებრძვიან. თუ გაცვლითი პროგრამაა, ისეთი მსაჯები უნდა ჩამოიყვანონ ვისაც კვალიფიკაცია აქვს. აქ რომ ამაღლებინებენ დონეს, ეს სწორი არ არის. ჩვენ ორიენტირებულნი არ ვყოფილვართ, რომ მაინცდამაინც ლამაზი ფეხბურთი გვეთამაშა და ვერც ვიქნებოდით, რადგან ამ ეტაპზე ჩვენთვის შედეგი უფრო მნიშნველოვანია. გაგვიმართლა, ძალიან ლამაზი გოლი გავიტანეთ და ამის შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობდით ანგარიში შეგვენარჩუნებინა. ვფიქრობ ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი მსაჯობის ფონზე სამი ქულა ავიღეთ.

ოთო მუმლაძე