სიახლეები

ზავი ზღვისპრეთში

გაუზიარე
შუქურა-კოლხეთი 1:1
18 აპრილი. ქობულეთი. „ჩელე არენა“. 2 000 მაყურებელი
0:1 ჟიშკარიანი (34), 1:1 გურული (63)
შუქურა: ჯიოევი, გურული, მალანია (მეტრეველი 88), ხოჭოლავა, ტვილდიანი, პუკანიჩი, კუხიანიძე, ჩალაძე, თუხარელი (ჩაფიძე 80), ჩელებაძე, პაულო ვიქტორი (ტუღუში 85)
მწვრთნელი: გელა სანაია
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, შენგელია (ამბროლაძე 83), გოგონაია, ჟიშკარიანი (ბარამიძე 75), გიგაური (ჯიქია 70), კაკულია, გურეშიძე 
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: გოგონაია (43) თუხარელი (55) კაკულია (60) ჩალაძე (90) ჩალაძე (90)
გაძევება: ჩალაძე (90)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

ქობულეთის შუქურას ევროთასებზე მოხვედრის ამბიციებმა და მზიანმა ამინდმა „ჩელე არენაზე“ გულშემატკივართა დიდ არმიას მოუყარა თავი. 24-ე ტურის მატჩში ქობულეთს მეზობელი ფოთის კოლხეთი ესტუმრა და ზღვისპირული დერბიც შედგა. 
უნდა აღინიშნოს, რომ შუქურას ბრაზილიელ ლეგიონერთაგან სასტარტოში მხოლოდ პაულო ვიქტორმა ითამაშა, დორნალესი და ლუკასი ტრამვების გამო განაცხადში კი ვერ მოხვდნენ. მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო თუმცა ბურთი ძირითადად ცენტრში ტრიალებდა, კოლხელთა ზედიზედ ორი შეტევა საჯარიმოს გარედან არაზუსტი დარტყმებით დასრულდა. ქობულეთელთაგან კი პირველი ჩელებაძემ გაისროლა და ფრიად სახიფათოდაც - მე -12 წუთზე, კუხიანიძის გადაცემის შემდეგ,  შუქურას კაპიტანმა ბურთი კარში ძლიერად გაგზავნა, სეფიაშვილმა რეაგირება მოასწრო და ხარიხის დახმარებით საკუთარი კარი აშკარა გოლისგან იხსნა. მალევე მაპინძელთა შეტევა ისევ ჩელებაძემ წამოიწყო.  „ჩელე“-უმცროსი ამჯერად მარჯვენა ფლანგზე გაისარჯა და გამოზომილი გადაცემით თუხარელი გარღვევაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელის გამჭოლი პასი კი მცველებმა ჩაჭრეს. მე-18 წუთზე ქობულეთელთა კართან ხიფათი შენგელიამ შექმნა, კოლხეთის შემტევს დასკვნით ფაზაში დარტყმა არ გამოუვიდა და ჯიოევი ბურთს იოლად დაეუფლა. 22-ე წუთზე სტუმართა მცველებმა ჩალაძესთან ორთაბრძოლაში იუხეშეს, ხელსაყრელი პოზიციიდან  სტანდარტი  პუკანიჩმა შეასრულა, მაგრამ ცოცხალ კედელს ვერ ააცილა. 
თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, ზაზა ინაშვილის ფეხბურთელები შორიდან ხშირად ურტყამდნენ. 26-ე წუთზე გიგაურის დარტყმისას ჯიოევი უშეცდომო იყო. 34-ე წუთზე შუქურას მცველები უწყინარ სიტუაციაში შეცდნენ, ბურთი უხეიროდ მოიგერიეს, იქვე ჩასაფრებულმა გიგაურმა კარისკენ გამიზნულად დაარტყა, ბურთს მიმართულება ჟიშკარიანმა შეუცვალა და სტუმრები დაწინაურდნენ. 
ამან შუქურა გამოაცოცხლა. 44-ე წუთზე ჩელებაძემ დრიბლინგით მარცხენა ფლანგისკენ აიღო გეზი და საჯარიმოში მყოფ პაულო ვიქტორს გამჭოლი გადაცემა გაუკეთა, ბრაზილიელი ლეგიონერის დარტმა სეფიაშვიალმა აიღო. 
მეორე ტაიმის ერთი წუთის დაწყებული იყო, როცა თუხარელის ჩაწოდებას თავით ლაშა ჩალაძე აგვირგვინებდა, მისი დარტყმული ფოთელთა კარს მცირე მანძილით აცდა. აქტიური იყო კოლხელთა ნახევარმცველი გიგაური, 51-ე წუთზე მან გოლის გატანის კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.
მასპინძლებმა შეტევები გაახშირეს და 63-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. გოლი სტანდარტულიდან გავიდა - კუხიანიძის ჩაწოდებას გურულის თავური მოჰყვა, ფოთელთა გოლკიპერმა გადაწყობა მოასწრო და ბურთსაც შეეხო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა - 1:1.
მალევე თუხარელმა გაისროლა სეფიაშვილის კარის მიმართულებით, მაგრამ მიზანს ვერ მოარტყა. რამდენიმე წუთში შუქურას დაწინაურების კარგი შანსი ქონდა, თუხარელის ჩაწოდების შემდეგ სეფიაშვილი გამოსვლაზე შეცდა, კუხიანიძემ, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ტექნიკურად ჩაახვია, მაგრამ კარის ხაზიდან ბურთი კაკულიამ გამოიტანა.  მომდენო ეპიზოდში კი ჩელებაძის  ჩაწოდებას პაულო ვიქტორმა დაუხვედრა თავი, სტუმართა კარის დარაჯი ბურთს აუღელვებლად დაეუფლა.  
მეორე ნახევრის შუაწელში შეცვლაზე შემოსულ ჯიქიას შეეძლო თავის გამოჩენა, ფოთელთა გააზრებული კომბინაციის შემდეგ მან ძლიერად, ოღონდ ოდნავ უზუსტოდ დაარტყა. სტუმართა კართან დანიშნული კუთხურები ისევ ხიფათს შეიცავდა, კუხიანიძის ჩაწოდების შემდეგ უკვე პაულო ვიქტორი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ახლო მანძლიდან დარტყმა ვერ შეძლო. მსაჯის მიერ კომპენესირებულ დროში მატჩის ბედის გადაწყვეტა გურამ  გურეშიძეს შეეძლო. იგი მეტოქის საჯარიმოში მარტოდმარტო აღმოჩნდა, მაგრამ დარტყმის დროს ფეხი აუცურდა და მომენტიც განიავდა. მატჩის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე მასპინძელთა აქტიური გარემარბი ლაშა ჩალაძე სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათით „დააჯილდოვა“ და მოედნიდან გააძევა. ზღვისპირული დერბი კი ამჯერად მშვიდობიანად დასრულდა. 

ბესი ჩიბურდანიძე ქობულეთიდან