სიახლეები

კილასონიამ, ჩემი ხათრითო, თორემ...

გაუზიარე
19 აპრილი. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“. 1000 მაყურებელი

სამტრედია - მეტალურგი  2:1

1:0 გეწაძე (4), 2:0 დოლიძე (10), 2:1 მიქაუტაძე (31)

სამტრედია: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, დათუნაიშვილი, დოლიძე (გაბედავა 90),  ბოლქვაძე, რამოსი (შ. კერძევაძე,70), ი. კერძევაძე, გეწაძე (ა. გურული 86) 

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, თევდორე გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი.

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

მეტალურგი: ნადირაძე, ციცქიშვილი, გუჯაბიძე (გოცაძე 84), ბროლაძე (ოქროპირიძე 80), ზვიადაძე, მინდორაშვილი, გ. ჩიკვაიძე, ლ. ნოზაძე, მიქაუტაძე, ბარამიძე (პაქსაშვილი 74), სარიშვილი

სათადარიგოები: ბეგიაშვილი, ბიწკინაშვილი, გელაშვილი, მიქელაძე  

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

მსაჯი:  ხვიჩა გაგნიძე

გაფრთხილება: კაკუბავა (28), ბროლაძე (32)

ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ სამტრედიასა და მეტალურგს სატურნირო ცხრილში ერთმანეთისგან ორი ქულაღა აშორებდათ, საამმატჩოდ კი  სხვაობამ უკვე 13 შეადგინა. არადა, სეზონის განახლების შემდეგ იმერულ კლუბს ნამდვილად არ  უკრეფია ვარსკვლავები -  8 შეხვედრაში მხოლოდ 12 ქულა დაუგროვდა (50-პროცენტიანი შედეგი), მაგრამ ქვემოქართლელებმა ამ თამაშამდე სულაც ანტირეკორდული მაჩვენებლით - ერთადერთი ქულით მოაღწიეს. უკიდურეს ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილი მეტალურგის გაუსაძლის ყოფაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ აღარ განვმეორდებით, იმას კი ვიტყვით, რომ გუნდი უმაღლესიდან გავარდნის რეალურ კანდიდატად იქცა.
ვიდრე რუსთაველებს ყოფნა-არყოფნის საკითხი ადარდებთ, სამტრედია ევროსაგზურის მოპოვებას უმიზნებს. როგორც იცით, იმერული კლუბი ორ შემთხვევაში მოახერხებს საკუთარ ისტორიაში ევროსარბიელზე მეორედ გასვლას: პირველი, თუ დინამოს თასის ფინალს მოუგებს და მეორე -  თუ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე დაბლა არ დაეშვება. სამტრედიელთათვის ამოცანის ორივე ვარიანტი, ცხადია, რთული, მაგრამ ამოუხსნელიც არ არის.     
„ეროსი მანჯგალაძეზე“ თამაში დაწყებული არ იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ ზესტაფონი-დილა მასპინძელი გუნდის მიზეზით არ ტარდებოდა. ამ ამბავს მეტალურგის დამრიგებელი ვარლამ კილასონია ასე გამოეხმაურა: „ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ აღარ მიკვირს. ჩვენც იგივე დღეში, უსახსროდ ვართ, უკიდურეს ფინანსურ კრიზისს განვიცდით და არ ვიცით, როდის დაესმება ასეთ ყოფას წერტილი. დამიჯერეთ, ბიჭები პირადად ჩემი ხათრით თამაშობენ, თორემ დიდი ხნის წინ გამოაცხადებდნენ ბოიკოტს“.
ბოიკოტისა რა მოგახსენოთ და  რუსთაველებმა ამ მატჩში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და საწყის ათ წუთში საკუთარ კარში ორი ბურთი რომ არ მიეღოთ, საბოლოო ანგარიში მასპინძლებისთვის სასურველი ან იქნებოდა, ან არა. შეიძლება ითქვას, სწორედ სწრაფმა ორმა გოლმა გადაწყვიტა ამ შეხვედრის ბედი. მართლაც, სადებიუტო დროს თუ არ ჩავთვლით,  მეტოქეები ტოლსწორად ბურთაობდნენ, ცალკეულ მონაკვეთებში კი რუსთაველები სჯობდნენ კიდეც მასპინძლებს. შემთხვევით არ იყო, რომ სამტრედიელ ქომაგთა ერთი ნაწილი საკუთარ გუდთან ერთად მეტოქესაც ამხნევებდა, ბრძოლის ჟინს უწონებდა. 
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს ძირითადი შემადგენლობიდან ტრავმირებული მოთამაშეების გარდა სამი დისკვალიფიცირებულიც აკლდათ, მათ მაინც შეძლეს სასურველი სამი ქულის მოპოვება. როგორც ვთქვით, სამტრედია მეტოქესთან საგრძნობ უპირატესობას მხოლოდ მატჩის დებიუტში ფლობდა და კარგადაც ისარგებლა ამით. ჯერ იყო და ლეონარდო რამოსის ზუსტი გადაცემის შემდეგ სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა რევაზ გეწაძემ უძლიერესად გაისროლა კარისკენ და გიორგი ნადირაძე უძლური აღმოჩნდა, ბურთი მისგან მარცხენა მაღალ კუთხეში ჩაეშვა. მალევე სამტრედიელებმა მეორეც გაიტანეს. მრავალსვლიანი კომბინაცია საჯარიმოს წინა ხაზიდან ძლიერი ეფექტური დარტყმით  გრიგოლ დოლიძემ დააგვირგვინა გოლით. ამ ეპიზოდიდან ორი წუთიც არ იყო გასული, მასპინძლებმა მორიგი იერიში მიიტანეს სტუმართა კარზე, ილია კერძევაძე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, მცველებმა ის მეკარის ბაქანთან ახლო წააქციეს, თუმცა „ბაჯბაჯა“ ამაოდ ითხოვდა არბიტრისგან თერთმეტმეტრიანს...
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სტუმრები 0:2-მა არ გატეხა. პირიქით, რუსთაველები აქტიურად ათამაშდნენ და არაფრით თმობდნენ ინიციატივას. პირველი საგოლე მომენტი კი ვარლამ კილასონიას შეგირდებმა 26-ე წუთზე შექმნეს. ზაზა ციცქიშვილს შეეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება, მაგრამ მისი დარტყმული რევაზ თევდორაძემ მოიგერია. იმავე ციცქიშვილმა მალევე საჯარიმოც სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ მეკარეს ვერც ამჯერად აჯობა. რუსთაველებს მაინც დაუფასდათ გარჯა. ალექსანდრე სარიშვილმა მარცხენა ფრთიდან შეასრულა სტანდარტული, ბურთი მეტოქის საჯარიმოში გაგზავნა, იქ შექმნილ არეულობაში როსტომ მიქაუტაძემ იმარჯვა და - 2:1.
მასპინძლებს ამ ანგარიშის შეცვლა ერთ წუთში შეეძლოთ. ნადირაძემ ხელით დაიჭირა საკუთარი მცველისგან დაგორებული ბურთი. თავისუფალი დარტყმა კარიდან შვიდ მეტრში დაინიშნა. რუსთაველები ლამის მთელი გუნდით განლაგდნენ კარის ხაზზე. მასპინძლებმა ბურთი გაათამაშეს და ილია კერძევაძემ ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ნადირაძემ იყოჩაღა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი ხიფათს სამტრედიელები გადაურჩნენ -  ავთანდილ გუჯაბიძის ახლოდან დარტყმულმა ვერ უწია ჩარჩოს.
მეორე ტაიმში თამაში თანაბარი გახლდათ. თავიდან მასპინძლებს მართებდათ ანგარიშის გაზრდა, თუმცა ორი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. ილია კერძევაძემ საჯარიმოს შიგნიდან, ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს, დავით ბოლქვაძის კუთხურის შემდეგ კი ლევან კაკუბავა მაღალ ნახტომში თავურით გაგზავნა კარისკენ, მაგრამ მცირედით აუცდა. 
სტუმრებმაც უქმნიდნენ პრობლემებს მეტოქეს. 81-ე წუთი იყო, შეცვლაზე შემოსულ ბექა ოქროპირიძეს მიეცა გაყაიმების საუცხოო შანსი, მაგრამ თავგანწირვით ითამაშა თევდორაძემ და ურთულესი ბურთი მოიგერია. სამტრედიელთა კარი არბიტრის მიერ დამატებულ დროშიც დადგა დიდი საფრთხის წინაშე, თუმცა მცველებმა ბოლო მომენტში ბურთის კუთხურზე გადაგდება მოახერხეს.

იუზა კაციტაძე სამტრედიიდან

ავტორის ფოტო