სიახლეები

დარასელიამ შეცვლები გამოიცნო

გაუზიარე
გურია-ტორპედო 1:3

19 აპრილი. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე". 2 500 მაყურებელი

0:1 კირკიტაძე (1), 1:1 ისიანი (74), 1:2 ქიმაძე (86), 1:3 ვ. კვარაცხელია (88)

გურია: მ. გოგუაძე, ბ. ცინცაძე (გოგიაშვილი 8), კილაძე, მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, ზოზულია, კოშკაძე, მოსიაშვილი (მათიაშვილი 83), შალამბერიძე,  ბენაშვილი, წილოსანი (ისიანი 65)

სათადარიგოები: იმერლიშვილი,  შეველი,  ინგოროყვა,  ღაღანიძე;

მწვრთნელი: თემურ ლორია

ტორპედო: შეყრილაძე, ადამაძე, მირცხულავა, კლიმიაშვილი (ბაბუნაშვილი 83),  კირკიტაძე, ქიმაძე, კანკია, პუხაევი (მამასახლისი 46), ზ. ჭელიძე, კვერნაძე (ვ. კვარაცხელია 60), ბ. ტუღუში

სათადარიგოები: შევჩენკო, ქებაძე, ზ. გოგუაძე, მახვილაძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გაფრთხილება: პუხაევი (26), კანკია (76), ბენაშვილი (87)  

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

ერთი შეხედვით, ეს უინტრიგო მატჩი უნდა ყოფილიყო. მეტოქე გუნდები ზუსტად სატურნირო ცხრილის შუაგულში იმყოფებიან. ისინი ვერც ლიდერთა დავაში ჩაერევიან და არც გავარდნის საშიშროება ემუქრებათ, თუმცა გურია-ტორპედოს დაპირისპირება მუდამ დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს და მეტოქეებმა ჩვეულებას არც ამჯერად უღალატეს. 
ამინდი კარგი იყო, ძველი მეტოქეების დაპირისპირება მაყურებლებმაც დააფასეს. ადგილობრივი გულშემატკივრები მრავლად მოვიდნენ საყვარელი გუნდის საქომაგოდ. ასამდე ერთგული ფანი ჩამოჰყვა რიონისპირელებსაც, რომლებიც მატჩის ბოლომდე ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს.
მატჩი მოულოდნელად დაიწყო. ფეხბურთელებს ჯერ მისალმება არ დაემთავრებინათ, რომ ქუთათურებმა ანგარიში გახსნეს. მოედნის ცენტრიდან ბურთი თამაშში კვერნაძემ შეიყვანა და იქვე მდგომ ჭელიძეს დაუგორა, რომელმაც გრძელი პასით კირკიტაძე მეკარის პირისპირ გაიყვანა. ამ უკანასკნელმა მეტოქის დაბნევით ისარგებლა და ზუსტი დარტყმით მის შესახვედრად გამოსულ გოგუაძეს საკუთარი კარის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა - 0:1.
ამ დროს თამაშის დაწყებიდან მე-8 წამი მიმდინარეობდა. ჩემი და იქ მყოფი სპეციალისტების აზრით ტორპედოელებმა ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 
ამან მასპინძლები ცოტა დააბნია და შეხვედრა რიონისპირელთა უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა თუ არ ჩავთვლით ქუთათურთა ახალწვეულ პუხაევის საჯარიმო დარტყმას, რომელიც საკმაოდ ასცდა მიზანს - სტუმრებს რეალური სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ. 
ტაიმის შუაწელიდან გურულებიც გამოცოცხლდნენ და 23-ე წუთზე მათ გათანაბრების შანსი მიეცათ. შალამბერიძის ჩაწოდებულ საჯარიმოზე მოსიაშვილმა მცველებს დაასწრო და მაღალ ნახტომში თავური დაარტყა. შეყრილაძეს სწორი პოზიცია ეკავა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია. ნახევარი საათის მიწურულს შეტევაში ჩართულმა მჭედლიშვილმა მარცხენა ფრთაზე ბოლომდე ჩაირბინა და პირით ხაზთან მისულმა საპირისპირო ფლანგზე მყოფ ბენაშვილს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რომლის შეუჩერებელი დარტყმა კარის ბადეს გარედან შეეხო.
ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. გურულთა მრავალსვლიანი კომბინაციის დამამთავრებელ ფაზაში შალამბერიძე ბურთს საჯარიმოს კუთხესთან დაეუფლა, ოდნავ ცენტრისკენ გადაადგილდა და ძლიერად გაისროლა, თუმცა შეყრილაძეს ვერც ამჯერად აჯობა.
მატჩის მეორე ნახევარი ტორპედოელთა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის განახლებისთანავე მათ ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მიეცათ. ჭელიძის ზუსტი პასის შემდეგ კირკიტაძე მეკარის პირისპირ გადიოდა, მაგრამ გოგუაძემ კარი დროულად დატოვა და მომხვდურს ბურთთან სულ ერთი წამით მიასწრო, თუმცა სიტუაცია ამით არ განმუხტულა. სტუმართა განმეორებითი შეტევის დროს კირკიტაძემ განივი გადაცემით ტუღუში ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა. ბექას პირდაპირ დარტყმა შეეძლო, მაგრამ რატომღაც მცველის მოტყუება მოინდომა, რომელიც ცუდად გამოუვიდა და საგოლე შანსიც დაიკარგა. 
მალე მოვლენების ეპიცენტრში ისევ ეს ორი ფეხბურთელი აღმოჩნდა. კირკიტაძე ტუღუშის დიაგონალურ გადაცემას დაეუფლა და საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა კარში დარტყმას უკეთეს პოზიციაში მყოფი ჭელიძისთვის პასის მიცემა ამჯობინა, რომლის ძლიერ გასროლას მცველები ჩაუწვნენ და ხიფათი განმუხტეს. 
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, გურულებიც გააქტიურდნენ და 74-ე წუთზე საწადელსაც მიაღწიეს. კარგად ითამაშა შეტევაში ჩართულმა მჭედლიშვილმა, რომელმაც დაფარული გადაცემით შეცვლაზე შესული ისიანი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა. ვილიმ თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და ზუსტი დარტყმით შეყრილაძე უსაქმოდ დატოვა - 1:1.
თითქმის მაშინვე მასპინძლებს დაწინაურებაც შეეძლოთ. ზოზულიას დიაგონალური გადაცემის შემდეგ შალამბერიძე საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან მოჭრილი დარტყმა განახორციელა. ბურთი მცირედით ასცდა კარის ძელს.
ამის შემდეგ მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა. ჯერ თავის გამოჩენის შანსი ისიანს ჰქონდა, თუმცა ნახევარბრუნში მის დარტყმულს შეყრილაძე დაეუფლა. რიონისპირელთა საპასუხო შეტევაში ასევე შეცვლაზე შესული კვარაცხელია ურტყამდა სახიფათოდ კირკიტაძის გადაცემის შემდეგ, მაგრამ მისი მცდელობაც არაზუსტი გამოდგა. ამის შემდეგ კირკიტაძემ და ისიანმა გაცვალეს დარტყმები, თუმცა ორივე შემთხვევაში ბურთი ხარიხამ აისხლიტა.
83-ე წუთზე სტუმართა დამრიგებელმა გიორგი დარასელიამ მოედანზე კლიმიაშვილის ნაცვლად ბაბუნაშვილი შეუშვა. ტორპედოელთა ვეტერანმა მატჩის დარჩენილ მცირე დროში პრაქტიკულად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
86-ე წუთზე ჭელიძემ მეტოქეს ბურთი აართვა და მოედნის ცენტრში მყოფ ბაბუნაშვილს გადააწოდა. რიონისპირელთა ნახევარმცველმა იერიშში ჩართულ ჭელიძესთან ,,კედელი~ გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა კარში დარტყმას ასევე შეტევაში ჩართულ ქიმაძისთვის გადაცემის გაკეთება ამჯობინა. ქიმაძეს ხელს აღარავინ უშლიდა და ბურთი ცარიელ კარში მშვიდად შეაგორა - 1:2.
ამის შემდეგ მასპინძლები აირივნენ, რითაც კარგად ისარგებლა, ბაბუნაშვილმა და უზუსტესი გადაცემით კვარაცხელია გოგუაძესთან რანდევუზე გაიყვანა. ქუთათურთა ფორვარდმა გამოცდილ თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და გამოზომილი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

ირაკლი ქავთარაძე ლანჩხუთიდან