სიახლეები

ერთიც და... 2000, დინამო-ვიტ ჯორჯია 3:0

გაუზიარე

20 აპრილი. თბილისი. `დინამო არენა~. 500 მაყურებელი

1:0 პაპუნაშვილი (14), 2:0 ცინცაძე (42), 3:0 პაპუნაშვილი (70)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ტაბატაძე 74), თოთაძე, რენე ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი,
კიტეიშვილი (ბუკორაცი 64), ჭანტურიშვილი, მანუელი (ს. ლობჟანიძე 67)

სათადარიგოები: დაუშვილი, გველესიანი, ჩირგაძე, ჯანელიძე  

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი.

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, გეთიაშვილი, კალანდია, მაისურაძე, კურდღელაშვილი (ლებანიძე 80), გახარია, დავლაშელიძე, საბაძე, დემეტრაშვილი (კახაბერიშვილი 73), ე. ლობჯანიძე (დადიანი 87). 

სათადარიგოები: ისერგიშვილი, მერაბიშვილი, დანელია, ხვისტანი

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

გუშინდელი შეხვედრა სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო ორივე გუნდისთვის. დინამო ჩემპიონობისთვის იბრძვის და მარტვილში ნათამაშები ფრის შემდეგ ქულების დაკარგვის უფლება აღარ ჰქონდა. ვიტ ჯორჯია კი ბოლო ადგილზეა და ამ გუნდისთვის თითოეულ ქულას ასევე ოქროს ფასი აქვს.
სანამ უშუალოდ მატჩის მიმოხილვას დავიწყებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გიორგი პაპუნაშვილის დიდებული თამაში. მან ორი ლამაზი გოლისა და საგოლე გადაცემის გარდა, კიდევ არაერთხელ შექმნა საგოლე მომენტი და პრაქტიკულად ყველა შეტევას სწორ განვითარებას აძლევდა. საწყენია, რომ ამ ნიჭიერ ფეხბურთელს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი გაუცდა, რაც დინამოს თამაშზე შესაბამისად იყო ასახული. წესით, მან თუ ასე გააგრძელა, კახა ცხადაძის ყურადღებასაც აუცილებლად დაიმსახურებს.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ როგორც სათამაშო, ასევე ტერიტორიულ უპირატესობას და ეს მე-14 წუთზე პაპუნაშვილის გოლით გამოიხატა. დინამოელთა მარჯვენაფლანგელმა ორ მეტოქეს აუარა გვერდი და საჯარიმოში შესულმა დაბალ კუთხეში გაიტანა. რამდენიმე წუთის ინტერვალში პაპუნაშვილმა კიდევ ორჯერ გაამწვავა თავისი გუნდის შეტევა და სახიფათოდ ჩააწოდა. პირველ შემთხვევაში ჭანტურიშვილი ცდილობდა თავით გატანას, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა, მერე კი კიტეიშვილმა ააცილა. ვიტ ჯორჯიას კარში მეორე გოლი კი კუთხურს მოჰყვა. პაპუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ცინცაძემ მახვილი კუთხიდან დაარტყა და  სტადიონზე შეკრებილი რამდენიმე ასეული ქომაგის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ პარუნაშვილის დარტყმული მცველებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს.
მეორე ტაიმშიც ანალოგიური სცენარით ვითარდებოდა მოვლენები და დინამოს გამარჯვება ერთი წამითაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. მესამე გოლი კი პაპუნაშვილის ანგარიშზეა, მახვილი კუთხიდან ბურთი შორეულ კუთხეში აჭრა და 3:0. გარდა ამისა მასპინძელთაგან კიდევ შეეძლოთ გატანა იმავე პაპუნაშვილს, ლობჟანიძეს, ჭანტურიშვილს, მაგრამ სამი გაშვებული გოლის მიუხედავად, საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა ვიტ ჯორჯიას მეკარე ჯონი შეროზიამ, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია.
ამ მოგების შემდეგ დინამო კვლავ აგრძელებს ბრძოლას ოქროს მედლებისთვის, ვიტ ჯორჯიას კი დარჩენილ ექვს ტურში მაქსიმალური მობილიზება მართებს იმისათვის, რომ უძლიერესთა შორის შეინარჩუნოს ადგილი. 
კიდევ ერთი საინტერესო ამბავი - გუშინ დინამოელებმა ეროვნულ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობა 1999-მდე აიყვანეს და საიბილეო, მე-2000 გოლი შემდეგი ტურისთვის გადადეს.

პაატა ძნელაძე