სიახლეები

კაჭარავამ შეუძახა, კაჭარავამ გაიტანა

გაუზიარე

ჩიხურა-ცხინვალი 1:3

19 აპრილი. ივანწმინდა 300 მაყურებელი 

1:0 ტროიანოვსკი (6), 1:1 მაისაშვილი (27), 1:2 კაჭარავა (50), 1-3 კაჭარავა (77)

ჩიხურა: ზარქუა, ლუბჩაკი, ლ. ჭელიძე, ჩიკვაიძე, კორიფაძე, დობროვოლსკი, მანჯგალაძე (დეკანოიძე 62), სარდალიშვილი, განუგრავა, ტროიანოვსკი (ოდიკაძე 78), მუმლაძე (კუჭუხიძე 29)

სათადარიგოები: ქვილითაია, ბაჯელიძე, კაკაშვილი, ა. ივანიშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ცხინვალი: ნადირაძე, ქარდავა, ჯიშკარიანი (იმედაშვილი 46), ცერცვაძე, ვ. კილასონია, მაისაშვილი, მახარობლიძე, თარხნიშვილი, გ. ივანიშვილი (ლექვთაძე 78), შინდაგორიძე (ცაცკრიალაშვილი 67) კაჭარავა

სათადარიგოები: ნანიევი, ბაჩიაშვილი, მარკოზაშვილი, ქოჩლაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: თარხნიშვილი (45), განუგრავა ( 69), ჭელიძე (72), ლუბჩაკი (89)

არბიტრი: ადრიან აზოპარდი

საქართველოს თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრებში ჩიხურამ და ცხინვალმა წარუმატებლად ითამაშეს და ამ მატჩმაც, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მეტი ინტრიგა შეიძინა - ორივეს ხომ თანაბარი ქულები ჰქონდათ.
საწყისმა წუთებმა მთლიანად ჩიხურას უპირატესობით ჩაიარა და მასპინძლები უკვე მე-6 წუთზე დაწინაურდნენ. დობროვოლსკიმ გრძელი გადაცემა გააკეთა კორიფაძის მისამართით, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა. იქ მანჯგალაძემ ერთი შეხებით კართან ძალიან ახლოს მყოფი ტროიანოვსკი მოძებნა და უკრაინელსაც გატანა არ გასჭირვებია - 1:0.
ცხინვალი რამდენიმე წუთი შოკში იყო, ფეხბურთელები ძალიან დაბნეულები ჩანდნენ. მათი თამაშის შემხედვარე კახა კაჭარავა ლამის წყობიდან გამოვიდა და შეგირდებს მკაცრად შეუძახა. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ცხინვალი ამ შეხვედრას მოიგებდა, მაგრამ სტუმართა გუნდი დამშვიდდა და თამაში დაალაგა.
მე-19 წუთზე მახარობლიძემ იაქტიურა და კარში დაარტყა, თუმცა ზარქუამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტუმრებმა ბურთზე კონტროლი საგრძნობლად გააუმჯობესეს და საჩხერელთა უპირატესობა თვალსა და ხელს შუა გაქრა. 27-ე წუთზე ცხინვალმა კუთხური მოინადირა და ეს სტანდარტული მდგომარეობა გოლად აქცია. კუთხური გიორგი ივანიშვილმა ჩააწოდა და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მაისაშვილმა თავით გაიტანა - 1:1.
მე-40 წუთზე ცხინვალელთა მეკარე გიორგი ნადირაძე უხეშად შეცდა და ბურთი მანჯგალაძეს ჩააბარა, თუმცა მან ეს საჩუქარი ვერ შეირგო და ბურთი კარს გადააცილა. ტაიმის ბოლო წუთზე კი სტუმრები პენალტს ითხოვდნენ: მახარობლიძემ გრძელი გადაცემა გააკეთა, ივანიშვილმა სისწრაფეში აჯობა ლუბჩაკს და უკრაინელმა საჯარიმოში შესულ ცხინვალელს მაისურზე დაჰქაჩა. გიორგი წაიქცა, თუმცა მალტელმა მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან 5 წუთში სტუმრები დაწინაურდნენ. საჯარიმოში მყოფმა მახარობლიძემ ჩიხურას კარში დაარტყა, ზარქუამ იქვე მოიგერია, ნიკა კაჭარავამ თავით შედეგიანად დაამატა. 1:2.
ჩიხურამ წაგების საფრთხე იგრძნო და შეტევაში გააქტიურდა. ჯერ განუგრავამ სცადა შორიდან გატანა, მაგრამ ნადირაძემ რთული ბურთი კუთხურზე მოიგერია. შემდეგ კი ტროიანოვსკი ორჯერ დაემუქრა ცხინვალელთა კარს, თუმცა უშედეგოდ. 63-ე წუთზე კი, კორიფაძის ჩაწოდების შემდეგ, განუგრავას მართებდა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ კარიდან 2 მეტრში მდგომმა თავით ბურთი ძელს მოახვედრა.
77-ე წუთზე კი სტუმრებმა კიდევ ერთხელ აიღეს ზარქუას კარი. შეცვლაზე შესულმა ცაცკრიალაშვილმა საჯარიმოში კაჭარავა მოძებნა, რომელმაც ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა - 1:3.
სოსო ფრუიძემ რამდენიმეთვიანი უქმობის შემდეგ ვეტერანი დავით ოდიკაძე ჩართო თამაშში. 85-ე წუთზე სარდალიშვილს სწორედ ოდიკაძის პასის შემდეგ შეეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, მაგრამ საჩხერელის დარტყმულს ვარლამ კილასონია გადაეღობა. ცხინვალელებმა დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს და ევროსაგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ჩიხურა კი...

მატჩის შემდეგ:
სოსო ფრუიძე: `თამაში არაა 20-წუთიანი, ის 90 წუთი გრძელდება, ჩვენ შეგვეძლო, ცხინვალი საწყის წუთებზევე დაგვემარცხებინა, მაგრამ ადრე ჩავთვალეთ საქმე მოთავებულად და დავისჯეთ კიდეც. ეტყობა, ფსიქოლოგიურად ვერ განვეწყვეთ სათანადოდ~.
კახა კაჭარავა: `ჩიხურა კარგი გუნდია. თანაბარი ქულები გვქონდა და შესაბამისად, ბევრი რამ წყდებოდა. საწყის წუთებზე ჩიხურა უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შემდეგ თამაშის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნება შევძელით, რისთვისაც ბიჭებს დიდი მადლობა.

ნუკრი ლოლაძე ივანწმინდიდან