სიახლეები

ზესტაფონი გათამაშებიდან მოიხსნა, აპელაციის ვადა – ერთი კვირა

გაუზიარე

როგორც იცით, 19 აპრილს, ეროვნული ჩემპიონატის მორიგ კალენდარ შეხვედრაზე ზესტაფონი სათამაშოდ არ გავიდა და, შესაბამისად, მასსა და გორის დილას შორის გასამართი მატჩი ჩაიშალა. გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელმაც დაახლოებით სამ საათს გასტანა. სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება კომიტეტის თავჯდომარემ, ჯიმშერ ტყებუჩავამ გაგვაცნო. 

სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სადისციპლინო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, ზესტაფონს ჩაეთვალა მარცხი 0:3, დაეკისრა ჯარიმა 5 ათასი ლარი და მოიხსნა გათამაშებიდან. ასევე, ეროვნული ჩემპიონატის 4.34 პუნქტის თანახმად, ზესტაფონს ყველა დარჩენილ შეხვედრაში ჩაეთვლება წაგება 0:3. იმის გამო, რომ კლუბს უკვე ჩატარებული აქვს ჩემპიონატის შეხვედრების 50 პროცენტზე მეტი, გუნდი ჩემპიონატს დაასრულებს ამ ეტაპზე არსებული ქულებით.

გუნდის თამაშზე გაუსვლელობის ორგანიზებისთვის სასჯელი დაეკისრა ზესტაფონის გენერალურ დირექტორს მიხეილ ხუციშვილსაც. სადისციპლინო კოდექსის 130-ე პუნქტის თანახმად, მას მიეცა ერთწლიანი პირობითი ვადა. ამ პერიოდში, თუ კვლავ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა რაიმე საკითხში, მას აეკრძალება ფეხბურთში საქმიანობა.

გადაწყვეტილების სააპელაციო კომიტეტში გასაჩივრება ზესტაფონს შვიდი დღის ვადაში შეუძლია, 

მიხეილ ხუციშვილი: "ახლა გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან და შემდეგ გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ სადისციპლინო კომიტეტს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ ვერ გავემგზავრეთ თბილისური შეკრებიდან ზესტაფონში თამაშზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი არგუმენტები არ გაითვალისწინეს. უახლოეს პერიოდში ყველა გაიგებს, თუ რა სიბინძურეები ხდება ფეხბურთში. იყო შემთხვევა, ჩვენს ფეხბურთელზე ერთ-ერთი თამაშის წინ ბინძური მიზნით ცდილობდნენ გასვლას.

კლუბი აგრძელებს არსებობას, ჩვენ გვაქვს საფეხბურთო ბაზა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მშენებლობაზე რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა. პირადად ჩემი დასჯით კი, გაკვირვებული დავრჩი."

დიმიტრი ბოკერია, საშეჯიბრო განყოფილების უფროსი: "ამ წუთისთვის, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ზესტაფონი აღარ ასპარეზობს ჩემპიონატში. კლუბს აქვს შვიდდღიანი ვადა აპელაციისთვის, ხოლო მომდევნო სეზონს რომელ ლიგაში დაიწყებს გუნდი თამაშს, ეს შემდგომ გაირკვევა."

პაატა ძნელაძე