სიახლეები

თემურ ლორია : რა შედეგზე ლაპარაკობენ - ერთი სული ჰქონდათ, როდის წავაგებდით!

გაუზიარე
„ჩვენი  თამაშის“ წინა ნომერში ვწერდით, რომ ქუთაისის ტორპედოსთან განცდილი მარცხის შემდეგ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამავდროულად გურიას პრეზიდენტმა, ზაზა ურუშაძემ კლუბის მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია და მთელი სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.
ახალ თავკაცს ოფიციალურად ამ დღებში დაასახელებენ. დიდი ალბათობით, ამ მოვალეობას გიგლა იმნაძეს დააკისრებენ, რომელიც აქამდე მწვრთნელ-კონსულტანტის თანამდებობას იკავებდა.
ორშაბათს თემურ ლორია ჟურნალისტებს შეხვდა და რამდენიმე სკანდალური განცხადებაც გააკეთა:
„თამაშის წაგების შემდეგ გუნდის პრეზ¬იდენტმა მთელი სამწვრთნელო შტაბი დაგვიბარა და გვაცნობა, რომ ორშაბათიდან ყველა გათავისუფლებული ვიყავით. პირდაპირ ვიტყვი, რომ ხელმძღვანელობა დიდი ხანია, ელოდებოდა ჩვენს წაგებას, ასეთ ვითარებაში მუშაობა კი, მოგეხსენებათ, ძალიან რთულია. იცით, რომ ეს იყო გურიას პირველი საშინაო წააგება, აქამდე  ერთადერთი გუნდი ვიყავით, ვინც სახლში წაუგებლად თამაშობდა.  ბევრჯერ იყო  ჩვენი კლუბიდან გაშვების მცდელობა. ჯერ კიდევ დეკემბერში ჰქონდათ მოლაპარაკებები მწვრთნელებთან.  ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცხრილშიც კარგად ვიყავით და დინამოს გასვლაზე მოვუგეთ. უბრალოდ, ხელი იმით შეეშლათ, რომ ჩვენ ამ წლის დეკემბრის ბოლომდე გვაქვს ხელშეკრულებები გაფორმებული. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან იურიდიულ გადაწყვეტილებას, რა ფორმით მოხდება ჩვენი სამსახურიდან გაშვება. ამის კანონიერი საფუძველი, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ“ _ აცხადებს გურიას თავკაცი..

არსებული ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა ევროსაგზურს ითხოვდა და ამიტომ მოხდა სამწვრთნელო შტაბის დათხოვნა, რასთან დაკავშირებითაც თემურ ლორია სულ სხვას აცხადებს: 
„იცით, ალბათ, რომ კლუბი ჩავიბარეთ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კლუბის დირექტორი გოგი ფაცურია გახლდათ. მიზნად დაგვისახეს გუნდის უმაღლესი ლიგიდან არგავარდნა. რაიონის ხელმძღვანელობამ და გოგი ფაცურიამ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ფული არ იქნებოდა გუნდში და ამას გაგებით უნდა მოვკიდებოდით. ანუ მეორე წრემდე უნდა მიგვეტანა გუნდი, ოღონდ შედეგით. ამოცანას თავი ძალიან კარგად გავართვით.  მადლობას ვეტყვი ყველას, ვინც ჩემს გვერდით იდგა, რადგან ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. რომ არა ფედერაციიდან მოსული დახმარება, ალბათ, სავალალო მდგომარეობაში ჩავვარდებოდით. ამიტომ, ის 200 ათასი, რაც მოვიდა, მთლიანად ფეხბურთელებს გადავუნაწილეთ. სამწვრთნელო შტაბს დღემდე არ მიგვიღია გასული წლის პრემიალურები, არადა, დაგვპირდნენ, რომ 5 იანვრამდე გაგვისტუმრებდნენ.’’
თემურ ლორიას თქმით, ევროსაგზური მეორე წრის წინ მოითხოვეს, თუმცა ფეხბურთელებით გაძლიერება არ დაანებეს: ‘’მინდა ვიკითხო, როცა თბილისის დინამოს პირობებს ვედრებით, თურმე მწვრთნელმა უნდა მოიყვანოს ფეხბურთელი ? რა ეკითხება ფეხბურთელის შერჩევაში ფინანსურ დირექტორს? მეორე წრე როცა იწყებოდა, გამგებელმა გვითხრა, რომ უნდოდა უეფაზე გამსვლელი გუნდი. ასეთ გუნდს იმდენი რამ სჭირდება...  წავიკითხე გამგებლის განცხადება, როცა ის ამბობს, რომ დინამოზე უკეთესს პირობეში ვართო, რაც სასაცილოდ მეჩვენება. შეგიძლიათ სურათი გადაუღოთ მინდორს, სადაც ვარჯიშობს გურია, იქ თუ შეიძლება მაღალი მიზნებისთვის მომზადება... უბრალოდ, საშუალო დონის გუნდისთვის მშვენიერი პირობაა, ამას არ უარვყოფ. მაგრამ თბილისის დინამოს რომ შეადარო, ვფიქრობ,  ზედმეტია... რომელ მაღალ მიზნებზეა საუბარი?! გუნდის გასაძლიერებლად რამდენიმე ფეხბურთელის დამატება მინდოდა, მათ შორის მეკარე გიორგი ნადირაძის, სანდრო გურულის, ვალერი აბრამიძის, გიორგი კვესეიშვილის, მაგრამ ყველაზე უარი გვითხრეს. რაც შევრიბეთ, იმ  გუნდით ლიგაში დარჩენის მიზანი შესრულებადი იყო და ეს მოვახერხეთ კიდეც. რაც პირობები გვაქვს, შედეგი გაცილებით უკეთესია! როგორ შეიძლება, ევროსაგზურზე იფიქრო გუნდით, რომელიც ყველაზე გვიან, სეზონის განახლებამდე 20 დღით ადრე შეიკრიბა? თუ დინამოს ვედრებით და თუ ევროსაგზურზე გვაქვს პრეტენზია, უცხოეთში არ უნდა გაგვევლო შეკრება?’’
თემურ ლორია საუბრობს იმაზეც, რომ გურიაში ისევ არის დავალიანებები, მიუხედავად იმისა, რომ თანხა გამოყოფილია: ‘’მარტივ შედარებას მოვიყვან: პირველ წრეში, როცა  გოგი ფაცურია იყო ხელმძღვანელი, უფულო გუნდში პრობლემა არ ყოფილა! ფეხბურთელებს ერთხელაც არ უწუწუნიათ.  კახა ებრალიძეც ყველანაირად  გვედგა გვერდში. როცა  ახლა ფულია, კლუბში სრული ქაოსია!  როცა არ არის ფული, გაგებით ეკიდება ყველა, მაგრამ მილიონია კლუბში  გამოყოფილი, ფაქტობრივად, დახარჯულია 700 ათასი და ისევ დავალიანებაა. იმიტომ, რომ არავინ თავის ადგილზე არ არის. სადღაც წავიკითხე _ გუნდში იმდენი ხალხი ჰყოლიათ, ამდენი მანჩესტერს არ ეყოლებაო! რა შედეგზე ლაპარაკობენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის წავაგებდით. მე არ დამიმალავს ეს, პირში ვუთხარი ხელმძღვანელობას. მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული და არსად წავლას არ ვაპირებ. ჯერ მომივიდეს ბრძანება.  საინტერესოა, რა მოტივით გამათავისუფლებენ, რის საფუძველზე?“- აცხადებს ლანჩხუთელთა თავკაცი და ხელმძღვანელობისგან ბრძანებას ელოდება, რომელიც გუშინ საღამოს მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული.

თომა ჩალაძე