სიახლეები

შეასრულე და მოითხოვე, გურია, თურმე, ევროპას უმიზნებდა

გაუზიარე

ლანჩხუთში ეს კვირა გურიას მწვრთნელისთვის უიღბლოდ დაიწყო _ რაიონის და გურიას პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ გუნდის თავკაცი თემურ ლორია ტორპედოსთან შინ წაგებული მატჩის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვა. ლორიამ კი პრესკონფერენცია მოიწვია და ერთ-ორი ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა. ის პოსტიდან წასვლას არ აპირებს და ამბობს, კლუბთან კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვსო...
თემურ ლორიას ამ და სხვა განცხადებების შემდეგ კი ლანჩხუთის გამგებელსა და კლუბის პრეზიდენტ ზაზა ურუშაძეს დავუკავშირდით:   
დიახ, ქუთაისის ტორპედოსთან მატჩის შემდეგ თემურ ლორია პოსტიდან გავათავისუფლე. მიზეზი, ცხადია, გუნდის ნაჩვენები ცუდი შედეგი და თამაშის ხარისხი გახლდათ _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ, _ სხვათა შორის, თემურ ლორია გურიას მწვრთნელად ზაფხულში თავად მოვიწვიე, თუმცა დასახული მიზნები ვერ შეასრულა და იძულებული გავხდი, გამეთავისუფლებინა.

თემურ ლორია ამბობს, რომ სეზონის წინ კლუბის მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო...

არა, არასდროს მითქვამს ლორიასთვის, რომ უმაღლესში ადგილი უნდა შევინარჩუნოთო. ეგ კი არა, მეორე წრის დაწყებამდე გუნდს მიზნად ევროსაგზურის მოპოვება დავუსახე და ეგ თუ არ გამოვა, მეექვსე ადგილს დაბლა მაინც არ დავეშვათ, მეთქი. იმედი მაქვს, ამ ამბავს არც თავად ლორია უარყოფს. ბოლო ხუთ თამაშში კი გუნდმა სულ ოთხი ქულა მოიპოვა. დამეთანხმებით, როცა გუნდს მოსამზადებლად ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, შედეგიც შესაბამისი უნდა იყოს. კლუბის პრეზიდენტის მოთხოვნაც, რომ გურია ექვსეულში დამკვიდრებულიყო ან ევროზონაში მოხვედრილიყო, სავსებით ლოგიკური გახლდათ. ორი წელიწადია, შინ თუ სტუმრად, გურიას თამაში არ გამიცდენია, ვესწრები ვარჯიშებს, ფეხბურთით ვცხოვრობ, გუნდს წარმატებისთვის ყველა პირობას ვუქმნი და ცხადია, მოთხოვნებიც შესაბამისი მაქვს. გამოვიდეს აბა ლორია და თქვას, რომ რაიმე ითხოვა და ზაზა ურუშაძემ არ შეუსრულა. გუნდისთვის საჭირო ყველა თხოვნას ვუკმაყოფილებდი, კარგი შედეგი კი ვერ მივიღე... შედეგს თუ ვერც ახალი მწვრთნელი ხელში მივიღებ, ცხადია, მასაც მოუწევს პოსტის დატოვება. 

აქვს კი გურიას ევროსარბიელზე თამაშის პოტენციალი?

ეგ პოტენციალიც ხომ მწვრთნელმა უნდა გამოაჩინოს?! შედეგზე და თამაშის ხარისხზე პასუხისმგებელი სწორედ ის არ არის?! თემურ ლორიას ხელმძღვანელობით კი რასაც მიღწია გურიამ, ჩემპიონატის ცხრილიდანაც კარგად ჩანს. არადა, დღესდღეობით, გურიას მოსამზადებლად საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პირობები აქვს შექმნილი. გუნდი მატჩების წინ ურეკში, მაღალი დონის სასტუმროში ცხოვრობს, არის კარგი კვება, ხელფასები დროულად რიგდება, გვაქვს სამნაირი სათამაშო ფორმა, ჩინებული ეკიპირება... გუნდში უკრაინელი ლეგიონერები გვყავს და ისინი ამბობენ, რომ გურიაში ასეთ პირობებს არ ელოდნენ. მოკლედ, კლუბში ყველანაირი პირობა არის შექმნილი წარმატებული თამაშისთვის, მაგრამ თემურ ლორიას ხელმძღვანელობით გუნდი ამას ვერ ახერხებს. აი, მაგალითად, ერთ-ერთი მატჩს გურია ბოლო წუთამდე 1:0 იგებდა, მწვრთნელს კი შეცვლა არ ჰქონდა გაკეთებული და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ის შეხვედრა ფრედ დამთავრდა. ან მეორე მაგალითს გეტყვით, როცა მწვრთნელი არასწორად მოიქცა. ფეხბურთელი 20 წუთი ანიშნებდა, რომ ფეხი აწუხებდა და სირბილი უჭირდა. მწვრთნელმა ის არ შეცვალა და იმ მატჩში მეტოქემ ორი გოლი სწორედ იმ ფლანგიდან გაგვიტანა, საითაც ის ფეხმტკივანი ფეხბურთელი თამაშობდა. რაც ახლა ვთქვი, ეს ყველაფერი მწვრთნელის დაბალი კვალიფიკაციის შედეგია. თემურ ლორიას პირდაპირ ვუთხარი, რომ უმაღლესი ლიგის დონეზე ის ჯერ არ არის და სწავლა სჭირდება. ის კლუბიდან არ გაგვიშვია, შევთავაზე, რომ ბავშვებში გაეგრძელებინა მუშაობა. პასუხი ჯერ არ უთქვამს. 

თემურ ლორია აცხადებს, რომ წასვლას არ აპირებს, გურიასთან კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვსო...

კლუბის იურისტები ახლა სწორედ ლორიას კონტრაქტზე მუშაობენ და როგორც წესი და რიგია, მწვრთნელის გათავისუფლება იმ ფორმით მოხდება. თუ კომპენსაცია იქნება გადასახდელი მწვრთნელისთვის, ცხადია, კომპენსაციასაც გადავუხდით.

ვინ შეცვლის ლორიას, გიგლა იმნაძე?

ბათუმთან უახლოესი მატჩისთვის გუნდს სწორედ გიგლა იმნაძე მოამზადებს, მერე კი ვნახოთ... იმნაძე თუ დაგვთანხმდა, გუნდს მომავალშიც ის უხელმძღვანელებს. 

ლუკა თალაკვაძე