სიახლეები

პაპუნაშვილმა, ჯერ დინამოში უნდა დავამტკიცოო ...და თბილისში ბარსელონა დაპატიჟა

გაუზიარე
გიორგი პაპუნაშვილი ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, აგერ, ბოლო ტურში ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრაში დუბლიც შეასრულა და მოედანზეც საუკეთესო იყო. გიორგის გუშინ დავუკავშირდით... 

ჩემპიონატის დასაწყისში დინამო მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, ახლა კი, როცა ექვსი ტურიღაა დარჩენილი, აშკარაა, რომ პირველობა იოლი არ იქნება.

მართალია, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ერთხანს შვიდქულიანი უპირატესობაც გვქონდა, მაგრამ მერე არაერთ საშინაო შეხვედრაში დავკარგეთ ქულები, მაგალითად, ბათუმის დინამოსთან, გურიასთან, მერანთან და ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი ძალიან დაგვეძაბა _ ახლა ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს. 

ბოლოხანს დინამოში ბევრი ცვლილება მოხდა, გუნდი გაახალგაზრდავდა, ახალი გუნდის შენებას კი დრო სჭირდება. ოქროს მედლების გარეშე დარჩენის შემთხვევაში სეზონი წარუმატებლად უნდა შეფასდეს?

როგორც თქვით, გუნდი ახალგაზრდულია, ზოგი საერთოდ პირველ სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში და, ბუნებრივია, ეს გარკვეულწილად აისახა კიდეც შედეგზე. მაგრამ მიზანი მაინც მხოლოდ ჩემპიონობაა და ახლა სხვა რამეზე არც ვფიქრობთ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ადგილზე ვერ გავედით, ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, რადგან ახალი გუნდის შენებაა დაწყებულია, ეს კი წარმატებას აუცილებლად მოიტანს.

დინამომ რომ ახალგაზრდებზე გააკეთა აქცენტი, ეს არაერთი სპეციალისტისა და გულშემატკივართა უმრავლესობის აზრით, საჭირო ნაბიჯი იყო. შენი აზრი ამასთან დაკავშირებით...

რა თქმა უნდა, კარგია, დინამოში ახალგაზრდებს რომ გვენდობიან, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ კლუბში საფეხბურთო თვალსაზრისით ასაკოვანი, გამოცდილი ფეხბურთელი არ იყოს. მაგალითად, გუნდში იყვნენ ჩისკო და ხიზანიშვილი, რომელთაგან ახალგაზრდა მოთამაშე ბევრს ისწავლის. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ დინამო წლების განმავლობაში ვერ აღწევდა წარმატებას ევროარენაზე.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თქვენი კონკურენტები გორის დილა და ბათუმის დინამო არიან. რომელ მათგანს აქვს უფრო მეტი შანსი?

ორივე კარგი გუნდია, სხვანაირად, ჩემპიონობისთვის ვერც იბრძოლებდნენ, მაგრამ ახლა ჩვენი საფიქრალი არა ეს გუნდები, არამედ ჩვენი თამაშებია, რადგან საკმაოდ რთული კალენდარი გვაქვს, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე კი, ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს.

დღევანდელი დინამოელები საკმაოდ კარგად ფლობთ ბურთს, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე არც სისწრაფე გაკლიათ, ნაკლი კი, როგორც ყველა გუნდს, თქვენც გაქვთ და არაერთი. შენი აზრით, ყველაზე მეტი რაზე უნდა იმუშაოთ?

კონკრეტულად ხარვეზებზე ალბატ უკეტესად მწვრთნელები ილაპარაკებენ. მე კი იმას ვიტყვი, რომ ვარჯიშებზე მუდმივად იმაზე ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი სიახლე შევიტანოთ ჩვენ თამაშში.

საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული რომ ხარ, კარგია, მაგრამ, ალბათ, იმის სურვილიც გაქვს, რომ საკუთარი შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე მოსინჯო...

ასეთი სურვილი, ბუნებრივია, ყველა ფეხბურთელს აქვს და მაგის დროც მოვა. მაგრამ ახლა ჩემი პრიორიტეტი დინამოა, ჯერ აქ მინდა მოვიგო ჩემპიონატი, თასი და ამ კლუბში ვთქვა ჩემი სიტყვა.

ეროვნულ ნაკრებში უკვე ითამაშე, ახალგაზრდულ ნაკრებში კი ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევი.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ ახალ მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს და მთლიანად ნაკრებს. ჩემი მოვალეობაა, კლუბში ბოლომდე დავიხარჯო და თუ ეროვნული გუნდის მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის ჩემს მიწვევას, ვეცდები, ეს შანსი გამოვიყენო. ახალგაზრდულ ნაკრებს ზაფხულში ეწყება შესარჩევი ეტაპი და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით _ მარტო ესპანეთი რად ღირს _ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

შენი საუკეთესო პარტნიორი?

გიორგი აბურჯანია.

რომელ ნაკრებს გულშემატკივრობ, ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი?

ვქომაგობ არგენტინას, ფეხბურთელებიდან კი ლეო მესის გამოვარჩევ.

11 აგვისტოს თბილისში სუპერთასის მატჩია. რომელი გუნდების ნახვას ისურვებდი?

დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისში ბარსელონა გვესტუმრება.

პაატა ძნელაძე