სიახლეები

ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა, ლომაია ისევ დაშავდა

გაუზიარე

აზერბაიჯანში თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა და ქართველ მწვრთნელთა გუნდები გავარდნენ, თუმცა ჩვენიანის მიერ გატანილი გოლიც გამოერია.  ბაქოს ინტერს ნეფთჩისთან 0:2 ჰქონდა წაგებული და შინ 2:1 სძლია. გადამწყვეტი ბურთი 57-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა – ვარდნაში თავით. ბაჩანა აქტიური იყო და კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა. ალეკო ამისულაშვილს, ლაშა სალუქვაძესა და გიორგი ლომაიას არ უთამაშიათ (ტრავმების გამო), ბაჩანა ცხადაძე კი შეუცვლელად გაისარჯა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილები გავარდნენ. სიახლე ლომაიას ტრავმაა: გიორგიმ ვარჯიშზე მხარი დაიზიანა და ჯერ უცნობია, რამდენ ხანს ვერ შეძლებს თამაშს, ყოველ შემთხვევაში, დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ლომაია 25 აპრილს აზალის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ბაქოს ინტერს ამ დროისთვის 50 ქულა აქვს და ცხადაძის გუნდი მეორე ადგილზეა, ლიდერ ყარაბაღს 10 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის მხოლოდ თეორიული შანსიღა დარჩა. სამაგიეროდ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ინტერი ამჯერადაც მოიპოვებს ევროპის ლიგის საგზურს.

გავარდა გიორგი ჩიხრაძის სიმურგიც, რომელსაც ყარაბაღთან სტუმრად 0:1 ჰქონდა წაგებული, შინ კი 0:0 ითამაშა. ნამატჩევს ჩიხრაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: 

“პირველი შეხვედრაც დაძაბული იყო და დღევანდელიც. პირველ მატჩში უფრო მეტი საგოლე შანსი გვქონდა, დღეს კი ამდენი მომენტი არ შეგვიქმნია, მაგრამ გოლი გავიტანეთ და, სამწუხაროდ, მსაჯმა არ ჩათვალა. ძნელი სათქმელია, იყო თუ არა თამაშგარე. ეს ეპიზოდი ვიდეოფირზე უნდა ვნახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად ვითამაშეთ, გატანას ვცდილობდით. სამწუხაროა, რომ ფინალში ვერ გავედით~.       

აქვე, ლადო დვალიშვილზეც, რომელიც ისევ ოდენსეს დუბლებში თამაშობს.  ქართველი ფორვარდი ლუნგბიუს სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ გაისარჯა (ოდენსემ 1:0 მოიგო) და ისიც მხოლოდ პირველ ტაიმში. ახლა ოდენსე დანიის ჩემპიონატში 29 ქულით მეცხრე ადგილზეა და გატანილი გოლების რაოდენობით (25) ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელი აქვს. ამ სიტუაციაში მართლაც გასაკვირია, რატომ არ ეძლევა დვალიშვილს თავის გამოჩენის საშუალება. 

პაატა ძნელაძე