სიახლეები

გენკის ქართველთა ამბები - ოქრიაშვილი მზადაა, ზარანდია ორ კვირაში დაიწყებს

გაუზიარე

თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა და გენკის დუბლშემადგენლობაში ითამაშა კიდეც. გენკის სარეზერვოებმა ლიეჟის სტანდარდის სარეზერვოებთან 3:2 მოიგეს, 23 წლის ქართველმა შემტევმა კი პირველი ტაიმი გაატარა მინდორზე. შეგახსენებთ, ოქრიაშვილი 29 მარტს საქართველო-გერმანიის შეხვედრისას დაშავდა და შესვენებისას შეცვალეს, მას შემდეგ კი უთამაშებელი გახლდათ. 

რაც შეეხება გენკის მეორე ქართველს, ლუკა ზარანდიას, ის კვლავაც ტრავმას იშუშებს. თვეზე მეტია, რაც ზარანდია დაშავებულია და როგორც გაირკვა, ორ კვირაში ინდივიდუალურად ვარჯიშს დაიწყებს. ლუკას ბელგიის იუპიერ ლიგაში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, ამხანაგურებში კი ორი გოლი გაიტანა. 

სასურველი და მნიშვნელოვანია, ზარანდია 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდამდე გამოჯანმრთელდეს. ელიტრაუნდის I ჯგუფის შეხვედრები თბილისში გაიმართები, ქართველთა მეტოქეები კი ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან. ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი გავა.

ზარანდია გიორგი დევდარიანის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და იმედია, თბილისური მატჩებისთვის ვიხილავთ. ეგაა, პირველ თამაშს (ესპანეთთან 29 მაისს) მაინც გამოტოვებს, რადგან პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დისკვალიფიკაცია გამოჰყვა. 

ილია ნანობაშვილი