სიახლეები

ზესტაფონმა ზესტაფონს ფული არ მისცა, აპელაციის ვადა ერთი დღით შემცირდა

გაუზიარე

ფეხბურთის კლუბი ზესტაფონი არ დაშლილა, მაგრამ რა სახით, რა სტრუქტურითა და რა მიზნებით გააგრძელებს არსებობას, ეს ჯერ არც კლუბის მესვეურებმა იციან. ზესტაფონში ჯერ არც ის იციან, სადისციპლინო კომიტეტის 20 აპრილის გადაწყვეტილებას ჩემპიონატისდან მოხსნის თაობაზე, სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრებენ თუ არა. 

საფეხბურთო ზესტაფონი კი საკრებულოს გუშინდელ სხდომას ელოდა. კლუბში იმედოვნებდნენ, რომ საკრებულოს წევრები გუნდის ჩემპიონატიდან მოხსნის შემდეგ მაინც შეიბრეტყავდნენ ყურებს, მაგრამ არანაირი სიახლე _ ამ ეტაპზე კლუბ ზესტაფონის დაფინანსება უკანონობა იქნება, უკანონობას კი ჩვენ ვერ ჩავიდენთო, თქვეს და საკითხს კენჭი უყარეს _ 17 ხმით 13-ის წინააღმდეგ ზესტაფონის დაფინანსების მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს. დაფინანსების მომხრეები ითხოვდნენ, რომ ზესტაფონი საკრებულოდან ზუსტად იმ ფორმით დაფინანსებულიყო, როგორც ეს სამტრედიაში ხდება. გამარჯვებულებმა კი საკვირველად თქვეს, რომ სამტრედიაში კლუბი კანონდარღვევით ფინანსდებაო.

მოკლედ, ზესტაფონის ირგვლივ ისევ გაურკვევლობა და დავა-კამათია. კლუბის ხელმძღვანელობა კი მომავალზე საბოლოოდ დღეს-ხვალ ჩამოყალიბდება და შესაბამის განცხადებას გააკეთებს კლუბის მომავალზე. 

ლუკა თალაკვაძე